დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როინ აბუსელიძე: „სასიამოვნოა, როცა ესმით და იზიარებენ, რაც გტკივა და რასაც ამბობ...“
2012/07/09 13:46:56

23 წლის ბათუმელი პოეტი როინ აბუსელიძე ნიკოლოზ ბარათაშვილის პირველი პრემიის ლაურეატი და მის მშობლიურ ქალაქში გამართული „ლექსების გამოფენის“ პირველადგილოსანია. მან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა.

 

ის ამბობს, რომ საკუთარ თავზე მუშაობს. პირველი ლექსი, რომელმაც მოწონება დაიმსახურა, ადრეულ ასაკში დაწერა: „ალბათ, ასე, მეორე, მესამე კლასში დავწერე პირველი ლექსი, რომელმაც ოჯახის წევრების მოწონება დაიმსახურა. ცხადია, სხვისთვის არც გამიმხელია, მაგრამ მას შემდეგ ვწერდი ხოლმე ხანდახან, ჩემთვის.“

ოჯახში, როინის გარდა, მისი მეუღლეც წერს, თუმცა - იშვიათად. როინი იხსენებს პოეზიის პირველ საღამოს: „საღამოზე მოვიდა ერთი ადამიანი და ისიც ეროვნებით რუსი, რადგან კონცერტი ეგონა და არა პოეზიის საღამო.

ბევრია ისეთი პოეზიის საღამო, რომელიც დასამახსოვრებელი იყო, მაგრამ განსაკუთრებით ბათუმის თეატრში გამართული საღამო მაგონდება, ის იყო პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა.“

პოეზია მისი ცხოვრების თანმდევია, რომლის გარეშეც არ იცის, როგორ იცხოვროს. ამბობს, რომ ამ ყოველივეს ვერსად გაექცევა.

ინტერნეტსივრცეში მის ერთ-ერთ ლექსს, სახელწოდებით „ჩემი ნენე და დედაშენი“, ხუთასი ათასზე მეტი მნახველი ჰყავს. მისი შემოქმედება ქართველმა მკითხველმა შეიყვარა და მისი სახით, თანამედროვე ქართულ მწერლობაში საინტერესო და გამორჩეული ახალგაზრდა პოეტი გვყავს.

„ალბათ, როგორც ყველა შემოქმედისთვის, ჩემთვისაც სასიამოვნოა, როცა ესმით - რას ამბობ და იზიარებენ კიდეც შენს ტკივილს“.

ჩვენთან საუბრისას როინმა გაიხსენა ის დრო, როცა „ლექსების გამოფენაზე“ პირველი ადგილის მფლობელი გახდა:

- „ლექსების გამოფენის“ „ხალხის სიმპათია“ და პირველადგილოსანი ვარ, მოულოდნელი იყო ჩემთვის ის წარმატება. დღესაც განსაკუთრებულად მახსენდება და წარმატებას ვუსურვებ მაგ პროექტს. აქვე დავსძენ, რომ საქართველოში მსგავსი ობიექტურობის მატარებელი კონკურსი არ ტარდება.“

კონკურსი ბათუმში წელსაც გაიმართა. მაშინდელ და ახლანდელ                 „ლექსების გამოფენას“ შორის, როინის თქმით, განსხვავება ის არის, რომ კონკურსში მონაწილეობის უფრო და უფრო მეტი მსურველია, უფრო მასშტაბური ხდება, იხვეწება პროექტი, იზრდება საპრიზო ფონდი, ჩამოდიან და მონაწილეობას იღებენ საზღვარგარეთ მყოფი ქართველები.

კითხვაზე, თუ რას ფიქრობს თანამედროვე მწერლობაზე ახალგაზრდა პოეტი, მიპასუხა: „ძალიან კარგი თაობა მოდის, რომელსაც დაფასება სჭირდება. ახალგაზრდა პოეტების ლექსებით დაინტერესებულ მკითხველს მოვუწოდებ, რომ მხოლოდ და მხოლოდ  „იუთუბზე“ დადებული და ტელევიზიით გაშუქებული მასალით არ  შემოიფარგლონ. იკითხონ იმაზე მეტი, ვიდრე ისმენენ.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1722
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია