დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თამუნა ალადაშვილი: „გვინდა ყველა კუთხეს მოვეფეროთ“
2012/07/16 13:28:32

22 წლის მომღერალი თამუნა ალადაშვილი, ცნობილი ანსამბლის „გორდელას“ წევრია. დაიბადა თბილისში, შვიდი წლიდან მღერის. ოჯახში ყველა მღერის: მშობლები, დები, ძმა. თამუნას უფროსი და, ანსამბლ „გორდელას“ პირველი თაობა, ანსამბლის პირველი ხმა იყო. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ თამუნა    „გორდელაში“ მოხვდა. ანსამბლს დღეს რვა წევრი ჰყავს და რვავე მანდილოსანია.

 

თამუნას თქმით, მას ოცნებები არ აქვს, მას სურვილები აქვს: „ოცნება ცოტა ირეალურია, ჩემი სურვილია, ჩემს გარშემო ყველა ბედნიერი იყოს, ერთმანეთი უყვარდეთ და პატივს სცემდნენ, ბევრი კეთილი სურვილი მაქვს საქართველოსთვის.“ თამუნას ლაღი ხასიათი აქვს, როცა მღერის, ყველაზე ბედნიერია და სურს, ყველას გაუნაწილოს თავისი ბედნიერება. ცდილობს, იყოს კარგად, ყოველთვის კარგ ხასიათზე, ღიმილით შეხვდეს ყველას: „ღიმილი ყველაზე ფასეულია, ის ხომ ყველაზე კარგად რჩება ადამიანს მახსოვრობაში და დადებით ემოციებს აღძრავს.“

ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის სტუდენტს, უყვარს აქტიური ცხოვრება და ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყოველი დღე და წუთი.

კარგად ცეკვავს, ხატავს, ქარგავს, ქსოვს, ასევე წერს სიმღერებს, რომელთაც საკუთარი განცდებით ავსებს.

ანსამბლი „გორდელა“ ხუთი წლის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა, მას თამაზ მამალაძე ხელმძღვანელობს. „ჩემთვის ყველა ხალხური ტრადიციული სიმღერა საყვარელია, მაგრამ მთის სიმღერებს გამოვარჩევდი. ჩემი აზრით, „გორდელა“ უფრო ცნობადი გახდა ელგუჯა უძილაურის ტექსტზე შექმნილი სიმღერით „დეკა.“ - ამბობს თამუნა.

ინტერნეტსივრცეში ანსამბლის სიმღერებს უკვე ასი ათასამდე მნახველი ჰყავს. „ლალე“, „დილაო ადრიანაო“, რაჭული სიმღერების პოპური, აჭარული სიმღერების    პოპური,    „საპატარძლო  სახუმარო“,       „შენმა  სურვილმა“,  „რამდენი მალოდინე“, „სახსოვარი“ და ა.შ. ეს იმ სიმღერების ჩამონათვალია, რომლითაც ისინი ქართველ მსმენელს ათბობენ.

ანსამბლი წელს ხუთი წლის გახდა:  „მთელი წელი იუბილეა ჩვენთვის, ძალიან გვინდა, ყველა კუთხეს მოვეფეროთ, მაგრამ შესაბამისი ფინანსები არ გვაქვს და ველოდებით შემოთავაზებებს. ჩვენ არსად დავიზარებთ კონცერტის ჩატარებას.“

ანსამბლს შემოთავაზებები სხვადასხვა ფესტივალიდან, კერძო ღონისძიებებიდან, საქველმოქმედო ორგანიზაციებიდან და სხვადასხვა პროექტიდან აქვს.

თამუნამ შვილებთან ერთად ტრაგიკულად დაღუპული, უნიჭიერესი მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი გაიხსენა, რომლის სიმღერებსაც დღეს თავად ასრულებენ:
„თეონა ჩვენი ანსამბლის მეგობარი იყო და ჩემი ოჯახის ახლობელი, უსაყვარლესი და უნიჭიერესი,   ის   არ    იყო   ამქვეყნიური,  უბრალო  მოკვდავი, ჩემთვის ის ზეცის ანგელოზი იყო, რომელმაც იგალობა, შემდეგ დაგვტოვა და გაფრინდა. მისი მოსმენით ყველა ტკივილი ქრებოდა, თეონას სიმღერები აგატირებთ და დაგამუნჯებთ, შესრულების მანერა დაგაფიქრებთ. თეონას სიმღერებს დღეს მე ვასრულებ და ყოველი შესრულების დროს ვიხარჯები ბოლომდე და განვიცდი მის თითოეულ ნათქვამ  სიტყვას,  რადგან  მან   ეს  სიტყვები სულის სიმღერით დაწერა, ის ჩემთვის განუმეორებელი და ცოცხალია.“

ანსამბლ „გორდელამ“ ქუთაისში სამჯერ ჩაატარა კონცერტი. თამუნა ამბობს, რომ ქუთაისელი მსმენელი კრიტიკულია. მაგრამ, რაკი ანშლაგით ჩაიარა კონცერტმა, ესე იგი, საღამო შედგა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2212
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია