დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქალი არ უნდა იყოს დისკრიმინაციიის მსხვერპლი“
2012/09/24 12:09:44

ლია უკლებას გამოფენა-პერფორმანსი

 

წელიწადნახევარიც არაა გასული, რაც ბავშვობის შემდეგ კვლავ აიღო ფუნჯი ხელში. ამბობს, რომ ძალიან პატარა ასაკიდან ხატავდა, თუმცა ცხოვრებამ ხანგრძლივად ჩააყუჩა მასში ეს ნიჭი: „თითქმის 20-25 წელი ფანქარიც კი არ მკავებია  ხელში“. გასული წლის მაისში კი ისევ დადგა მოლბერტის წინ და შეიგრძნო პალიტრის ფერთა სურნელი და პირველი ორი ნამუშევარიც გააკეთა.

„მაშინ მივხვდი, რომ მე უკვე გაჩერება აღარ შემიძლია.იმიტომ, რომ ეს არის ჩემი გზა, აქაა ჩემი ადგილი, მე ამისთვის ვარ დაბადებული, - ამბობს ლია უკლება, - განა ამბიციურად ვამბობ (იღიმის), ვცდილობ, ვიყო იქ, სადაც ჩემი ადგილია და  მიმაჩნია, რომ  მხატვრობაშია ჩემი ადგილი“.

ლია უკლებას ნამუშევრები ფართო საზოგადოებამ პირველად მარტის თვეში,  „თი-ბი-სი“ ბანკში გამართულ ქუთაისელ მხატვარ ქალთა გამოფენაზე იხილა, ქალებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში. გამოფენის პირველ დღეს 3 ნამუშევარი წარმოადგინა თითოეულმა ავტორმა. ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ქრისტინე რობაქიძესთან ერთად ლია უკლებამ უკვე 14 ნამუშევარი გამოფინა მისი შემოქმედებით დაინტერესებულთა და  ხელოვნების თაყვანისმცემელთა წინაშე. საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანილმა, ლია უკლებას ნამუშევრებმა უმალ დაიმსახურა მოწონებაცა და სიყვარულიც.

შემდგომ ორმაისობაზე, გვირილობის დღესასწაულზე, იყო არტ-კლუბის გამოფენა. იქ, რიონის სანაპიროზე,  3 ახალი ნახატი წარადგინა. იქაც დიდი ინტერესით ეცნობოდნენ ახალგაზრდა შემოქმედის არაჩვეულებრივ ნამუშევრებს.

15 სექტემბერს კი პრესის სახლის მეხუთე სართულზე, რადიო „ძველი ქალაქის“ მხარდაჭერით, მოეწყო გამოფენა-პერფორმანსი, სადაც წარმოდგენილი იყო ლია უკლებას 27-ვე ნამუშევარი, რაც გასული წლის მაისიდან დღემდე აქვს დახატული. „მე, ზოგადად, ჩემი დამოკიდებულება გამოვხატე დღევანდელობის მიმართ,  იმ რეალობის, რომელშიც  ვცხოვრობთ,“ - გვითხრა საუბრისას ლია უკლებამ.

ნახატების უმრავლესობა ზეთის ფერებითაა შესრულებული, თუმცა მათ გვერდით აკვარელში შესრულებული ნახატებიც იქცევს მნახველთა ყურადღებას.

„მე მიყვარს ლიას ნახატები იმიტომ, რომ არაყალბი ემოციების მხატვარია, ძალიან გულწრფელი ნამუშევრებია და ყოველთვის გაძლევს იმის საშუალებას, ბევრი დაინახო და წაიკითხო.“ - მაკა ჩინიჯიშვილი.

„ლია უკლებას ფერწერა ადამიანთა ემოციების, ძიების, ხშირად აპათიის ზღვარზე მყოფი სულის ტილოზე გადმოტანაა. მისი შემოქმედების გმირები არ არიან ვისიმე პროტოტიპები ან გამოგონილი პერსონები. ისინი, უბრალოდ, თითქმის იდენტური გამოსახულების ფონზე ლაპარაკობენ ემოციების ენაზე. ვფიქრობ, ისინი ყველას ყურადღებას იზიდავენ და შველას ითხოვენ უბრალოდ, თბილი სიტყვით თუ მოწყალე ქცევით...“ - თეა ჩეჩელაშვილი.

„მე არა ვარ მხატვარი. ჩემთვის არავის უსწავლებია თუნდაც ერთი დღით ფანქრის მოსმა ან ზეთის ფერებით მუშაობა,“ - ამბობს ლია და აქვე დასძენს, რომ კარგი იქნებოდა, ამ სფეროში შესაბამისი განათლება მიეღო. თვლის, რომ ეს მისი შეცდომაა, როცა შეეძლო, სწავლა ამ კუთხით არ  გააგრძელა.

15 წლის  ასაკში შექმნა ოჯახი. დღეს იგი ორი არაჩვეულებრივი შვილის დედაა. ქალიშვილი, გრეტა ეგუტიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ნარკოლოგიური ექსპერტიზის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტია, ხოლო ვაჟიშვილი, ერეკლე ეგუტიძე - 41-ე საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე.

ლია უკლებას ნახატებში ქალის სახეები ჭარბობს. გამოფენის დღეს დამთვალიერებლები საუბრობდნენ, რომ ნახატების პერსონაჟებს დღევანდელი ქალების თვალები აქვთ. თუმცა  ავტორი ამბობს, რომ მას თვალებით მანიპულირება არც არასოდეს უფიქრია, რადგან ეს ძალიან გაცვეთილი „ტრიუკია“. თუმცა „ქალის თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანია და მე ამაზე ბევრს ვფიქრობ, რადგან ქალის თემა ჩვენს ქვეყანაშიც აქტუალურია: ქალი, როგორც დისკრიმინაციის მსხვერპლი. ეს ჩემს ნახატებშიც იგრძნობა. ძალიან მაწუხებს ეს თემა, დისკრიმინირებული ქალი და მინდა, რომ ქალებმა არასრულფასოვნების კომპლექსი მოიხსნან და გათავისუფლდნენ ამ ტრადიციისაგან“.

 

ლია ხარაბაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2069
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია