დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ია ტომაში - ახალი ხმა ქუთაისიდან
2012/11/19 12:14:14

19 წლის ქუთაისელი მომღერალი, ია ტომაში, საზოგადოებამ ტელეკომპანია   „იმედის“  პროექტით „ახალი ხმა“ გაიცნო. მის მიერ შესანიშნავად შესრულებულმა სიმღერამ ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა და შემდეგ ეტაპზე წარმატებით გადავიდა.

 

გთავაზობთ ინტერვიუს ნიჭიერ და ლამაზ გოგონასთან, ია ტომაშთან, რომელიც უკვე „მუსიკალური რინგისათვის“ ემზადება. ამ „რინგზე“ კი მისი ხელოვნება ისეთმა პროფესიონალებმა უნდა შეაფასონ, როგორიც არიან: მერაბ სეფაშვილი, სტეფანე მღებრიშვილი, მაია დარსმელიძე, ნინო ჩხეიძე, დათო ფორჩხიძე.

ჩვენი საუბარი გაზეთ „P.S.“-ის რედაქციაში შედგა. ამ დღეს ია ჩვენი სტუმარი იყო.


- ია, რამდენი წლის იყავი, როცა სიმღერა დაიწყე?

- ორი წელია, რაც სერიოზულად ვემზადები, მაგრამ იყო რაღაც მომენტები, როდესაც ბაღშიც ვმღეროდი. მაქვს ასეთი პატარა ისტორია: ბაღში ტარდებოდა ჩვეულებრივი ზეიმები და სიმღერა „ჩიორა ჩიტო“ უნდა მემღერა. დედაჩემი მივიდა მუსიკის მასწავლებელთან და ჰკითხა: რას შვრება ჩემი შვილი? პასუხი იყო ასეთი: რა ვქნათ, ყველა მომღერალი ხომ ვერ გამოვა. ეს იყო დედაჩემისთვის სტიმული, რომ მე სხვაგანაც გამომეცადა თავი, თუნდაც - სპორტში, გიტარაში თუ ფორტეპიანოში. მაგრამ ბოლოს, რაც ჩემი იყო, იმას მივადექი...

- თუ გქონია წარმატებები ამ ხნის მანძილზე?

- პირველი მასშტაბური პროექტია, სადაც ახლა ვმონაწილეობ.

- რა მოგცა „ახალი ხმის“ კასტინგებმა?

- ძალიან დიდი გამოცდილება. პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად გადავლახე ის ეტაპი, რასაც ჰქვია შიში, სცენაზე ფეხების კანკალი... კონკურსი როდესაც არის, შენ ცდილობ, უკეთესი იყო, აჯობო ვიღაცას.

- რა ჟანრის მუსიკას უსმენ?

- ჟანრში მრავალფეროვანი ვარ, მაგრამ ვარ მოყვარული და, ვფიქრობ, რომ წავალ ჯაზ-როკისკენ და ბლუზისკენ.

- რატომ აირჩიე ეს ჟანრი?

- ყველაზე კარგად აქ ვგრძნობ თავს, ყველაზე კარგად გამომდის ამ ჟანრში სიმღერა. ჩემი ხმაც უხდება და, ვფიქრობ, მოვუხდები ყველანაირად.

- ვინ იყო შენი პედაგოგი მუსიკაში?

- მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნესტან გუმბერიძეს ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლის პედაგოგს. ფაქტობრივად, მისით დავიწყე სიმღერა და მისით ჩამომიყალიბდა სწორი ხედვა, სწორი აზროვნება მუსიკაში და სიმღერაში. შემდეგ თბილისში გადავედი, სადაც ქალბატონ მზია ხუროშვილთან მივედი, რომლის დამსახურებაცაა, რომ ცოტა უფრო ფეხზე დავდექი - ვერანაირად ვერ ვიქნებოდი მასწავლებლის გარეშე.

- გაქვს მუსიკალური განათლება?

- შვიდწლედი დავამთავრე ფორტეპიანოს განხრით - ქუთაისის პირველ მუსიკალურში.

- საშუალო სკოლაში სწავლის დროს როგორ გაიხსენებ?

- ზარმაცი ვიყავი... მაგრამ რაც აუცილებელი იყო, იმას ყოველთვის ვასრულებდი. ელემენტარული უნდა იცოდეს ადამიანმა და, რაც ჩემი არის, იმას ვსწავლობ ახლა.

- როცა მღერი, ამ დროს როგორი ხარ?

- მე ვფიქრობ, დაბადებიდან მაქვს ის განცდა, რომ მუსიკა არის ჩემში. ვერ აღვწერ, ყველგან მჭირდება და ყველგან მოითხოვს ჩემი ორგანიზმი - იყოს მუსიკა ნებისმიერ დროს, სწავლის, ჭამის დროსაც კი. როცა კარგ ხასიათზე ვარ, უფრო მხიარულს ვუსმენ, როცა ცუდ ხასიათზე - მაშინ უფრო დრამატულს, რათა მუსიკამ გადაიტანოს ის, რასაც ვგრძნობ.

- როგორც ამბობენ, დღეს საქართველოში შოუ-ბიზნესი არ ყვავის...

- მე კარგად ვიცი, რომ საქართველოში სიმღერა და მომღერლობა, როგორც პროფესია, არ არის პერსპექტიული, ამიტომ ვსწავლობ ილიას უნივერსიტეტში ბიზნეს-ტურიზმის განხრით, უკვე მე-2 კურსზე ვარ და სიმღერა ჩემი გატაცებაა.

- ქართველი მომღერლებიდან ვის გამოარჩევდი?

- ჩემი საყვარელი ჟანრიდან მომწონს მაია ბარათაშვილი. მინდა გავიცნო ეს მომღერალი და ვისწავლო მისგან ძალიან ბევრი.

- „ახალ ხმაში“ როგორ მოხვდი?

- შემთხვევით გავიგე ამ პროექტის შესახებ Facebook-ში. ისიც შევიტყვე, რომ უნდა ამეტვირთა ვიდეო, რის შემდეგაც განცხადება შევავსე და მიმიღეს.

- „ახალი ხმა“ რთული პროექტია?

- ძალიან რთულია. ჯერ იმიტომ, რომ ძლიერი ბავშვები არიან და მერე მეორეც - ჩახლართული პროექტია, თუმცა საინტერესო.

- ამ პროექტის დაწყებისას, რამდენად მოელოდი, რომ გადახვიდოდი შემდეგ ეტაპზე?

- იმდენად უცებ მოვხვდი ამ პროექტში, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, მაგაზე ფიქრის დრო არ მქონია. ახლა, როცა პროექტში ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ.

- შენი საყვარელი ჟანრიდან გამომდინარე, ნინო ჩხეიძის ჯგუფში მოხვედრის ნაცვლად, ხომ არ აჯობებდა სხვა ჯგუფში მოხვედრილიყავი?

- ხალხს ესმის არასწორად: ისინი არ არიან ჟიური - ისინი არიან მწვრთნელები, შენი გზის გამკვლევები - საით არის უკეთესი, რომ წახვიდე. რაკი მე ნინო ჩხეიძესთან ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ მის ჟანრში გავაგრძელებ სიმღერას. ნინო უკვე ცდილობს, ხელი შეგვიწყოს. ძალიან დადებითი ადამიანი არის.

- ოჯახის წევრები თუ არიან სიმღერის მოყვარულები?

- მე მინდა ვთქვა, რომ დედის - ნესტან გვეტაძის დამსახურებაა ის, რომ ჩამომიყალიბდა მუსიკალური გემოვნება, მოსმენის კულტურა. მიყვარს კლასიკა, ეს კი მამის, გია ტომაშის დამსახურებაა.

- როგორ ფიქრობ, მოიკიდებ ფეხს ქართულ ესტრადაზე?

- ჩემი აზრით, ჩემს სიტყვას ვიტყვი ესტრადაზე. ამ პროექტით უფრო გამიცნობს ხალხი. ჩემი ოცნებაა - მყავდეს ჩემი მსმენელი.

- ცხოვრების მიზანი რა არის: სწავლა თუ სიმღერა?

- ცოტა რთულია ამ კითხვაზე პასუხი. მე მჭირდება და კარგად ვგრძნობ იმას, რასაც ვსწავლობ უნივერსიტეტში. ჩემი მიზანი არის, ჩემით იამაყონ მშობლებმა. ვიყო საუკეთესო მაგალითი ჩემი დისთვის, რომელიც ძალიან კარგად მღერის და უკრავს.

იას წინ დიდი „პაექრობა“ ელის და იმედი აქვს, რომ ის იმერეთს და ქუთაისს ასახელებს.

 

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2082
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია