დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ტყვია“ ზურგში
2012/12/17 13:13:54

ამ ჩა­ნა­წე­რების ავ­ტო­რი, და­ვით ნემ­სა­ძე, 27 წლისაა. ქუ­თა­ი­სის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შემ­დეგ და­ამ­თავ­რა და­ვით აღ­მა­შე­ნებლის სახელობის გა­ერ­თი­ა­ნებული შტაბების სამხედ­რო აკა­დე­მი­ის საჰაე­რო თავ­დაც­ვის ფა­კულ­ტე­ტი. სხვა­დასხვა დროს მუ­შაობდა საჰაე­რო ძა­ლებში და სამხედ­რო პო­ლი­ცი­ის გან­სა­კუთ­რებულ და­ვა­ლებათა დე­პარ­ტა­მენ­ტში. და­ვით ნემ­სა­ძის ავ­ტობიოგ­რა­ფი­უ­ლი ჩა­ნახატები, რო­მელ­თაც მი­სი­ვე სა­კუ­თა­რი ილუს­ტრა­ციები აქვთ დარ­თუ­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­პუ­ლა­რობით სარ­გებლობს. დღეს ჩვე­ნი გა­ზე­თის მკითხველ­საც გა­ვაც­ნობთ ახალ­გაზ­რდა ავ­ტო­რის ჩა­ნა­წე­რებს.

 

 „ტყვია“ ზურგში

2007 წელია. დავით აღმაშენებლის სახელობის გაერთიანებული შტაბების სამხედრო აკადემიაში გადამდგარი პოლკოვნიკის, მეცნიერებათა დოქტორის, რამდენიმე წიგნის ავტორის, გურამ რუსეიშვილის ლექციას ვესწრებით.

ლექციის თემა სპეციფიურია - „სამხედრო ფსიქოლოგია“.

საინტერესო მთხრობელი ჰყავს საგანს - 75 წელს მიტანებული, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი. მშვიდი, მეგობრული, სულში ჩამწვდომი ხმით ადამიანის სოციალურ ფენომენზე საუბრობს, მის სულიერ ემოციურ ტრანსფორმაციებზე, ანუ რითი განირჩევა მცნება ადამიანი, პიროვნება და ინდივიდი ერთმანეთისგან, რა ასპექტები ავლებს მათ შორის წითელ პარალელებს და მიჯნავს გონიერებას, ემოციას, გენეტიკას, თვისებას და მიდრეკილებას ერთმანეთისგან. როგორ და რა დროს ზემოქმედებს გარემო ადამიანის სოციალური ფენომენის ჩემოყალიბებაზე და რა ზემოქმედებით მეთოდებს იცნობს კაცობრიობა ძალადობრივი, ფსიქო-სოციალური და ემოციური საშუალებების წნეხით ადამიანის ადამიანზე მოქმედებისთვის... მოკლედ, საუბარი ზედმეტად რომ არ გავაგრძელო, პოლკოვნიკ რუსეიშვილის ნაშრომები ზოგ შემთხვევაში საჯაროც არაა და მხოლოდ შეზღუდული ძალოვანი სტრუქტურული დანაყოფების პირად შემადგენლობას აქვს მისი გაცნობის კანონიერი უფლება. მთავრობის ახალი ინიციატივით, აკადემია პლეხანოვიდან სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის შენობაში გადაიტანეს, რუსთავის გზატკეცილთან ახლოს. კარადებში შემოდებული ქიმიური კოლბები თავისებურ აურას ქმნის ასეთი ზეადამიანური შემეცნებითი ლექციის დროს...
25 კაცი ვსხედვართ ლექციაზე, პოლკოვნიკს კი ხუთი კაცის მეტი არ უსმენს. უბრალოდ, გაჩუმებულები არიან იმის შიშით, დისციპლინის დარღვევაში არ დაგვედოს ბრალი და დათხოვნის საათები არ დავკარგოთო.

ალბათ, ყველას ვერ მოსთხოვ ასეთი საკითხების შესახებ თავისი სუბიექტური აზრის არსებობას, მაგრამ იმან, რაც მოხდა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

მეზობელი მერხიდან უკვე ერთ „ინსტიტუტდამთავრებულმა“ დიპლომიანმა, 28 წლის „ლეგენდამ“, რომელიც მეორე დიპლომის მოლოდინშია და პრეტენზია აქვს, პირად შემადგენლობასთან იმუშაოს, საწერკალამს გული გამოაძრო, პირით ქაღალდის ტყვია დანერწყვა და პოლკოვნიკს მელოტში შეაფურთხა, როდესაც ის ზურგით მისკენ იყო შებრუნებული.

ყველამ შენიშნა, მაგრამ ხმა არავინ ამოიღო, ირონიულმა ღიმილმა გადაირბინა ამ ბლაგვსახა ადამიანების სახეზე. პოლკოვნიკი, თითქოსდა ვერც შეიმჩნიაო, ჩვეულ რეჟიმში მიბრუნდა დაფისკენ. ისევ გაისმა პაპუასური შხუილი და კიდევ დაეწეპა პოლკოვნიკს მელოტში, ისევ უკნიდან, რა თქმა უნდა. ისევ გაგრძელდა ლექცია... ისევ გაიმეორა ბლაგვსახამ თავისი იდიოტური ქმედება... მაშინ პოლკოვნიკი მობრუნდა.
გულზე ხელი შემიძლია  დავიდო,  მას  „მსროლელი“ არ დაუნახავს, რადგან ამ პროცესს მშვენივრად ვაკვირდებოდი.
შორიდან მოუარა, ისევ მშვიდი, ჰუმანური ტონით საუბრობდა.

- რა განასხვავებს ადამიანს ცხოველისაგან? - დასვა კითხვა, შემდეგ თავად უპასუხა - გონება, სწორედ ესაა ადამიანი, მაგრამ, როდესაც ადამიანს გონება არ აქვს, ის ცხოველისგან არაფრით განსხვავდება. როგორ მეცოდებიან ვიტალურ საწყისზე დარჩენილი ადამიანები, მათ ხომ პიროვნებებთან და ინდივიდებთან შეხება არა აქვთ. რაა ადამიანი ამ ორი ასპექტის გარეშე? ცოცხალი, ნახევრად გონიერი, ბლაგვად მოაზროვნე, ლაპარაკის უნარის მქონე არსება!
ეს თქვა და „მსროლელს“ მიუახლოვდა, ოდნავ ბეჭზე შეეხო და უთხრა:

- წამოდექით, ახალგაზრდავ.

ბლაგვსახა, გაკვირვებული იმით, თუ როგორ მიაგნო, პოლკოვნიკის სიტყვას დამორჩილდა, - ახლა თქვენი ტყვიამფრქვევი ჩამაბარეთ.

ბლაგვსახამ დაშლილი პასტა გაუწოდა.

- ადამიანისათვის ზურგში „სროლა“ არამარტო შეუგნებლობის, არამედ ლაჩართა თვისებაა.

სიტყვები არა მაქვს, წინასწარ ბოდიშს ვიხდი აუდიტორიასთან, მაგრამ ერეგირებული ფალოსი ხართ, ახალგაზრდავ. - უთხრა და ლექციის კითხვა განაგრძო.

P.S. ამ ამბის მერე ბევრმა დრომ გაიარა. გარკვეული პერიოდი ვიმსახურე არმიაში, ბევრი ბლაგვსახა ვნახე, მაგრამ პოლკოვნიკის პროფესიაში დახელოვნება ბოლომდე ვერ შევძელი. შეუხედავად ბლაგვსახეებს ვერ ვცნობ... ზუსტად ასე ვუთხარი პოლკოვნიკს, როდესაც ის რამდენიმე წლის უკან ვნახე ეკლესიის გახსნაზე, სამხედრო აკადემიაში. თან ეს ისტორიაც გავახსენე.
მიპასუხა კაცთმოყვარე ნდობაში შემსვლელი ტონით: ბლაგვსახა შეცნობამდე უნდა შეიგრძნო. მას, რასაც ვერ იგრძნობ, ვერც შეიცნობ.

შემდეგ გაიცინა, ბეჭზე ხელი მომითათუნა და მითხრა: არა უჭირს, დრო გასწავლის იმის შეგრძნებას, რისი შეცნობაც გულით გწადია. მთავარია მონდომება და მიზნისკენ სწრაფვა. აი, რა არის ადამიანის გონების სავარჯიშო შრომისმოყვარეობა...

დავით ნემსაძე

 

 

 

 

 

 

 

მოგონება ღირსეულ ადამიანებზე, რომელიც ქართულმა მართლმასჯულებამ მოკლა!

 

კოლია, ნიკალაი, კოლკა... ეს მისი სახელია. ვინ იყო ეს ადამიანი? იქნებ - არავინ, იქნებ, ვიღაც იყო, იქნებ, ჰყავდა ოჯახი ან იქნებ - არა. ამას უკვე მნიშვნელობა არა აქვს. ის მიწამ შეჭამა. სამადლო საფლავი გაუთხარეს წვიმიან დღეს, აზელილი მიწა მიაყარა სახენაიარევმა მესაფლავემ. ჭიქა არაყი წაუქცია უცნობმა და უჯვარო საფლავი ამოავსო მისმა გაციებულმა გვამმა, წვიმიანი და ქარიანი დღის მიწურულს, როცა მზე ჩადიოდა. დაუტირებლად დაასაფლავეს გარდაცვალებიდან მესამე დღეს, უპატრონოთა სასაფლაოზე...

დედული მყავს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში, 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთით. იქ მიმაჩვიეს „მიწის სიყვარულს“. მოკლედ, ვიცი, როდის უნდა მოხნა, დათესო, გათოხნო, დაამოროდო, კულტივაცია გაუკეთო, მოწევის სეზონისას როგორ აჭრა ან შეკონო სიმინდი... სანამ გამოტეხავდე და გააშრობდე, კიდევ ერთ-ორ საშრომ პროცედურას გაივლის. მოსავლის აღების დროს მომხმარეს ეძებს ყველა. სწორედ ამ დროს გავიცანი ნიკალაი, იგივე კოლკა, ჩია ტანის კაცი, მარჯვენა ფეხით ინვალიდი, ძლივს მიათრევდა ფეხს, როცა ხარებს უძღვებოდა. ყოველი კვალის გავლისას სიმწრით ამოიოხრებდა და მარჯვენა ხელით მტკივან ფეხს ისწორებდა. სიმწრის ცხოვრება გაჰქონდა იმის იმედით, რომ სამუშაოს დასრულების შემდეგ ვარდისფერ ღვინით გაიქარვებდა გულის დარდს. საუბრობდა რუსულად, უკრაინულად, ფრანგულად, გერმანულად, ინგლისურად და გატეხილი ქართულით.

დედამ მითხრა, რომ ნიკალაი საბჭოეთის დროს მისი მკითხველი იყო წყალტუბოს კურორტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. ის ენციკლობედიურად განათლებული ადამიანი გახლდათ, აგრეთვე დედანში კითხულობდა გოეთეს, ო ჰენრის, სტენდალს და მოპასანს.

ჩია ტანის კაცს გამოველაპარაკე. საკმაოდ კეთილი ჰაბიტუსის პიროვნება აღმოჩნდა. რაც უფრო დიდ დროს ვატარებდი საუბარში მასთან, მით უფრო მრცხვენოდა ჩემი უწიგნურობის. მახსოვს, მირჩია, წამეკითხა ჰიუგო, ბალზაკი, რემარკი, თომას მანი და მაქს ფრიშის „ჰომო ფაბერი“. მოკლედ, დავმეგობრდით.

გაიარა რამდენიმე წელიწადმა. ხშირად ჩავდიოდი დედულეთში. მოუწესრიგებელ ორღობეში ჩემს წინ ცოცხლდებოდა თანამედროვეობის ლეგენდა - ოტია იოსელიანი, რომელიც თავისი ხელით აკავებდა იმერულ მეჩხერ ორღობეს ეკლის ხის სარებით...

მდინარის გაღმა ნახევარ ჰექტარიან ყანას ვამუშავებდით მე და ნიკალაი. საქმეს რომ მოვრჩით, წავიხემსეთ.

- ნიკალაი, კარგი კაცი ხარ, შენს შესახებ კი არაფერი ვიცი. არ გინდა, რამე მომიყვე? - ვკითხე.

- საინტერესო არაფერი მაქვს მოსაყოლი, ყმაწვილო, მოსაწყენი ცხოვრება განვვლე. - მიპასუხა ღიმილით.

- შენზე ამბობენ, ავღანეთში ყოფილხარ, მართალია? - შევეკითხე ცნობისმოყვარე ტონით.

- მასეა. - მიპასუხა ნაძალადევად.

- აფხაზეთშიც ომობდი? - კვლავ ვკითხე ბავშვური ცნობისმოყვარეობით.

- ვინ გეუბნება ასეთ ამბებს? - მიპასუხა ჰუმანური ღიმილით.

- დედამ მითხრა.

- მე მეგონა, დედები შვილებს უფრო საინტერესო ამბებს უყვებოდნენ, - თქვა და ისევ კეთილად გაიღიმა.

ორი ლიტრა შავი ღვინო ნიკალაიმ თითქმის მარტო დალია, სადღეგრძელოების გარეშე. მე ვეკითხებოდი და ვეკითხებოდი...

- მომიყევი რა, მომიყევი, როგორია ომი.

ბოლოს მაინც ამოიღო ხმა, ეტყობა, მოგონებების ტალღამ იმოქმედა მასზე, შუბლზე ოფლდასხმულმა, შეზარხოშებულმა დაიწყო:

- ომი სულაც არაა ისეთი, როგორსაც შენ უყურებ კინოფილმებში. არც გმირად გახდომას გეგმავს არავინ. ომი ბოროტებას და სიკვდილს ბადებს. ომს თავისი კანონები აქვს და მისი სამართალი სიკვდილია, ღამის განსასვენებელი კი ცივი სამარე. დღეს აქ იცინი, ხვალ იქ კვდები, შემდეგ ისევ იცინი, შემდეგ ისევ კვდები. ერთი საათი ათ საათად გეჩვენება, როცა ტყვიების წყვიმაში ექცევი, რაღაც ღირებულებებისთვის ებრძვი ადამიანს, რომლის მოკვლაც, შესაძლოა, არც გინდოდეს. ან, მისი სიკვდილი რომ გაგეგო მშვიდობიანობის დროს, შეიძლება, დიდი ტრაურით შემოგევლო მისი ცხედრისთვის პანაშვიდზე. ომი უტოპიაა, შვილო. იქ პოლიტიკოსები თავიანთ გადაწყვეტილებებს ამართლებენ, ხოლო მოგვიანებით ამას სახელებს არქმევენ: ტერიტორიული მთლიანობა, გენოციდი, ეთნოწმენდა და ასე შემდეგ. ომს არასდროს ჰყავს გამარჯვებული, არასდროს...

- სნაიპერიდან გისვრია? დიდზე გააქვს? - ვეკითხები პასუხით დაუკმაყოფილებელი.

- კი, მისვრია. - მიპასუხა მოჭრილად.

- კოლია, სულ რატომ სვამ, მის გარეშეც ხომ შეგიძლია იცხოვრო?

- არა, არ შემიძლია, - მიპასუხა თითქოს ბურუსში მყოფმა.

- რატომ? - ჩავაცივდი.

- მახსოვს, ავღანეთში ვიყავი, ბრძანება მქონდა, ცეცხლი გამეხსნა, მაგრამ ეს ვერ გავაკეთე...

- რატომ არ ესროლე, კოლია? - გავჯინიანდი მე.

- იმიტომ, რომ შენი ასაკის ბავშვები იყვნენ. მე ეს პირველად ვერ გავაკეთე. შენ მეკითხები, თუ რატომ ვსვამ ღვინოს. იცი, რატომ ვსვამ? არა, ეს კაიფი არ არის, სულაც არ არის კაიფი. ღვინოს იმიტომ ვსვამ, თუნდაც წუთიერად დავინახო ცხოვრება ვარდისფერი სათვალეებით. გინდა, კარგი რჩევა მოგცე? არასდროს იარაღი არ აიღო ხელში და სხვისი იდეებისთვის არ იბრძოლო. შენი იდეების განსახორციელებლად კი სხვა ბრძოლის მეთოდები გამონახე, უფრო მშვიდი და უსაფრთხო.

- შენ ხომ მშვიდობისთვის იბრძოდი, ნიკალაი!

- მშვიდობა სადაა, ხომ არ მაჩვენებ? მშვიდობა მაშინ დგება, როცა სულიერ სიწყნარეს მოიპოვებ და დაფასებას იგრძნობ. მერედა, დაფასება სადღაა? მე ხომ საკუთარი სახლიდან გამომაგდო მეზობელმა მხოლოდ იმიტომ, რომ ლოთი ვარ...

- ეგ როგორ? - ვუპასუხე გაკვირვებულმა.

- ეგ ისე, ჩვეულებრივ... როცა ვარდისფერი სათვალეებით უყურებ ცხოვრებას, ხელსაც იოლად აწერ ქაღალდებს. რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, სამოთახიან ბინაში იცხოვრებ, თუ მეზობლის სარდაფში, ცხოვრება მწარე პახმელიაა, შვილო, „რაც უფრო მეტი კანონია, მით ნაკლები სამართალია“. გეტყობა, რომ პლუტარქეს „ციცერონი“ არ წაგიკითხავს. ჰოდა, წაიკითხე აუცილებლად! - ირონიულად ჩაიღიმა, - ახლა ადექი და სახნისი შემადგმევინე ურემზე, საცაა, მზე ჩავა...

p.s. ისე მოხდა, რომ მის შემდეგ საგამოცდო პროცესებით დავკავდი, დედულშიც არ ჩავსულვარ. მოგვიანებით გავიგე, რომ ნიკალაი დააპატიმრეს, ბრალად დასდეს, რომ თითქოსდა მეზობლის ბინა გატეხა: მეცხრე სართულიდან თოკით ჩაეშვა მეექვსე სართულის აივანზე და მაცივარი გაიტანაო. დანაშაული მარტო ჩაიდინა და, რაც მთავარია, ბრალი აღიარაო.

ინვალიდი კაცი, რომელიც ძლივს დააბოტებდა, ბერლინიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრას შეეწირა. მან თავი ციხეში ჩამოიხრჩო.

თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. მეზობლებმა ის სარდაფი მაჩვენეს, სადაც ნიკალაი ცხოვრობდა. კედელზე ლათინური წარწერა ვნახე, მისი ტიპური შრიფტოლოგიით: „არ მინდა სამოთხეში მოვხვდე, მინდა ჯოჯოხეთს ვეზიარო, რათა საკუთარი თვალით ვიხილო, როგორ იტანჯებიან პოლიტიკოსები და მოსამართლეები. ნიკოლო მაკიაველი.“

 

დავით ნემსაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2447
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია