დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიმბოლოს ზონა
2012/07/09 13:42:23

დინოზავრი, შადრევანი და კოლხური თემა

 

შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, აღმოჩნდება, რომ ხელოვნების მოღვაწეები იმისდა მიხედვით ფასდებოდნენ, თუ ვინ უკეთ ასახავდა საკუთარი ყოფიერების მიმართებას სიმბოლური მნიშვნელობების განცდისადმი. ქანდაკებაში სიმბოლოს გადმოცემის ხერხი კი პლასტიკური ფორმაა.

სავარაუდოდ, ახლო მომავალში დასადგმელი ძეგლი-სიმბოლო „სათაფლია“ (ავტორი რეზო რამიშვილი), თითქოსდა, ახალი ფორმით გადმოსცემს ამ სიმბოლოს მნიშვნელობას. მაგრამ ახალ მთვარეზე დათესილი ჭირნახული, სამწუხაროდ, ყოველთვის კარგი როდია... ძეგლის ოსტატის ჩანაფიქრი საკმაოდ კეთილშობილურია, რადგან ცდილობს, უკვდავყოს დინოზავრის ნაკვალევის აღმომჩენი, მაგრამ გამოხატვის საშუალებაა, მწირი. აქ აზროვნება მიმართავს გარკვეულ კომპილაციას მნიშვნელობის გამოსახატავად, რომლის მთავარი აქსესუარია მინიშნება - უკანა ორ ფეხზე წამომართულ, „გაღიმებულ“ დინოზავრს ხელში „სიყვარულით“ ჰყავს ატატებული პეტრე ჭაბუკიანი. სიმბოლო აქ მოიცავს დაპირისპირებული მომენტების ერთიანობას, რომლებიც ხელოვნური და ჭეშმარიტი განსაზღვრებების სახითაა წარმოდგენილი. ხელოვნური სიმბოლოს საყურადღებო ატრიბუტია დინოზავრის მიერ ატაცებული ადამიანი, ხოლო ნამდვილის - ურჩხულზე გამარჯვებული კაცხორციელი. ნებსით თუ უნებლიეთ, აღნიშნულ ხელოვანთან სიმბოლო დათრგუნული ადამიანია, როგორც ექსტენსიურად, ასევე ინტენსიურად.

ადამიანის ღირსებისა თუ უფლებებისადმი პატივისცემის, მისი, როგორც პიროვნების, ღირებულების, ჰუმანისტური პრინციპიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესი სიმბოლური დილემა თავის თავში აერთიანებს გამარჯვებისა და შეურიგებლობის სიმბოლოებს. ამის ნათელყოფა „ლაოკოონის“ მაგალითზე, დინოზავრთან შედარებით, ალბათ, უფრო ახალგაზრდა ხერხემლიანების ფონზეა შესაძლებელი. საუკუნეების განმავლობაში ლაოკოონისა და მისი ვაჟების გველებისაგან დახრჩობა ანტიკური ეპოქის სკულპტორებისათვის საუკეთესო სიუჟეტი იყო. ლესინგმა ტრაქტატში „ლაოკოონი“ ამ სკულპტურული ხელოვნების ღრმა ანალიზი მოგვცა. იოჰან იოახიმ ვინკელმანმა ადამიანის იდეალი „ლაოკოონის“ სკულპტურულ ჯგუფში ჰპოვა. ბუნების მეფის სიდიადეს ვინკელმანი ძალადობის მიმართ მის სტოიკურ შეურიგებლობაში ხედავს. ვინკელმანის მიხედვით, იდეალს წარმოადგენს ფიზიკურად დამარცხებული, მაგრამ, უდიდესი ტანჯვის მოთმენის გზით, სულიერად გამარჯვებული ადამიანი. სწორედ ეს საზომები უნდა იქნას გათვალისწინებული, როცა ლაპარაკია ამა თუ იმ ძეგლის ავკარგიანობაზე. ვფიქრობ, დინოზავრთან სიმბიოზის გარეშე, უფრო უპრიანია პეტრე ჭაბუკიანის გასამარადისებელი ძეგლის აღმართვა. უკიდურეს შემთხვევაში, სხვა ფორმით, ცალ-ცალკეც შეიძლება მათი დადგმა.

ძეგლის აგებაზე როცა ვსაუბრობთ, შემდეგ გარემოებასაც უნდა გავუწიოთ ანგარიში: ვალენტინ კურბატოვმაც აღმოაჩინა იაკობაჩის მთებში დინოზავრის ნაკვალევი; ასევე, დინოზავრების ნაფეხურების მსოფლიოში უმდიდრესი ალაგია ხოჯაპილათას გვიანიურული ნალექები; პეტროგრაფმა მარო ხუჭუამაც სოფელ ბენარასთან მიაგნო სქიზოთერიუმის ნაშთებს. მიუხედვად ამისა, არც ზემოჩამოთვლილთათვის და აღარც იგუანოდონების მკვლევარ ლუი დოლოსათვის თუ გამოჩენილ პალეონტოლოგ მარკ რუბინშტეინისათვის აღუმართავთ ძეგლები.

პლასტმასისაგან დამზადებული დინოზავრის ძეგლი-მაკეტი, საეჭვოა, საქართველოში ტურიზმის სიმბოლოდ იქცეს. ძეგლებთან დაკავშირებით, პატივს ნურც მოვითხოვთ და ნურც დავითხოვთ. ნიკო მარის, კორნელი კეკელიძის, სიმონ ყაუხჩიშვილის, გრიგოლ რობაქიძის ძეგლები ზედმეტი არ იქნება ქუთაისისათვის. ხოლო, დინოზავრის, ჰიენოდონისა და დეინოთერიუმის ძეგლები დისნეილენდში შეიძლება დაიდგას ბავშვების გასართობად.

 

*** 

ზემომომყვანილ მსჯელობათა მწკრივში იკვეთება სინთეზი ეგრეთ წოდებული „კოლხური შადრევნის“ სახით. ამდენადვე შადრევანი ძეგლის დამატებაა და, შეიძლება ითქვას, ერთგვარი დამთავრებაც.

თავისი ეფექტით, შადრევანი მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ ნათქვამია, ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო როდიაო. რატომღაც, უკმარისობის გრძნობა იპყრობს ადამიანს. თუმცა, ყოველი საგანი ინდივიდისთვის ისეთია, როგორიც მას ეჩვენება. ოქროსფერისა (იგივე მსუყე ყვითელი) და ლურჯის (ცისფერი) დომინირება შორენკეცებით მოპირკეთებული ბაბილონის მთავარი ჭიშკრის კონფიგურაციას ახსენებს მნახველს. ამაში ცუდი არაფერია. მით უმეტეს, ყვითელი ფერი უცხო არ არის „ოქრომრავალი“ კოლხეთისათვის. მაგრამ ბაბილონში ყვითელი და ლურჯი შორენკეცებით (გამომწვარი თიხის ფილა ბრჭყვიალა ზედაპირით) მოპირკეთებული იყო მეფის, დიდებულებისა თუ ვაჭრების სასახლეები - შადრევნების გამოკლებით. „კოლხურ შადრევანთან“ მიმართებით, ცისფერის შეხამება ყვითელთან ზედმეტად მყვირალა ტონალობას ქმნის. ეს ფერები ურთიერთგამომრიცხავ, პირწმინდად დისჰარმონიულ კომბინაციას იძლევიან და არ შეიცავენ ერთგვარ მთლიანობას. ამის შედეგად კი ფერის გრძნობად-ესთეტიკური ზემოქმედება მდარდება. ალბათ, აუცილებლად იყო გასათვალისწინებელი გოეთესა და ნიუტონის მოძღვრებები ფერის, სინათლის და სინათლის აღქმის შესახებ. მათი ახსნა-განმარტებები ვინმეს თუკი ჰიპოთეტურად მოეჩვენებოდა, მაშინ შეეძლოთ, ტექნიკის შედარებით ახალი მიღწევების სახით, ბენჰემის ეფექტისა და ედვინ ლენდის ცდების ელემენტები გამოეყენებინათ.

გარდა უცხოელი კორიფეებისა, კონკრეტულად ყვითელი და ლურჯი (ცისფერი) ფერების სიმბოლიკა კლასიკური ხანის ორიგინალურ ქართულ ძეგლებშიც განიხილება: ყვითელი ფერი „ვისრამიანში“ გამოხატავს მწუხარებას; „ვეფხისტყაოსანში“ ყვითელი ფერი, როგორც სნეულისათვის დამახასიათებელი, გვხვდება ორჯერ; ლურჯი ფერი „ვისრამიანში“ ასახავს გლოვას; ცისფერიც „ვისრამიანში“ იმეორებს იმავე შინაარსს, რასაც ლურჯი და მწუხარებას უსვამს ხაზს; რაც შეეხება „ვეფხისტყაოსანს“, აქაც ლურჯი ფერით გამოხატულია სამგლოვიარო სამოსი. ამდენად, როგორც ვხედავთ, ყვითელი და ლურჯი (ცისფერი) ფერები უმეტესწილად ასოცირებულია სევდასა და სნეულებასთან.

ცისფერ პოსტამენტებსა თუ პედესტალებზე აღმართულ კოლხურ ნაკეთობათა ყვითელი ასლები და ცხენებიც სიმბოლურობის ელფერისკენ იჩენენ მიდრეკილებას. თუმცა, შეუსაბამობაც აშკარაა, რადგან ცხენები თავ-კისრებით სამთავრობო აპარტამენტებისა და ბანკისკენ არიან მიმართულნი, ხოლო უკანა ნაწილით - თეატრისაკენ. „ალეგორია“ ასეთია: კულტურისაგან (თეატრი) ზურგშექცეული სტატიკური ცხენები ქედს იდრეკენ ძალაუფლებისა და ფულის (ბანკი) წინაშე. ამ დროს კი, ცხენებთან დაკავშირებით, ეკლექტური პოზიციის შერჩევა მაინც და მაინც განსაკუთრებულ ძალისხმევას არ ითხოვდა. რაც შეეხება, კვლავ, სიმბოლოს, მსოფლიო საზოგადოებრიობა უპირველესად აცნობიერებს კოლხეთს იმ შემთხვევაში, როდესაც კონტაქტი აქვს ისეთ სახელებთან, როგორიცაა: მედეა, აიეტი, აფსირტე, არგონავტები. სწორედ ამ სახელებთან დაკავშირებული სკულპტურული კომპლექსი შეასრულებდა კოლხეთის სიმბოლოს არც თუ ისე ამბიციურ ფუნქციას.

სუბიექტური მსჯელობის სწორი ხაზიც აქ წყდება: ზერელე სქემატიზაციის ნაცვლად, შევეცადე, აუცილებლად მიჩნეულ ღირებულებათა ძიების წარმოჩენისაკენ ამეღო გეზი.

 

ნუგზარ გულორდავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2218
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია