დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის 7 ათასამდე ნივთისათვის საექსპონატო სახლია საჭირო!
2012/12/12 14:50:25

თითქმის ყოველწლიურად მიწევს სხვიტორში მისვლა, ძირითადად - ტურისტულ ჯგუფებსა და ექსკურსანტებს მივყვები. სავანის აკაკი წერეთლის ძიძის, მანო სადუნიშვილის, კარ-მიდამო ისეა მოვლილი, როგორც დიდი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახელს შეეფერება, მაგრამ თავად სხვიტორს აკლია მოვლა-პატრონობა.

 

 

მახსოვს, ბავშვობის დროს სხვა დოქი იდგა აკაკის საძინებლის ფანჯრის რაფაზე, ახლა - სხვა დევს. გაუძარცვავთ ბნელ და განუკითხავ დროს სახლ-მუზეუმი. ძირითადად ის ნივთებია გატანილი, რომელსაც მატერიალური ფასეულობა ჰქონდა მძარცველების თვალში.

უნიკალური წიგნები, საყოფაცხოვრებო ნივთები და აკაკის პირადი ნივთები შემორჩენილია. დროდადრო ამ ექსპონატების რესტავრაციაც გაუკეთებიათ, მაგრამ სამუზეუმო ნივთების შესანახავად მაინც სხვა გარემოა საჭირო.

7 ათასამდე ექსპონატი (მათ შორის - როიალიც) დამთვალიერებლებისათვის მიუწვდომელია, რადგან დარბაზებში მათი გამოტანა და გამოფენა მთელ რიგ უხერხულობას ქმნის, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ექსპონატთა სიუხვეს ვერ დაიტევს წერეთლების სასახლე.

მართალია, ამ ბოლო პერიოდში ისეთი აღტკინებით აღარ საუბრობენ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მაგრამ საჩხერეში ჩამოსული ადამიანისათვის საჩხერის სავიზიტო ბარათად ქცეული სხვიტორი ბევრად უფრო საყურადღებოა.

ძალიან გამიკვირდა, როცა ბიძინა ივანიშვილის მიერ არ იყო ის შენობა დასრულებული, რომელიც მდინარე ჩიხურას ნაპირზეა და თავიდან განსაზღვრული გახლდათ ექსპონატების შესანახავადაც და გამოსაფენადაც. რასაკვირველია, ყველა ექსპონატის იქ გადატანა არ მოხდებოდა, მაგრამ ძალიან ბევრი ნივთი სათანადო პირობებში შეინახებოდა და რესტავრაციაც აღარ დასჭირდებოდა.

მუზეუმის თანამშრომლები დაფინანსების ფარგლებში ახერხებენ ბროშურების და პოსტერების გამოცემას,  ლიტერატურული ღონისძიებების ჩა-
ტარებას, თუმცა ეს მაინც ვერ იცავს აკაკის სახელთან დაკავშირებულ ძვირფას ნივთს და ზოგიერთი ექსპონატი სამზეოზე ვერ გამოაქვთ!

ერთ-ერთი ჯგუფის მიყვანის დროს მუზეუმის თანამშრომელმა დამთვალიერებლებს გამოგვიცხადა, რომ იქნებ დაწყებულიყო  თანხის შეგროვება საექსპონატო სახლის კეთილმოწყობისათვის... მაგრამ ამის ორგანიზება ვერავინ მოახერხა.

ივანიშვილის ყურამდე არ ან ვერ მიიტანეს, ალბათ, თორემ მისთვის ამ შენობის ექსპლოატაციაში გაშვება, ალბათ, დიდი სურვილიც იქნებოდა და არც კაპიკების მოთვლას დაიწყებდა.

საჩხერეში, როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, მოდინახეს აღდგენას აპირებენ. ამ ისტორიული ძეგლის აღდგენა მამულიშვილური საქმეა, მაგრამ მოდინახეს აღდგენა ბევრად უფრო მოიცდის, ვიდრე წერეთლების სასახლის ექსპონატები.

„პოსტსკრიპტუმი“ ამ საკითხზე საჩხერის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ინგა ზაბახიძეს ესაუბრა:

- სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ არ გაგვაჩნია ამის შესაძლებლობა. მართალია, ტურისტული თვალსაზრისით, ეს ძალიან საჭიროა, მაგრამ, კურორტი კვერეთის მსგავსად, ჯერ ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ.

მიმდინარე წლის ბიუჯეტში გამოთავისუფლებული თანხები, ძირითადად, საბავშვო ბაღების აშენება-რეაბილიტაციას უნდა მოვახმაროთ, მომავალი წლის ბიუჯეტი ჯერ კიდევ დაუმტკიცებელია, თუმცა საკრებულო ფიქრობს, რომ გაისად სოციალური საკითხების მოგვარებას უნდა დავუთმოთ დიდი ყურადღება.

საინტერესოა, იმ წლებში, როცა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იყო პრიორიტეტული, რატომ იხარჯებოდა საჩხერეში პოლიციისათვის საკმაოდ დიდი თანხები? მიმდინარე წლის ბიუჯეტში წერია, რომ პოლიციას, საერთო ჯამში, უნდა დარიცხოდა 157 300 ლარი, აქიდან საჩხერის „კუდისათვის“ - 32 600 ლარი. მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში კი ეწერა, შესაბამისად, 133 600 და 23 700 ლარი! როგორ შეიძლება, მუნიციპალური ბიუჯეტით თუნდაც „კუდის“ დაფინანსება? - აღნიშნა ინგა ზაბახიძემ.

 

როლანდ ხოჯანაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1964
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია