დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გილოცავთ სვეტიცხოვლობას!
2012/10/14 15:12:44

დღეს საქართველოში   სვეტიცხოვლობა აღინიშნება. მართლმადიდებელი ეკლესია  კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღვთივბრწყინვალისა და მირონმდინარის დღესასწაულს აღნიშნავს. გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ იესო ქრისტეს კვართი იერუსალიმიდან მცხეთელმა ებრაელებმა  ჩამოაბრძანეს და იგი სვეტიცხოველში წმინდა სიდონიასთან ერთად არის დაფლული. წმინდა ნინოს რჩევით კი, IV საუკუნეში მეფე მირიანმა და დედოფალმა ნანამ ამ ადგილზე პირველი ხის ტაძარი ააგეს. V საუკუნის მეორე ნახევარში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა, XI საუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი, სვეტიცხოველი ააგო, რომელიც 12 მოციქულის სახელობისაა. ტაძრის ხუროთმოძღვარი არსუკიძე იყო.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს სვეტიცხოველში საზეიმო წირვა აღავლინა და შემდეგ ქადაგებით მიმართა მრევლს:

მისი თქმით, ამ წმინდა ტაძარში ქართველი მეფეები და პატრიარქები ცრემლით ლოცულობდნენ. 
"დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს და აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ჩვენ გვჭირდება სულიერი ძალა, სიყვარული, სასოება, იმედი ღვთისა, ადამიანისა და მომავლისა. მრავალჯერ ყოფილა საქართველო განსაცდელში და უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უხსნია ამ განსაცდელისგან. არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელისა, უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელს უფალი მას უგზავნის, ვინც უყვარს და საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც უფალმა განსაკუთრებული მადლი მიანიჭა. რომელი ქვეყაანაა ისეთი, რომ ამდენი სიწმინდე ჰქონდეს. აქ არის წმინდა ნაწილები, რომელიც ეკუთვნოდა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლს. როცა ჩვენი მეფეები და დიდებულნი საზღვარგარეთ მიდიოდნენ, მიჰქონდათ წმინდა ნაწილები, იმიტომ, რომ გრძნობდნენ მათ შემწეობასა და წყალობას. დღესაც ამბობენ უცხოელები, რომ განსაკუთრებით იზრდება სარწმუნოება საქართველოში. ეს არ არის დამოკიდებული არც ჩემზე, არც წმინდა სინოდზე – უფალი მეფობს. უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოგვიწოდებს, რათა ვიყოთ სამწყსო უფლისა და უფალი იყოს მწყემსი ჩვენი", - ბრძანა უწმინდესმა. 
პატრიარქმა მრევლთან ერთად თქვა ლოცვა "მოწყალებისა კარი განგვიღე", რომელმაც, უწმინდესის განმარტებით, ქართველი ხალხი მონღოლების შემოსევისას გადაარჩინა. "ღვთის მადლით და წყალობით ყველაფერი კარგად იქნება, გიხაროდენ ორსავე სოფელსა შინა", - მიმართა მრევლს უწმინდესმა. 
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ბერმონაზონი ელიზბარ გურაშვილი ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის ხარისხში აიყვანა. 

 

დღეს სვეტიცხოველში მრევლი ტრადიციულად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდა. ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც: პრემიერმინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი და კოალიციის სხვა ლიდერები, ასევე : პირველი ლედი სანდრა რულოვსი, თბილისის მერი გიგი უგულავა და სხვა ჩინოვნიკები. საქართველოს პრეზიდენტსაც ელოდნენ, თუმცა, ის  წირვას არ დასწრებია.

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა  ივანიშვილი სვეტიცხოვლის ეზოში შეკრებილ მრევლს გაესაუბრა, დღევანდელი დღე მიულოცა და ქვეყანას წარმატება და წინსვლა უსურვა. ეზოში შეკრებილმა მოქალაქეებმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს თავიანთი პრობლემების შესახებ უამბეს. მათ ძირითადად აინტერესებდათ ბიძინა ივანიშვილის ხედვა კრედიტებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საკითხზე.  როგორ გადაწყდება მათი ბედი, რადგან უმრავლესობას ბანკებში აქვთ ჩადებული სახლები და თუ აღნიშნული პრობლემა არ მოგვარდება, საქართველოს მოსახლეობის ნაწილი თავშესაფრის გარეშე დარჩება.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე კოალიცია "ქართული ოცნების" გუნდი უკვე მუშაობს.



'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1892
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია