დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ წავიდა სცენიდან ასე დაუფასებლად ანსამბლი „ქუთაისი?“
2012/09/17 14:45:51

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულტურული საგანძური ფოლკლორია. ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში თუ რაიმეთი არის გამორჩეული, უპირველესად, ეროვნული ცეკვა და სიმღერაა. 1979 წლიდან კი ანსამბლი   „ქუთაისიც“ ჩაერთო ქვეყნისა და მისი კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობაში.

სამწუხაროდ, ქუთაისს დღეს ეს ანსამბლი აღარ ჰყავს, რაშიც ჩვენი რესპონდენტები ქალაქის ადრინდელ ხელმძღვანელობას ადანაშაულებენ.

რამდენიმე დღის წინ ჩვენს რედაქციას ანსამბლ „ქუთაისის“ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ზურაბ სიხარულიძე და დირექტორ-განმკარგულებელი თამაზ ზაქარაშვილი ეწვივნენ. მათ იმის შესახებ გვიამბეს, თუ რა მოხდა ანსამბლთან დაკავშირებით, ორივე მათგანი ემოციებს ვერ მალავდა.
აი, რა გვიამბო ბატონმა ზურაბ სიხარულიძემ:

ანსამბლი „ქუთაისი“ 1979 წელს შეიქმნა ხალხური სიმღერის ცნობილი შემსრულებლისა და მოამაგის, საქართველოს სახალხო არტისტის ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით. მანამდე, ამას წინ უძღოდა თაობების მიერ ქალაქში შექმნილი დიდი ფოლკლორული ტრადიციები. „ქუთაისის“ მთავარი ქორეოგრაფი იყო საქართველოს სახალხო არტისტი რეზო ჭანიშვილი. ანსამბლის სასცენო კოსტუმებისათვის ესკიზები შექმნა საქართველოს სახალხო მხატვარმა, ჩვენმა გამოჩენილმა მოქანდაკემ მერაბ ბერძენიშვილმა. 1984 წლიდან კი ანსამბლის ხელმძღვანელი გახდა სამსონ (ჯაჯული) დოღონაძე, მე სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი გახლდით, ენვერ გუჯაბიძე - მთავარი ქორეოგრაფი, დირექტორ-განმკარგულებლად თამაზ ზაქარაშვილი დაინიშნა, მთავარ ადმინისტრატორად - ავთანდილ ჯანხოთელი.

ანსამბლის რეპერტუარში იყო ქართული ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშები. „ქუთაისმა“ უდიდესი წარმატებები მოიპოვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. საგასტროლო ტურნეები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვე-ყანაში: საფრანგეთი, თურქეთი, საბერძნეთი, იტალია, გერმანია, შვეცია, ბელგია, ესპანეთი, კონგო, გვინეა, ჰოლანდია, ბულგარეთი, პოლონეთი, უნგრეთი...
1991-94 წლებში ანსამბლის მომღერალთა გუნდი მონაწილეობდა ცხენოსანთა თეატრ „ზინგაროს“ სპექტაკლებში. 1992 წელს გადაღებულ მხატვრულ ფილმში „მაზეპა“ ანსამბლის 10 მომღერალი მონაწილეობს და ქართული სიმღერებითაა გახმოვანებული. ეს მუსიკალური ფილმი 1993 წელს საფრანგეთის კინემატოგრაფიამ კანის ფესტივალზე წარადგინა. კანის ფესტივალზე ფრანგულმა მხარემ ანსამბლი  „ქუთაისი“ საგანგებოდ მიიწვია ფესტივალზე. იქ შეკრებილი ელიტარული საზოგადოება ქართველებმა გავაოცეთ ქართული სამზარეულოთი და ნაციონალური ცეკვებით. 1993 წელს ჰოლანდიაში დაიბეჭდა მსოფლიო ფოლკლორის მარგალიტები, სადაც ჩვენი ანსამბლის მიერ შესრულებული 10 ხალხური სიმღერა და 8 საგალობელია შესული. საგალობლები გელათის მონასტერშია ჩაწერილი.

სამწუხაროდ, დღეს ანსამბლის ცნობილ სახეებს სხვადასხვა რესტორანში უწევთ გამოსვლა. არადა, როგორი შემოქმედებითი გზა გავიარეთ! საფრანგეთში 3 წლის მანძილზე ვიყავით მონაცვლეობით, 306 სპექტაკლი ვითამაშეთ. ეს იყო დამოუკიდებლობის შემდეგ პირველი ანსამბლი, რომელიც ფრანგულმა მხარემ საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით წაიყვანა!“

1991 წელს ესპანეთში პალმა დე მალიორკას მსოფლიო ცეკვის ფესტივალზე მოვიპოვეთ გრან-პრი და პირველი ადგილი,1996 წელს ანსამბლი იტალიის მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი გახდა, 1997 წელს - საქართველოს პირველი ეროვნული ცეკვის ფესტივალის გრან-პრის მფლობელი, ასევე არის 2003 წელს ბელორუსიაში მოგილოვის საერთაშორისო ფესტივალის  - „ოქროს შლაგერის“, 2005 წელს რომის საერთაშორისო სიმღერის ფესტივალის, 2006 წელს აშშ იდაპოს ცეკვის და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული.

ვინც კი გამორჩეული  ბიჭები იყვნენ, ყველანი სუხიშვილებში და „ერისიონში“ ცეკვავდნენ, იმიტომ, რომ ქუთაისის საცეკვაო სკოლა ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ საქართველოში.“

თუმცა, ასეთი სახელოვანი მოღვაწეების ამაგი, ჩვენი რესპონდენტების თქმით, ქუთაისის ადგილობრივმა მთავრობამ დაივიწყა და, საკრებულოს 2010 წლის ?59 განკარგულებით საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ანსამბლი გააუქმა.
- 1998-2003 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობა სრულად ვერ გვაფინანსებდა. თუ თანხას დაგვირიცხავდნენ, იმდენს გვაძლევდნენ, რამდენიც ხელფასებისთვის იყო საკმარისი, რის გამოც სოციალური, საშემოსავლო და სხვადასხვა რეკვიზიტები ვერ გადავრიცხეთ სახელმწიფოს ანგარიშზე. ამან გამოიწვია დავალიანება და საბანკო ანგარიშს დაედო ყადაღა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენ სამუშაოებს ვაგრძელებდით. 2006 წელს ჩვეულებრივად მივიღეთ 40 000 ლარიდან 35000 ლარი, რის შემდეგაც დარიგდა 2006 წლის ხელფასები. ამ წელიწადს დარჩა დეკემბრის ხელფასი - 3 500 ლარი. მაგრამ ეს თანხა უნდა მიგვეღო 2007 წლის ანგარიშით...“ - იხსენებს თამაზ ზაქარაშვილი - 2007 წლის იანვრისთვის ანსამბლს 51 000 ლარი ჰქონდა ვალი, ხოლო ბიუჯეტის დამტკიცებისას ანსამბლს 50 000 ლარი დაუმტკიცეს, მაგრამ, ქუთაისის ყოფილი მაჟორიტარის აკაკი ბობოხიძის მხარდაჭერით, 55000 ლარი კიდევ დაუმტკიცეს, რამაც, საბოლოო ჯამში, 105 000 ლარი შეადგინა. ამ ბიუჯეტიდან 51 000 ლარი ანსამბლს ვალის დასაფარად ჰქონდა გამიზნული, ხოლო დარჩენილი თანხა სახელფასო ვალდებულებებისთვის იყო განკუთვნილი. 2008 წელს ბიუჯეტში გვქონდა 10 000 ლარი. თუ 2007 წელს გაუქმდა ანსამბლი, მაშინ 2008 წელს ბიუჯეტში როგორ მოვხვდით? 2009 წელს ჩვენზე დამტკიცებული ვალი 171 00 ლარი დაგვიფარეს. მაგრამ თუ 2008 წელს ბიუჯეტი დაგვიმტკიცეს, 2009 წელს კი დაგვიფარეს და შემდეგ 2011 წელს გვეუბნებიან, 2007 წელს გაუქმდაო. სად არის ლოგიკა?
როგორც ისინი გვიამბობენ, 2010 წელს მოულოდნელად მიიღეს წერილობითი შეტყობინება იმის შესახებ, რომ ანსამბლი უნდა გაუქმებულიყო.

- 2010 წლის 15 ნოემბრის ?59 განკარგულებით - თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს გადაწ-ყვეტილებით, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი                „ქუთაისი“ ლიკვიდირებულ იქნა. შეიქმნა სახელმწიფო კომისია მერიის მოადგილის დავით გორდელაძის ხელმძღვანელობით. ხოლო 1 დეკემბერს კომისიის და ექსპერტების თანხლებით დაიწყო ანსამბლის ბალანსზე არსებული ნაციონალური სასცენო რეკვიზიტის აღწერა-გადაბარება, რომელიც დამთავრდა ოფიციალური კომისიის ხელის მოწერით და ბეჭდის დასმით, - ამბობს თამაზ ზაქარაშვილი, - 21 დეკემბერს აღნიშნული რეკვიზიტები ფოლკლორის სასახლეს გადასცეს თითქოსდა შესანახად, მაშინ, როდესაც თავად აღნიშნულ სასახლეში ანსამბლი შეიქმნა მერიის დაფინანსებით.
- ფოლკლორის სასახლეს ყოველთვის კარგი საბავშვო კოლექტივები ჰყავდა. მათთან პრეტენზიები არ გამაჩნია. უფრო კარგი არაა, როცა ორი ან უფრო მეტი ანსამბლი იქნება სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ? უფრო განვითარდება ანსამბლები, როცა კონკურენცია წავა, - ამბობს ზურაბ სიხარულიძე, - ჩვენ მხოლოდ იმაზე გვწყდება გული, რომ ასეთი ტრადიციების ანსამბლი არ უნდა გაუქმებულიყო  და  არც  ასე უჩუმრად წასულიყო!

ყოფილი ხელმძღვანელების თქმით, „ანსამბლი, რომელმაც ქალაქს და ქვეყანას ასე გაუთქვა სახელი, უყურადღებოდ მიატოვეს და იმის საშუალებაც კი არ მოგვეცა, ერთი გამოსამშვიდობებელი საღამო მიგვეძღვნა ქუთაისელებისათვის, მითუმეტეს, რომ ასეთ შემთხვევაში ხელფასზე უარს ვამბობდით.“

ანსამბლის წევრებმა საკრებულოს 2010 წლის განკარგულება სასამართლოში გაასაჩივრეს. როგორც ხელმძღვანელები ჩვენთან ჰყვებიან, პირველი გადაწყვეტილება მოსამართლემ ანსამბლის სასარგებლოდ მიიღო და დაავალა მერიას, „ერგება ამ ხალხს თანხა და მიეცითო“, თუმცა შემდეგ პროცესზე აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვალა და ძალაში დატოვეს საკრებულოს    2010     წლის      გადაწყვეტილება.

არც ახლაა გვიან: იქნებ ქალაქმა ორგანიზება გაუკეთოს ანსამბლ „ქუთაისის“ გამოსამშვიდობებელ საღამოს და დიდი სცენიდან ღირსეულად გააცილოს.

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2007
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია