დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოქტომბერში გულნარა სვანიძე სამი გამოფენის მოწყობას აპირებს
2012/09/24 11:58:02

ნაქსოვი თოჯინური პორტრეტების შემქმნელის, იტალიაში მცხოვრები ბათუმელი ქალბატონის გულნარა სვანიძის შესახებ პირველად ჩვენს გაზეთში ვწერდით. მას შემდეგ ქალბატონმა გულნარამ სოციალურ ქსელში დამეგობრებული კიდევ ასეულობით ადამიანის სახასიათო პორტრეტი მოქსოვა. სწორედ მეგობრების თხოვნით ემზადება იგი მორიგი გამოფენებისათვის.

 

ერთ-ერთი გამოფენა-გაყიდვვა ოქტომბერში გაზეთ „P.S.“-ის საკონფერენციო დარბაზში მოეწყობა, შემოსულ თანხას კი ნიჭიერი ხელოვანი ჩვენი მკითხველისათვის ასევე კარგად ცნობილ სამ ობოლ ბავშვს - და-ძმა ტყეშელაშვილებს გადასცემს ქველმოქმედების სახით.

გამოფენის ზუსტ დროს დამატებით გაცნობებთ, ახლა კი გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც „არგუმენტი.გე“-მ გამოაქვეყნა ამ დღეებში.იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი გულნარა სვანიძე ოქტომბერში სამი გამოფენის მოწყობას აპირებს. გამოფენის დეტალების შესახებ ხელოვანი თავად გვესაუბრა.

 

- ქალბატონო გულნარა, როგორც ვიცით, თქვენ სექტემბრის ბოლოს აპირებთ საქართველოში ჩამოსვლას, მოკლედ გვითხარით, რა გეგმები გაქვთ სამშობლოში დაბრუნებისას?

- ოქტომბრის დასაწყისში უნდა დავგეგმო სამ ქალაქში გამოფენა. ბათუმში, სავარაუდოდ, 5 ოქტომბერს მოეწყობა, შემდეგ კი ქუთაისსა და თბილისში. დედაქალაქში 11 ოქტომბერს მინდა მოვაწყო გამოფენა, რადგან ამ დღეს პოეტი სოსო ნადირაძე ხდება 50 წლის და მინდა ეს ორი რამ დაემთხვეს - ჩემი პერსონალური გამოფენა და პოეტის იუბილე. რაც შეეხება ქუთაისში გამოფენის მოწყობას, უნდა ვთქვა, რომ მყავს ბევრი მეგობარი იმერეთიდან და მათ თავმოყრას ქუთაისში, იმედია, მოვახერხებ.

- ეს უკვე თქვენი მეორე საგამოფენო ტურნეა?

- თოჯინების - კი. ისე ადრე ბუნებრივ მასალებზე მქონდა, პედაგოგობის პერიოდში. სხვათაშორის, ჩემმა მინიატურულმა „ციყვმა“, რომელიც დამზადებული იყო ტირიფის ბუსუსებისგან, პირველი ადგილი აიღო პედაგოგების ნამუშევრების გამოფენაზე.

- თქვენი 2 წლის წინანდელი გამოფენა საქველმოქმედო იყო, წელს იქნება განსხვავებული ფორმატით?

- არა, წელს გამოფენა იქნება მეგობრებისთვის, მათი სურათებიდანაა თოჯინები და თავის თოჯინას საჩუქრად მიიღებენ ატრიბუტებით, მინიატურული ინსტრუმენტებით. მეგობართაგან ერთმა მიმანიშნა, რომ ქუთაისში მაინც აპირებენ თანხის სიმბოლურად შეგროვებას, რომელსაც გადასცემენ იმ ბავშვებს, რომელთათვისაც გაზეთმა „პოსტსკრიპტუმმა“ საქველმოქმედო აქცია წამოიწყო. ასევე მიმანიშნეს, რომ  თბილისშიც აპირებენ იმავეს, ოღონდ დედაქალაქში უკვე ერთი ხელოვანის ოპერაციის დასაფინანსებლად სურთ თანხის შეგროვება.

- რამდენი „ფეისბუქელი“ არის ამჟამად მოქსოვილი?

- მოქსოვილია 137  თოჯინა „რუბიკონიდან“ და 235 - „ფეისბუქელი“ მეგობარი (ფოტოების მიხედვით).

- თქვენ ქსოვთ თემატურადაც, მეგობრებს სახასიათო ნიუანსებით, როგორ მოგივიდათ ეს იდეა?

- იდეა კობა ჭუმბურიძის „რუბიკონიდან“ წამოვიდა, „რუბიკა ზღვაზე“ მომეწონა და მოვქსოვე, მერე ზანგი ქალიც მივაყოლე და მხატვარმა გოჩა ბაქრაძემ შემომთავაზა, მე მომქსოვეო. იმდენად მივამსგავსე, უკვე სხვებმაც მოისურვეს, ხოლო პერსონაჟები „თეთრი ბაირაღებიდან“ ანზორ კაჭახიძის იდეა იყო, მისივე იდეა გახლდათ ზღაპრები მეგობრების კომენტარებით.

- სად გამოფენთ თოჯინებს?

- ბათუმში - მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ქუთაისში, სავარაუდოდ, გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ საკონფერენციო დარბაზში, ხოლო თბილისში -
სამების ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში.

- სამომავლოდ გააგრძელებთ თოჯინების მოქსოვას?

- სამომავლოდ მინდა ზღაპრები გავათოჯინო. საინტერესოა ინგა მილორავას, ნინო გუგეშაშვილის, ლია რუსეიშვილის და სხვების შემოქმედება. ალბათ, 2 წლის შემდეგ იქნება შემდეგი გამოფენა.

- რას ეტყოდით საქართველოში მცხოვრებ მეგობრებს?

- ვიცი, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა ელოდებათ ჩემს მეგობრებს. მინდა, რომ შევახვედრო ბევრი „ფეისბუქელი“ მეგობარი ერთმანეთს რეალურად... ბევრი მათგანი ერთ ქალაქში ცხოვრობს, მაგრამ  არ იცნობენ ერთმანეთს. დროა, რომ ვირტუალური მეგობრები -  „ფეისთოჯინებმა“ სინამდვილეში გაიცნონ ერთმანეთი!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2077
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია