დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„დროსთან მებრძოლი“ ზაზა კილასონია
2012/07/16 13:29:19

დაახლოებით ერთი თვის წინ, ქალაქში გავრცელდა ეგრეთწოდებული „ფლაერები“, სახელწოდებით „დროსთან მებძოლი“. ეს ფურცლები ზაზა კილასონიას შემოქმედებით საღამოზე  იუწყებოდა.

 

  

ვინც თვალყურს ადევნებს ქუთაისის თეატრალურ და მუსიკალურ ცხოვრებას, მისთვის ეს სახელი და გვარი უსათუოდ ნაცნობია. ზაზა კილასონიამ ქუთაისის მე-2 საშუალო სკოლა დაამთავრა, ამავდროულად ?2 სამუსიკო სკოლის შვიდწლედი. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის, თეატრალური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დამკვიდრდა, როგორც მსახიობი და კომპოზიტორი.

ზაზა კილასონია ნოსტალგიით იხსენებს სამსახიობო კარიერაში გადადგმულ პირველ ნაბიჯებს: „ჩემი პირველი როლი დათო ტურაშვილის „და ერთ მშვენიერ დღეს“ იყო, სადაც გიოს როლს ვასრულებდი და, ამასთანავე, ჩემი მუსიკით გაფორმდა სპექტაკლი. აქიდან დავიბადე მე, როგორც კომპოზიტორი“. 

სხვა მსახიობებისგან განსხვავებით, მას საოცნებო როლი არასოდეს ჰქონია, რადგან საკუთარ თავში მუდმივად ეძებდა თუ რომელი როლი  შეიძლება  ყოფილიყო მისთვის საოცნებო: „მე ჯერ, როგორც მსახიობმა, თავი ვერ გამოვავლინე ისე, როგორც მინდა. თეატრი რთული ურთიერთობების სამყაროა. დამოკიდებული ხარ რეჟისორზე, როგორ შეგაფასებს ან როგორ შესთავაზებ შენს ნიჭს. ამდენი ხნის მანძილზე უკვე ვთვლი, რომ ვიპოვე საოცნებო როლი - პაველ ვეჟინოვის „ბარიერში“ - ანტონის როლი. ეს სპექტაკლი კომპოზიტორზეა, რომელსაც პატარა გოგონა შეუყვარდება და ამ გოგონასაც უყვარდება ასაკით უფროსი კაცი. ძალიან სენტიმენტალურია, მელოდრამის ტიპი. გაკეთებულია სცენარი. მუსიკა, რა თქმა უნდა, ჩემი იქნება და მთავარ როლსაც მე ვითამაშებ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“

ყველამ იცის, მსახიობობა რა დიდ ნიჭთან და შრომასთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით - როცა პრემიერისთვის მზადებაა. მათთვის სცენა საცხოვრებელ ადგილად იქცევა ხოლმე. ყველამ საკუთარი კომფორტი უნდა მოიკლოს იმისათვის, რომ მაყურებლამდე არამხოლოდ „სცენის მტვერი“ მიიტანოს, არამედ გაცოცხლებული პიესა რეალობად უქციოს.

მსგავსი რეჟიმით გადაღლილი ზაზა კილასონია გაზეთ „P.S.“-ს იმაშიც გამოუტყდა, რომ ღამენათევს, სპექტაკლის თამაშის დროს ტექსტი დავიწყებია: „როცა ღამეების უძილარი, ნანერვიულები და გადაღლილი ვყოფილვარ, მქონია შემთხვევა, სპექტაკლის თამაშის დროს სიტყვები დამავიწყდა. ამ მომენტში დაბნევა არ შეიძლება, პირიქით, ვცდილობ გონებაში წამიერად გადავავლო თვალი პიესას, ირგვლივ მიმოვიხედავ და, სიტუაციის შესაფერისად, ჩემივე სიტყვებით ვავსებ დანაკარგს. ეს იმდენად სწრაფად და შეუმჩნევლად უნდა გააკეთოს მსახიობმა, რომ მაყურებელმა ვერ შენიშნოს სპექტაკლიდან ამოვარდნა“.

ზაზა კილასონია მსგავსი სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით და სცენაზე გასვლის წინ სტრესის მოსახსნელად აუცილებლად უხმობს ირგვლივ მყოფ რომელიმე ადამიანს, ვინც საფეთქლებს დაუზელს, თავად, თვალებდახუჭული, ლოცვას ხმამაღლა წარმოსთქვამს, პირჯვარს გადაიწერს და სცენაზე გასვლისთანავე სხვა სამყაროს უერთდება.

უკვე 30 წელია, მუსიკას წერს. მუსიკალურში სწავლის პერიოდშივე ქმნიდა პატარა ნაწარმოებებს. სტუდენტობისას  მუსიკალურად გააფორმა საკურსო სპექტაკლი - „უსახელო ვარსკვლავი“, რომელსაც კონსერვატორიის სტუდენტები ვიოლინოზე ასრულებდნენ. დიდ კომპოზიტორებთან ურთიერთობამ, დრომ და გამოცდილებამ მას საკუთარ თავში იმის უნარი აპოვნინა, რომ უფრო დიდი ნაწარმოები შეექმნა. თუ თვალს გადავავლებთ მისი მუსიკალური კომპოზიციების სათაურებს, მივხვდებით, რომ ავტორს უაღრესად  სათუთი და ფაქიზი განცდებით შეუქმნია ეს მელოდიები: „მზის ამოსვლის წინ“, „ცხოვრების ტემპი“, „სინანული“, „სიცოცხლე გრძელდება“, „ჭეშმარიტი სიყვარული“, „ბარათი სევდის სამყაროდან...“ ასევე მისი კომპოზიციები ჟღერს არაერთ სპექტაკლში: „უსახელო ვარსკვლავი“, „და ერთ მშვენიერ დღეს“, „ვატერპოლოო“, „მეფე ლირი“, „რაც მოგივა, დავითაო...“

„იმისათვის, რომ შევქმნა ნაწარმოები, მუზას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს მუზა თავისებურად შემოდის შემოქმედში. ყველა ეს ნაწარმოები ისე დავწერე, არც უკითხავს ჩემთვის, დამწერ თუ არაო. არც მე შემითავაზებია საკუთარი თავისთვის. ეს თავისებურად მოდის, ძალიან უცნაური პროცესია“.

ზაზა კილასონიას მუსიკალური კომპოზიციები სხვადასხვა დროს შესრულებულია ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალში, თბილისის სამხატვრო აკადემიასა და უცხო ენათა ინსტიტუტში. მის ნაწარმოებებს დირიჟორობდნენ თვალსაჩინო მუსიკოსები: გივი აზმაიფარაშვილი და თენგიზ ჭუმბურიძე. ამ დღეებში გამართულ სოლო-კონცერტზე თავისი ნაწარმოებების შესრულება ისეთ ცნობილ სახეებს მიანდო, როგორიცაა: ბორის ბედია, მარიტა როხვაძე, ნინი შერმადინი, გოჩა ჩოგოვაძე, შოთა ბანძელაძე.

„კომპოზიციებს როცა ვწერ, უკვე ვიცი, ვინ უნდა შეასრულოს, ვიცი, ესტრადაზე ვინ როგორ მღერის და, აქედან გამომდინარე, ვწყვეტ, ვის მოუხდება ჩემი ნაწარმოების შესრულება“.

„მაყურებელს არ აინტერესებს, კულისებს მიღმა ვის რა პრობლემა აქვს, ვის სტკივა და ვის რა აწუხებს. ის როცა მოდის, უნდა შესთავაზო მხოლოდ ღირებული. სხვა შემთხვევაში კონცერტი თუ სპექტაკლი წარმატებული ვერ იქნება. მაყურებელი მოდის სიამოვნებისთვის და ამის მისაღწევად ბოლომდე ვიხარჯებით. ჩემი სოლო კონცერტისთვის ორი წელი ვემზადებოდი. ხელოვნება ისეთი რამ არის, ჭეშმარიტად ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია. თუმცა მაქსიმალური სჭირდება მაყურებელს.“ - ამბობს ზაზა.

მისი გეგმები, ამჯერად, იტალიის ქალაქ არიცოს სიმფონიურ ორკესტრს უკავშირდება, სადაც საკუთარ კომპოზიციას - „ელეგიას“ შეასრულებს. როგორც კომპოზიტორი, მოღვაწეობის გაგრძელებას იქ აპირებს. იტალიური ენის კარგად დაუფლების შემთხვევაში კი მსახიობობაზეც იფიქრებს. და ბოლოს, მაესტრო ჯან ლუკა მარჩიანოს დავესესხები: „დარწმუნებული ვარ, გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ეს ხელოვანი, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს. მოისმინეთ და შეიგრძენით: ის ნიჭიერი კომპოზიტორია“.

 

ხატია გორგოძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2558
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია