დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მესხიშვილის თეატრის „რეაბილიტირებული შენობა“ ჯერაც დაუსრულებელია
2012/07/09 13:38:59

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო და წელს, ორ მაისს, პრეზიდენტმა ზარზეიმით გახსნა. მაშინ თეატრში, პრეზიდენტის მოსასმენად, მოსაწვევებით შესულ, სპეციალურად შერჩეულ საზოგადოებას ეგონა, რომ თეატრის რეაბილიტირება სრულიად დასრულებული იყო და მისი პირვანდელი სახის დაბრუნებისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან  გამოყოფილი 2 048 321 ლარი მიზნობრივად დაიხარჯა.

 

„პროექტისთვის გამოყოფილი რამდენიმე მილიონი ლარის ფარგლებში თეატრის სრული რეაბილიტირება უნდა მომხდარიყო, რაც მოიცავდა შენობის სახურავის შეკეთებას, ისტორიული ჩუქურთმებიანი ფასადის, ეკლარის პერანგის დასუფთავებას, საძირკვლის გამაგრებით სამუშაოებს, ასევე - იარუსების, პარტერის და ჰოლის აღდგენას, საგრიმიოროებისა და სარდაფის გარემონტებას და ა.შ.
„მე მიხარია, რომ დღეს ქუთაისელებს ახალი, რეაბილიტირებული და გახსნილი თეატრიდან მივესალმები, ეს არის თეატრი,  რომელიც   ყველაზე   დიდია   ქვეყნის   მასშტაბით.  რეაბილიტირების   პროექტის  ფარგლებში სრულიად განახლდა თეატრის ყველა კუთხე-კუნჭული, რაც მისასალმებელია. მსგავსი მასშტაბური რეაბილიტირება ამ თეატრის ისტორიაში არ ყოფილა!“ - განაცხადა ორ მაისს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად, პრეზიდენტის მიერ თეატრის გახსნიდან ოთხი დღის შემდეგ, ნიკოლოზ ოსტროვსკის სპექტაკლის - „შემოსავლიანი ადგილის“ პრემიერის მსვლელობისას, სცენაზე წვიმა დაიწყო. იქ მისული საზოგადოებისათვის თავდაპირველად რთული წარმოსადგენი იყო, თეატრში რომლის რეაბილიტირებაზე მილიონები დაიხარჯა, სახურავიდან წყალი ჩამოსულიყო, მაგრამ შემდეგ, როცა წვიმამ სცენაზე იმატა, ყველასათვის ყველაფერი ნათელი გახდა. მაშინ თეატრის ხელმძღვანელობამ გასასამართლებელი არგუმენტი მოიფიქრა და აღნიშნა, რომ პრემიერის  დროს  თეატრის  სცენაზე  „ლუქი“  იყო  ღიად  დარჩენილი და წყალი იქიდან ჩამოვიდა. მეტიც, ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, პრეზიდენტმა თეატრი ორ მაისს გახსნა, სამუშაოები 26 მაისს დასრულდებოდა და შენობა კვლავ რემონტის პროცესში იყო.

26 მაისი, კარგა ხანია, წავიდა.

უკვე ივლისი დაიწყო.

მოდით, ვნახოთ, დასრულდა თუ არა ის სამუშაოები, რომელიც ჯერ კიდევ ორ მაისს უნდა ყოფილიყო ჩაბარებული და როგორია შესრულებული სამუშაოების ხარისხი.

ჩვენ თეატრის შენობის დათვალიერება დავიწყეთ, ნანახმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: თეატრის უკანა მხარეს, საიდანაც, ძირითადად, მსახიობები შედიან, კვლავ უმძიმესი მდგომარეობაა. ათეული წლების წინ გალესილი კედლები ჩამონგრეულია, ამორტიზირებულ მდგომარეობაშია მსახიობების გასახდელი, ხოლო ბოლო სართულზე თვეების წინ დაწყებული სამუშაოები ახლაც დაუსრულებელია.

კითხვაზე, თუ რატომ არაა ამ დროისთვისაც დასრულებული თეატრის რეაბილიტირება, ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა ასეთი პასუხი მოგვცა:

„პროექტის ფარგლებში არ იყო გათვალისწინებული თეატრის სრულიად რეაბილიტირება, ამიტომ, ბუნებრივია, სამუშაოები კვლავ დარჩენილია და შესასრულებელია. თანხა, რომელიც შენობის რეაბილიტირებაზე გამოიყო, საკმარისი არ აღმოჩნდა მთლიანად თეატრის მოსაწესრიგებლად.“

ჭანჭალეიშვილისაგან სრულიად განსხვავებული პასუხი აქვს მმართველს, გიორგი სიხარულიძეს. ის აღნიშნავს, რომ  სამუშაოები როგორც გაწერილი იყო, ისე მიმდინარეობს.

„მიუხედავად იმისა, რომ თეატრი ორ მაისს გაიხსნა, სამუშაოები იმის შემდეგაც კვლავ მიმდინაორებს. თანხა, რომელიც თავდაპირველად  გამოიყო,  არ   აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ თეატრის განახლება მთლიანად მომხდარიყო. ამიტომ სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს და წლის ბოლომდე გაგრძელდება. მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი, როგორც გაწერილი იყო, ისე მიმდინარეობს.“

თუ ქუთაისში არსებულ, სხვა ახლაგახსნილ შენობებსაც გავიხსენებთ, მივხდებით, რომ ჩვენს ქალაქში ტრადიციად იქცა ნახევრადდაუსრულებელ შენობებზე ლენტის გაჭრა. ამის ნათელი მაგალითია პარლამენტის შენობა, ყოფილი კინოთეატრ „საქართველო“-ს ტერიტორიაზე არსებული გასართობი ცენტრი, „თი ბი სი“ ბანკი და სხვები.

როდის დასრულდება ლადო მესხიშვილის თეატრის სრული რეაბილიტირება და მეორედ ვინ გახსნის თვეების წინ პრეზიდენტის მიერ ერთხელ უკვე საზეიმოდ გახსნილ შენობას, ეს, ჯერჯერობით, უცნობია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1654
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია