დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„აფხაზეთი“ ქუთაისიდან
2012/10/22 12:56:06

საქართველო თავისი ფოლკლორით ყოველთვის გამოირჩეოდა და გამოირჩევა მსოფლიოს წინაშე. მასზე აღტაცებით საუბრობენ სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალები თუ რიგითი მაყურებლები. ერთ-ერთი ასეთი შემოქმედებითი კოლექტივი, რომელსაც ქართული ცეკვა მსოფლიოს წინაშე ღირსეულად გააქვს, არის ფოლკლორული ცეკვების ანსამბლი „აფხაზეთი“.

 

ანსამბლი ქუთაისში მოღვაწე მამა-შვილმა ზაზა და არმაზ ყიფიანებმა 2008 წელს ჩამოაყალიბეს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. საზოგადოებას მოეხსენება, რომ ეს სასწავლო დაწესებულება აფხაზეთიდან დევნილი ყოფილი სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი იყო, რამაც განაპირობა კიდეც შემოქმედებითი კოლექტივისათვის სახელის შერჩევა. ბატონმა ზაზა ყიფიანმა იტვირთა ანსამბლის პროდიუსერობა, ხოლო მაშინ ჯერ კიდევ ოცი წლის მოცეკვავე არმაზ ყიფიანი გახდა ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი.

ანსამბლის აღმასვლა დაიწყო მისი შექმნიდან მეორე წელსვე, როდესაც მან ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე „ფოლკლორიადა-5“ გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა. 2010 წელს ანსამბლი მიიწვიეს თურქეთში, შაჰინბეის (ქ.გაზიანთები) საერთაშორისო ფესტივალში. მრავალ კოლექტივთაგან „აფხაზეთს“ ერგო პატივი, გაეხსნა და დაეხურა ფესტივალი. ანსამბლის წევრები  ცხოვრობდნენ ოთხვარსკვლავიან სასტუმროში. ის სითბო და პატივისცემა, რასაც მათ მიმართ გამოხატავდნენ როგორც ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა, მართლაც რომ გამორჩეული იყო. თურქეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა: თურქეთის ტელევიზიამ და გაზეთებმა „ჰაბერმა“ და „ჯაპმა“ გარკვეული ფორმატი დაუთმეს ანსამბლ „აფხაზეთს“. ბულგარელმა იმპრესარიომ ივან დობრევმა კი ანსამბლი იქვე მიიწვია „ბრავოს“ საერთაშორისო ფესტივალზე ბულგარეთში. ეს დიდი სტიმული იყო ახალგაზრდებისთვის, ასეთ დასაწ-ყისს მართლაც არავინ ელოდა.

2011 წელს ანსამბლმა თურქეთში ორ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა - კასტამონსა და სტამბულის საერთაშორისო ფესტივალებში. კასტამონის ანუ იგივე ტასკოპრუს ფესტივალი იმითაც იყო ღირსშესანიშნავი, რომ მის ფარგლებში მოეწყო მოცეკვავე გოგონების სილამაზის საერთაშორისო კონკურსი, რომლის ფინალშიც ანსამბლ „აფხაზეთის“ ორი მოცეკვავე გოგონა: თეონა გორგოძე და თეონა ჩიქვინიძე გავიდა. ამათგან თეონა გორგოძე გახდა ფინალური ჩვენების ერთ-ერთი გამარჯვებული და მას ტასკოპრუს მერმა ჰუსეინ არსლანმა თავად დაადგა გვირგვინი თავზე. კონკურსს, იმავე სცენაზე, წინ უძღოდა თურქეთის ესტრადის მეგავარსკვლავის ჰადიშეს კონცერტი, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო კონკურსში გამარჯვებული გოგონების დაჯილდოების ცერემონიალშიც.

სტამბულის ფესტივალის ფორმატში ქართული დელეგაციის წევრებს მიეცათ შესაძლებლობა, დაეთვალიერებინათ წმინდა სოფიის ტაძარი და კომფორტული გემით ემოგზაურათ ბოსფორის სრუტეში. სტამბულის ფესტივალზევე                                        „აფხაზეთის“ საკონცერტო გამოსვლებით აღფრთოვანებულმა უცხოელმა პროდიუსერებმა ანსამბლი მიიწვიეს „რჰუთთჰმის“ (ინდოეთი) და სანტა-ლუსიას (მექსიკა) საერთაშორისო ფესტივალებზე. თურქეთის პრესა და ტელევიზია არც ამჯერად დარჩენილა გულგრილი ანსამბლ „აფხაზეთის“ მიმართ.   მაგალითად,   გაზეთმა                       „აგიკსოზ“-მა ანსამბლის წევრების არაერთი ფოტო გამოფინა თავის გვერდზე.

2011 წლის შემოდგომა ერთგვარი გზაგასაყარი აღმოჩნდა ანსამბლისთვის. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაუქმდა და მისი გარკვეული სეგმენტი შეუერთდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ანსამბლი, როგორც იტყვიან, დარჩა ღვთის ანაბარა... და ამ დროს მას თანადგომისა და თანამშრომლობის ხელი გაუწოდა „ქუთაისის უნივერსიტეტმა.“ ანსამბლი „აფხაზეთი“ გადავიდა მისი მეურვეობის ქვეშ და ბინა დაიდო ლადო ასათიანის ქუჩის ?98-ში (ყოფილი მინისტარის ქარხანასთან). ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი, რაც გაკეთდა, იყო ისიც, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ანსამბლისთვის დაიწყო საკონცერტო ფორმების შეკერვა...

2012 წლის ზაფხულში ანსამბლმა იმოგზაურა ნიდერლანდების სამეფოსა და გერმანიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო, შესაბამისად, ვარფფუმისა და ჰალსბეკის საერთაშორისო ფესტივალებში. ვარფფუმის ფესტივალი უმაღლესი კატეგორიის ფესტივალების რიგს განეკუთვნება და ის თავისი მასშტაბებით ნიდერლანდების სამეფოში  მხოლოდ  სახელგანთქმულ „სივო“-ს  საერთაშორისო   ფესტივალს თუ ჩამოუვარდება... ვარფფუმის ფესტივალში მონაწილეობდა მსოფლიოს ათი ქვეყნის თორმეტი შემოქმედებითი კოლექტივი. ეს ქვეყნები იყო: ვენესუელა, კოსტა-რიკა, რუმინეთი, სერბეთი, უკრაინა, საქართველო, რუსეთი, პორტუგალია, თურქეთი და ნიდერლანდები.

„აფხაზეთი“ ფესტივალზე ჩავიდა ფესტივალის გახსნის დღეს, დაახლოებით თექვსმეტ-ჩვიდმეტსაათიანი მომქანცველი, სახმელეთო და საავიაციო ტრანსპორტით მოგზაურობის შემდეგ (ქუთაისი-თბილისი-მინსკი-ამსტერდამი-ვარფფუმი) ანსამბლის მესვეურთა განწყობა თითქმის „კაპიტულანტური“ იყო. დაღლილი, გამოუძინებელი მოცეკვავეებისგან მაქსიმუმს ვერ მოითხოვ. მითუმეტეს, რომ ანსამბლის რეპერტუარში საკმაოდ მაღალი ტემპორიტმით გაჯერებული ურთულესი ცეკვებია და ერთადერთი, რაც ნამდვილად არავის უნდოდა, ის იყო, რომ  სცენაზე  არავინ  წაქცეული-ყო.  მაგრამ  მოხდა  საოცრება.  ანსამბლმა თორმეტწუთიანი კომპოზიცია იცეკვა ისე, რომ ვარფფუმის ორიათასკაციანი საკონცერტო დარბაზი აპლოდისმენტებისგან, ხატოვნად რომ ვთქვათ, „ლამის დაინგრა“.

ირველი დღის ფურორს სათანადო გამოხმაურება მოჰყვა. გარდა იმისა, რომ ანსამბლის მოცეკვავეებს რიგითი მოქალაქეები ყველგან აჩერებდნენ, გამოხატავდნენ აღფრთოვანებას და ავტოგრაფებს სთხოვდნენ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კომპეტენტური ისტებლიშმენტის მოსაზრება ქართველების გამოსვლასთან დაკავშირებით. იგი იყო ძალიან პოზიტიური და ანგარიშგასაწევი. თავად ფესტივალის მთავარმა ორგანიზატორმა გეერთ ნაიჰოფმა ანსამბლის გამოსვლას „ფანტასტიური“ უწოდა, ხოლო ავტორიტეტულმა ჰოლანდიურმა ინტერნეტგამოცემამ „ვარფფუმმა“ თავის გვერდზე დადო ერთადერთი ფოტო და ისიც - ქართველების მიერ ნაცეკვი „კომპოზიციიდან“ და თან დაურთო, რომ ფესტივალის პირველი დღის საკონცერტო გამოსვლებიდან გამოირჩა ანსამბლი „აგიდელი“ რუსეთიდან და ანსამბლი „აფხაზეთი“ საქართველოდან, რომელმაც, ამავე დროს, პუბლიკის განსაკუთრებული ოვაციები გამოიწვია... ამ ისტორიაში გულდასაწყვეტი მხოლოდ ის არის, რომ ვერ მოხერხდა ამ პირველი საკონცერტო ნომრის ვიდეოგადაღება.

ვარფფუმის ფესტივალის დამთავრების შემდეგ ანსამბლი გაემგზავრა გერმანიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო ჰალსბეკის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალში. ეს ფესტივალი შედარებით მოკრძალებული ფესტივალი აღმოჩნდა ვარფფუმის ფესტივალთან შედარებით. ამ ფესტივალში მონაწილეობდა პოლონეთი, სერბეთი, საქართველო, ნიდერლანდები და გერმანია...

ალსბეკის ფესტივალი უფრო მეტად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იმით, რომ, საკონცერტო გამოსვლების პარალელურად, ხშირი იყო ექსკურსიები და სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა.

„როგორც ჰოლანდიაში, ისე გერმანიაში ფესტივალის ფორმატები ითვალისწინებდა ოჯახებში ცხოვრებას. ჩვენი მასპინძლები ყურადღებას არ გვაკლებდნენ... ფესტივალების ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ მისი მონაწილეები ერთმანეთს უმეგობრდებიან, მიუხედავად ენობრივი ბარიერის არსებობისა.“ - ამბობს ჩვენთან საუბარში ქორეოგრაფი არმაზ ყიფიანი. მისივე განცხადებით, ანსამბლში საშუალოდ 20-22 მოცეკვავეა. ხშირად ხდება მონაცვლეობა, „ზოგი მანდილოსანი ბედნიერდება, ზოგი ვაჟი ჯარისკაცი ხდება, თუმცა ახალი თაობაც მოდის. ჩვენთან, სტუდენტების გარდა, ცეკვავენ სკოლის მოსწავლეებიც. ახლახან საფუძველი ჩავუყარეთ საბავშვო სტუდიას.“

საუბარში ანსამბლის პროდიუსერი ზაზა ყიფიანი ერთვება, იგი იხსენებს: „უცხოეთში ანსამბლის კონცერტებს ესწრებოდნენ ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ქართულ ცეკვას და სამშობლოს მონატრებულები არიან. ერთ-ერთმა ემიგრანტმა, ბექამ, რომელიც სტამბულში რესტორანში მუშაობდა, ამ რესტორანშივე მიგვიპატიჟა მთელი დელეგაცია (33 კაცი) და  ძალიან დიდი ხარჯიც  გასწია, მსგავსი ფაქტები შემდგომშიც არაერთი იყო.“

ანსამბლის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, უკვე გამოკვეთილია კონტურები. კერძოდ, პორტუგალიელმა იმპრესარიომ ჩეზარიო პერეირამ ქართველი მოცეკვავეები ვარფფუმშივე მიიწვია ფოლკლორული ცეკვების აზორის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც უნდა გაიმართოს 2013 წელს აზორის კუნძულებზე (ატლანტიკის ოკეანე). ანსამბლი ასევე მიწვეულია ჩეხეთშიც, პრაღის ფესტივალზე.
ანსამბლის წევრთა ყველაზე დიდი ოცნება კი აფხაზეთში ჩასვლა და იქ კონცერტის გამართვაა.

 

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია