დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ორმოცდაათი მეტრი აფხაზეთამდე და ნაციონალური სამზარეულოს ფესტივალი
2012/12/03 12:35:43

25 ნოემბერს, აფხაზეთიდან, დაახლოებით, 50 მეტრში, სოფელ ხურჩაში, ნაციონალური სამზარეულოს ფესტივალი გაიმართა.

 

ასოციაციამ „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“, ქართულ-აფხაზურ-ოსურმა კოალიციამ, საზოგადოება „ზუგდიდელმა“, ბიზნესისა და განვითარების კავკასიური ქსელის თბილისის ოფისმა, ორგანიზაცია „გალი-დღე ხვალინდელმა“, სათემო ცენტრმა „ხურჩამ“ და სხვებმა, ენგურს გაღმა მდებარე სოფელ კოკის თემში შემავალ ხურჩაში, ერთად ჩაატარეს ნაციონალური სამზარეულოს ფესტივალი. წარმოადგინეს ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში ერთად მცხოვრები ხალხის, ეროვნებების და ეთნიკური ჯგუფების: ქართველების, აფხაზების, ოსების, აზერბაიჯანელების, სომხების, ბერძნების, თურქების, რუსების, უკრაინელების, ებრაელების ტრადიციული ნაციონალური სამზარეულო. ფესტივალს სტუმრობდნენ: საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მითუმეტეს, როცა ხურჩაში ვიმყოფებით! ასეთი ტიპის ღონისძიებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს კავკასიელ ხალხებს, და ეს ერთობა არა მარტო სამზარეულოში, კულტურაშიცაა. ჩვენი გაყოფა სასაცილოა, როცა ამდენი ერთობა გვაქვს სხვა მიმართულებითაც,“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას რეინტეგრაციის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.

ფესტივალის ძირითადი მიზანი გახლდათ, საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ ტრადიციული სამზარეულოს და რაციონალური კვების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების და სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის, რაც ყოველთვის იყო, არის და იქნება ხალხთაშორისი მუდმივი დიალოგის საგანი.

ალუ  გამახარია,  ასოციაცია                  „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ თავმჯდომარე: „დღეს, როგორც ხედავთ, ხურჩაში მოეწყო ეროვნული სამზარეულოს ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობენ მეზობელი ქვეყნებიც, ხურჩა ავირჩიეთ იმიტომ, რომ ადვილად ჩართულიყო აფხაზური მხარე, უფრო ადვილი გადმოსასვლელია აქ.

თითქმის ყველა კუთხეა ჩამოსული. ჩვენი მიზანია, ქართველები დავფიქრდეთ ხურჩიდან - თუ როგორ ვიცხოვროთ მომავალში. სამზარეულო ისეთი მიმართულებაა, რომელიც ყველას აერთიანებს. პირველად არ გვესმის ჩვენ მეგობრებისგან, კოლეგებისგან: მოდი, გავაძლიეროთ ის სფერო, რომელიც არ არის პოლიტიკური და, რომელიც არავის შეუქმნის დისკომფორტს, ამიტომაც ვართ დღეს აქ.“

ფესტივალზე მუშაობდნენ მეცნიერები, ექიმები, დიეტოლოგები, გერონტოლოგები, ექსპერტები და სხვა მომიჯნავე სფეროს სპეციალისტები.

იქ შეკრებილი ადამიანები ერთმანეთს უზიარებდნენ აზრს იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენდა წარმოდგენილი კერძები ადამიანის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობაზე. კმაყოფილებას არ მალავდნენ ხურჩაში მცხოვრებლებიც.

ლია არქიდავა: „პირველად ტარდება მსგავსი ღონისძიება, ძალიან გახარებული ვარ. თითქმის მთელი საქართველო აქაა, როგორც ხურჩის მკვიდრისთვის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი. არ ვიცი, რა გითხრათ, ისეთი კარგია ეს ყველაფერი.

ფესტივალის მონაწილეებმა გამოავლინეს მათ მიერ მოწონებული კერძები. მეცნიერებმა წარმოადგინეს საინტერესო რეკომენდაციები რაციონალური კვების ზოგიერთ დეტალზე. ფესტივალმა საზოგადოებას შეახსენა ჰიპოკრატეს მუდმივად აქტუალური ოცნება, რომ: „საკვები იყოს წამალი და წამალი - საკვები.“

„ეს ფესტივალი ძალიან საპასუხისმგებლოდ ჩავთვალეთ ჩვენ და ნამდვილად ასეა. ვემზადებოდით იმისთვის, რომ კარგად წარმოგვეჩინა იმერული სამზარეულო, რამდენად შევძელით, ალბათ, ჩვენი შეფასების ფურცელშია ეს ასახული, ასეთი ღონისძიებები ხშირად უნდა ჩატარდეს, რათა აღდგენილი იქნას ჩვენი ურთიერთობები,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს პროფესორმა გულიკო ხეცურიანმა, რომელიც ფესტივალზე იმერულ სამზარეულოს ერთგვარ პოპულარიზაციას უწევდა.

შეხვედრას სხვებთან ერთად გურულებმაც შემატეს თავიანთი სამზარეულო:

„ეს ფესტივალი ყველასთვის, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ჩვენი, გურული ტრადიციული კერძები წარმოვადგინეთ. მნიშვნელოვანია საქართველოს თითქმის ყველა კუთხის შეკრება ამ ადგილზე, რადგან აფხაზეთთან ძალიან ახლოს ვართ, როგორც ყველა ქართველის, ჩვენი სურვილიცაა, დავიბრუნოთ აფხაზეთი,“ - გვითხრა ციცი კუპრაშვილმა.

ჩვენ შევეცადეთ, აფხაზებისთვის კომენტარი გვეთხოვა, თუმცა მედიასაშუალებებთან ურთიერთობაზე მათ უარი განაცხადეს.

ფესტივალს უწინასწარმეტყველებენ, რომ ის გახდება ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ხალხთაშორისი მეგობრობისა და კულტურის დაახლოებისაკენ მიმართული ნაბიჯი.

გამოიცემა ქართულ-რუსულ-ინგლისურენოვანი ბროშურა, რომელშიც აღწერილი იქნება ფესტივალზე წარმოდგენილი კვების პროდუქტების და კერძების გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2048
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია