დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვაჟას ქამარი წყალტუბოში ინახება
2012/12/12 14:46:21

„მამაჩემის ნაქონია, ურიგო კაცის ნახმარი არ გეგონოს“, - მითხრა ვახტანგ რაზიკაშვილმა...

 

გასული წლის ნოემბერში ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ წყალტუბოში ღირსებითა და ტრადიციულობით გამორჩეულ ოჯახში, რომლის თავკაცი გახლდათ მღვდლის ოჯახში აღზრდილი იუნკერი, დემოკრატიული საქართველოს ერთ-ერთი მამაცი მებრძოლი, სპეციალობით ჰიდრო გეოლოგი (ცნობისთვის: ბენო გორდეზიანის ძმა და რისმაგ გორდეზიანის ბიძა!) ამბროსი პავლეს ძე გორდეზიანი, ინახება ვაჟა-ფშაველასეული ქამარი.

ამის შესახებ გასული საუკუნის 60-იან წლებში წყალტუბოს რაიონულ გაზეთშიც დაბეჭდილა ახალგაზრდა მასწავლებლის, პოეტ ნოდარ გედენიძის ჩანახატი „ვაჟას ქამარი“. ამ სტატიის გაცნობა და ქამრის ირგვლივ ახალი ამბის გაგება, ალბათ, ინტერესმოკლებული არ იქნება გაზეთ
P.S.“-ის მკითხველებისათვის.

 

 

ვაჟას ქამარი

 

ვერ მოვისვენეთ, მისვლა გადავწყვიტეთ და ერთ დღეს სანატორიუმ „სამგურალის“ მეზობლად მდებარე საცხოვრებელი სახლისკენ გავეშურეთ.

... კარები თვალებცქრიალა გოგომ გაგვიღო.

ოჯახის უფროსი ვიკითხეთ.

- მობრძანდით, სახლშია! - შეგვიპატიჟა ქალიშვილმა, - მამა ამწუთში გეახლებათ!

მისაღებში შევედით, ოთახი სადად იყო მორთული, არაფერი გადაჭარბებული, არაფერი ბრჭყვიალა. მალე ჩვენთან, ჟურნალით ხელში, მაღალი, ბრგე, ხანში შესული კაცი შემოვიდა. აგვხედ-დაგვხედა, მოგვესალმა.

ჩვენი მისვლის მიზეზი ვუთხარით.

- საიდან გაიგეთო? - გაუკვირდა. სკამებზე ჩამოვსხედით.

მასპინძელი არაფერს ამბობს, დუმს.

გვესმის მისი გულის ბაგა-ბუგი, მკერდი აუდის და ჩაუდის.

„ეს რას ნიშნავს?“ - ვეკითხები ჩემს თავს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ მოზღვავებული სათქმელი ბობოქრობს, ამოსვლას ლამობს,“ - თითქოს მპასუხობს მეგობარი.

- 1911წელს, - დაიწყო მასპინძელმა მღელვარე ხმით - თელავის პროგიმნაზიაში ვსწავლობდი. ბინად რაფიელ ერისთავის ძმასთან, ნუგზართან ვიყავი...

შესვენება იყო. გიმნაზიის ეზოში ვთამაშობდით.

ვიღაცამ დაიძახა, ვაჟა მოდისო. ეზოში ჩოხაში გამოწყობილი, მხარზე ხურჯინით, საშუალოზე ცოტა მაღალი ტანის კაცი შემოვიდა.

- მართლა ვაჟა მოსულა! - იყვირეს ბავშვებმა და თავპირის მტვრევით ჭიშკრისაკენ გაიქცნენ.

ყველას მოგვეხალისა პოეტი. ქისტაურში რაფიელ ერისთავის საფლავი ცუდ მდგომარეობაში ენახა. აღელვებული ჩანდა: რაღაც უნდა ვიღონოთო... დაგვემშვიდობა და წავიდა.

დაუვიწყარია ჩემთვის ის წუთები. იმდროინდელი საქართველოს ბუნებისა და ხალხის გულის ძგერა ისმოდა ვაჟა-ფშაველას ხურჯინიდან - ახლა მაგონდება დიდი ილიას ნათქვამი: „დიდ ბუნებოვანი კაცი იმითაც არის შესამჩნევი, რომ რომელი მხრიდანაც არ უნდა მოუარო, ლამაზი სანახავია...“

მართლაც, ყოველ მხრივ ლამაზი იყო ვაჟა, ვღელავდით...

ამბროსი განაგრძობდა:

- ვაჟამ მეორედ გამოიარა, რაფიელის საფლავის რკინის მოაჯირისათვის შეგროვილი ფული გადავეცით...

იმხანად ჩემი ძმის მეშვეობით გავიცანი ვაჟას შვილი ვახტანგი.

გავიდა დრო. მე წყალტუბოში დავფუძნდი ოჯახით.

1933 წელს ჩვენთან ჩამოვიდა ვახტანგი და ისვენებდა ახლანდელ სანატორიუმ „რიონში“. ხშირად ვიყავით ერთად, დადიოდა ჩემთან სახლში სტუმრად.

გაცილებისას მან რაღაც შეხვეული გადმომცა:

- ეს ჩვენი მეგობრობის სამახსოვრო იყოს, მამაჩემის ნაქონია, ურიგო კაცის ნახმარი არ გეგონოს, - მითხრა და გაეღიმა.

ბატონი ამბროსი წამოდგა, კარადის ქვედა უჯრიდან ქაღალდში შეხვეული რაღაც ნივთი ამოიღო და გაშლა დაუწყო.

გაფაციცებით შევცქეროდით ხელებში.

- ქამარი, ვაჟას ქამარი! - შევძახეთ და წამოვდექით.

დიდხანს ვატრიალეთ ხელში, ქამარს სამ ადგილას ოქროთი ნაჭედი კაზმულობა აქვს.

- ვინ იცის, რამდენჯერ შეხებია ვაჟას მადლიანი ხელი ამ ქამარს... რა კარგია, რომ მადლიანი კაცის ხელში მოხვედრილა და ასე სათუთად შეუნახავს... სამუზეუმო ნივთია! - ჩაილაპარაკა მეგობარმა.

- დიახ, სწორედ მუზეუმისთვის შემოვინახეთ - თქვა მასპინძელმა.

ვაჟას ქამარი ახლაც თვალწინ მიდგას.

ნოდარ გედენიძის სტატია

(ოდნავ შემოკლებით):

 

***

ბატონი ამბროსის შვილმა, პავლე გორდეზიანმა, მომაწოდა ნოდარ გედენიძის ეს სტატია და მიამბო ისიც, რისი გამხელაც იმ დროს ტაბუდადებული იყო:

30-იან წლებში წყალტუბოში, სანატორიუმ „რიონში“, დროებით საცხოვრებლად განთავსებული გახლდათ კურორტის მომსახურე ტექნიკური პერსონალი. მათ შორის იყო ჰიდროგეოლოგ ამბროსი გორდეზიანის ოჯახი. ადრე, 20-იან წლებში, ყოფილი იუნკერი ამბროსი გორდეზიანი თურმე მუშაობდა ონის მილიციის უფროსად, პარალელურად, დუშეთის მილიციაში კი, - ვაჟა-ფშაველას უფროსი ვაჟი ლევან რაზიკაშვილი. ისინი კარგად იცნობდნენ ერთმანეთს.

1933 წელს ვაჟას უმცროსი შვილი ვახტანგ რაზიკაშვილი ისვენებდა წყალტუბოში, სანატორიუმ „რიონში“. ბუნებრივია, მასაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა მამაჩემთან. ამიტომ ჩვენს ოჯახში ინახავდა თურმე ჩოხა-ახალუხს და ქამარ-ხანჯალს - ფშაველის განუყრელ აღკაზმულობას.

ვახტანგთან ერთად სანატორიუმის ოთახში სხვებიც ცხოვრობდნენ.

მათ შორის ყოფილა ვინმე მამულოვი, მაშინდელი უშიშროების თანამშრომელი.

როცა ვახტანგის გვარი გაუგია, სხვათა შორის უთქვამს: „ერთი ამ გვარის კაცის ლიკვიდაციაში მეც ვღებულობდი მონაწილეობასო“. ეს ამბავი ვახტანგის ყურს მისწვდომია. იგი გაცეცხლებული მივარდნილა ამბროსისთან და თავისი ხანჯალი მოუთხოვია. - „ჩემი ძმის მკვლელს როგორ ვაცოცხლებო!“ დინჯ რაჭველს რის ვაი ვაგლახით დაუმშვიდებია აღელვებული ფშაველი. ამასობაში მამულოვი საჩქაროდ გასცლია წყალტუბოს.“

P.S. როცა პავლე გორდეზიანმა სათუთად შეხვეული და დიდებულად დაცული დიდი მგოსნის ქამარი მომიტანა ფოტოს გადასაღებად, მეც ისეთივე გრძნობა დამეუფლა, როგორიც, დაახლოებით, 50 წლის წინათ - ბატონ ნოდარ გედენიძეს და მის მეგობარს.

მჯერა, რომ უნიკალურ ნივთს რუდუნებით მოვლა და პატივი არასდროს მოაკლდება. ჩვეულებას, რომელიც, როგორც იტყვიან, რჯულზე უმტკიცესიაო, ღირსეულად გააგრძელებს პავლეს ვაჟი - შესანიშნავი ახალგაზრდა გიორგი გორდეზიანი და შემდეგ მისი შთამომავალნი... „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი,“ თუმცა სახსოვარსაც გააჩნია.

 

ნინო ლექვთაძე,

ქ. წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელოვნებათმცოდნე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2106
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია