დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბაგრატის ტაძრისა და შუშის პარლამენტის კულტურულ-სიმბოლური გამოხატულება
2012/12/03 12:27:19

ქალაქის ცენტრის უნიკალურობას განსაზღვრავს არა მხოლოდ ღირსშესანიშნაობა, არამედ - მისი დანიშნულებისა თუ ფორმის მიმართ შექმნილი დამოკიდებულების არჩევანი. ასე იყო ყოველთვის და ამიტომ იყრიდნენ თავს მის ცენტრში, მეტწილად, ღირებული არქიტექტურული ნაგებობანი. უამრავი გამოკვლევის მიხედვით, დამთვალიერებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველთვის ცდილობს, „ცენტრში მოხვდეს“ და შეიცნოს მისი ატმოსფერო.

 

სოციალურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მნახველთა ცნობიერებაში ქალაქზე შთაბეჭდილება მისი ცენტრის მიხედვით იქმნება. გარდა ამისა, ისტორიულ დროსაც დიდი როლი ეკისრება.

ახლანდელი ქუთაისი შესამჩნევად განსხვავდება ძველისაგან. ამიტომაც, ხშირად,   ყურადღება  მახვილდება  „ცენტრის ცენტრზეც“, მით უმეტეს - იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ნაგებობა რაიმე ნიშნით სხვებისაგან გამოირჩევა.

ევროპის ქალაქებში უმეტესად შეხვდებით ორელემენტებიან სიმბოლურ ცენტრს. ქალაქის დიდებას იქ კათედრალური ტაძარი განასახიერებს. ასე, მაგალითად, ფლორენციის თავზე ბატონობს სანტა მარია დელ ფიორტეს ტაძრის გუმბათი; კელნის მისადგომებთან მოჩანს ტაძარი, რომელიც დღესაც კი თანამედროვე შენობებს ზემოდან გადმოჰყურებს. იგი საიმედო ორიენტირის ფუნქციას ასრულებს ნებისმიერი წერტილიდან. სიმბოლური ცენტრი სულიერ ფასეულობას წარმოაჩენს. სწორედ ამიტომ მისი გათვითცნობიერება მოითხოვს არა მხოლოდ წარსულის ფორმალურ თაყვანისცემას, არამედ - შემოქმედის თვითგამოხატვის თავისუფლების მიმართ მოკრძალებასაც. ის, რაც ანტიკური ხანის რომაელთა მიერ „ადგილის გენიად“ იწოდება, სიმბოლურ ცენტრად მიჩნეული ბაგრატის ტაძრის არსში ნიშნეულად დომინირებს.

იმერეთის კათედრალი წარმოადგენს ოშკის ტაძრის სამშენებლო - არქიტექტურული პრინციპების შემდგომი განვითარების ნიმუშს. მისმა აღდგენამ არაერთგვაროვანი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. „კოსმეტიკური“ ელემენტებით ტაძრის „გაკეთილშობილებაზე“ ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან, მსოფლიო პრაქტიკით, ყოველი არქაული ნაგებობის განახლება ორიგინალის სიზუსტითაა მიზანშეწონილი. ისმის კითხვა: კვალად აშენებული კათედრალი არის იდენტური ბაგრატ მესამის დროს, 1003 წელს დასრულებული ტაძრისა?

ღია მოცისფრო-მომწვანო ფერის გუმბათი მართლაც არ იძლევა ეჭვმიუტანლობის საბაბს, რადგან მისი შემხედვარე ინდივიდი „ხვლიკისფერი სვეტიცხოვლის“ ასოციაციას დასტურ ვერ შეიგრძნობს. ამ შეფერილობის გუმბათს არ იმოწმებს ქართული ისტორიოგრაფიაც.

გუმბათის ფერზე აქცენტი შემთხვევით არ მახვილდება. ცნობილია, რომ არქიტიტექტურაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში ფერის პრობლემა ძალიან ანგარიშგასაწევია. ყურადღებას იპყრობს ერთი საინტერესო ფაქტიც: ინდურ „ვედებში“, ჰომეროსის პოემებსა თუ ბიბლიაში სულ არ არის ნახსენები ლურჯი, ცისფერი და მწვანე ფერი. ამ ფერების დეფიციტზე საუბრის გაგრძელება შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთი რამ უდავოა: ყოველი საგანი თუ მოვლენა ატარებს თავის ფერს და ერთნაირი საღებავის ზემოქმედება სხვადასხვა ფენომენზე ნაირგვაროვანია.

ბაგრატის ტაძრის ირგვლივ გამოთქმული საყვედური არახალია, ძველია. გასულ საუკუნეში ისმოდა წამოძახება - რატომ არ ხდება ძეგლის პირვანდელი სახით შეკეთებაო? ვახტანგ ცინცაძის შეხედულებით, ეს გაუმართლებელი იყო, რადგან საკულტო ნაგებობა შთამომავლობას იმ სახით უნდა გადასცემოდა, რა ფორმითაც აქამდე მოაღწია. შედარებების მოყვარულთა აზრიც შორს დასაჭერია: ანტონიო გაუდის დაუსრულებელი ქმნილება „საგრადა ფამილია“, რომელიც ბარსელონაშია აღმართული, ბაგრატის ტაძრის მსგავს თაურფენომენად ნამდვილად არ აღიქმება.

ბაგრატის მოდერნიზებული ტაძრის ირგვლივ გამოთქმული მოსაზრებები გასაკვირი არცაა, რადგან თითოეული მათგანი ემყარება განსხვავებული სულიერი მემკვიდრეობისა და ესთეტიკური კონცეფციების პრინციპებს.

რაც შეეხება ამ სტატიის ავტორის დამოკიდებულებას, იგი მიიქცევა აპოლინერის ერთ-ერთი უპუნქტუაციო ლექსის („კორტეჟი“) ბოლო სტრიქონებისაკენ:

„ჩემში გარდასულ საუკუნეთა ჩაუქრობელი ღვივის დიდება,/ წარსული ცოცხლობს,/ ის არის მკვდარი, რაც ჯერ არ არის/ და არ შობილა, რაც უფორმოა და უწარსულო არ ითქმის იგი ჯერ სრულყოფილად/ არ შეიძლება არ გაფერმკრთალდეს, რადგან უდღეურს აკლია სრულქმნა/ და არ აჯობოს დიდი წარსულის ნამოქმედარმა ღვაწლმა და შუქმა.“

ყოველივე ზემოთქმულის შემდგომ ქუთაისის კიდევ ერთი - სიმბოლოს პრეტენზიის მქონე - ნაგებობა იწვევს საყოველთაო ყურადღებას. თუკი, უძველესი დროიდან დღემდე, ეგვიპტისა თუ ამერიკის პირამიდების, მესოპოტამიური ზიქურათების, ჩინური პაგოდებისა და ულტრათანამედროვე კოშკ-ცათამბჯენთა სახით არქიტექტურა „კოსმოსთან შერწმყმისკენ“ მიილტვის, - საქართველოში საპირისპირო ტენდენცია ლამობს ფეხის მოკიდებას: მუცელფეხიანი ნიჟარის მსგავსი პარლამენტის გამჭვირვალე შენობა და დრაკონის დარად შუშის „ქერცლებითა“ თუ „ფარებით“ წაფენილი „მშვიდობის ხიდი“, მაინც და მაინც, დიდ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. პარლამენტის შენობის კომპოზიცია ქუთაისის ერთ-ერთი სიმბოლოს ფუნქციას, ალბათ, ვერ იტვირთებს. იგი თავისი კონცეპტუალური გააზრებით ახლოსაც ვერ მივა ჯერ კიდევ 1920 წელს, „ფოლადისა და მინის“ პერიოდში შექმნილი ბერლინის პარლამენტის პროექტთან. აქედან გამომდინარე, ცუდი არ იქნებოდა გერმანიის გამოცდილების გაზიარება, რადგან პირველად იქ ჩაეყარა საფუძველი „შუშის არქიტექტურას“, რომელიც შემდგომ სხვაგან გავრცელდა.

ქუთაისში პარლამენტის იდეის დამფუძნებლის შეფასებას (თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ მშენებლობამ დედა-შვილისა და სხვისი სიცოცხლე შეიწირა), დროსა და სივრცეში განსხვავების მიუხედავად, ჰერედიას სონეტის ამონარიდი იძლევა:

„გსურდა რომ ეთქვათ აღტაცებით, დიდებით, გზნებით,

შენი სახელი, აქ გამაგრდი დიდი მარაგით,

სისხლით ნაგები ეს კედლები გახდა არაკი,

მაგრამ, რაინდო, იმედებში სასტიკად ცდები.“

 

ამრიგად, თბილისში პარლამენტის დაბრუნების შემთხვევაში, შუშის ნაგებობა სხვა დანიშნულებით შეიძლება იქნას გამოყენებული. ევროატლანტიკური სივრცის ამგვარ შენობებში განთავსებულია: კულტურული კომპლექსი, სამეცნიერო ცენტრი, ბიზნეს-ოფისი, ოლიმპიური ობიექტები, სამოქალაქო სექტორის სტრუქტურები, საზოგადოებრივ-დემოკრატიული ორგანიზაციები, საერთაშორისო მისიები.

 

ნუგზარ გულორდავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2201
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია