დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანტონ ლორთქიფანიძე გაიხსენეს...
2012/06/29 20:27:50

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკამ და მისმა დირექტორმა ნარგიზა ჩოგოვაძემ მკითხველი საზოგადოება ანტონ ლორთქიფანიძის დაბადების 165 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიიწვიეს.

ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო ნაწილში, რიტა წაქაძემ, ნაკლებად ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეზე არაერთი საგულისხმო ფაქტი უამბო საღამოს მონაწილეებს. მის მიერ რამდენიმე წლის მანძილზე ძველ პრესასა და საცავებში ნაგროვები მასალა საინტერესოდ აღმოჩნდა. ფაქტობრივად, საზოგადოებამ მიიღო ანტონ ლორთქიფანიძისა და მისი მეუღლის - ელენე ყიფიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი, საკმაოდ სრულყოფილი ნაშრომი. ხაზი გაესვა ანტონ ლორთქიფანიძის უდიდეს ღვაწლს დღევანდელი სამეცნიერო ბიბლიოთეკის დაარსებაში. ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში, კირილე ლორთქიფანიძის არქივში დაცული ორი წერილიც სწორედ იმას ასაბუთებს, თუ როგორ ეშურებოდა დიდ საშვილიშვილო საქმეს ანტონი.

რეზო ჭეიშვილმა, გიორგი კეკელიძემ, გიზო თავაძემ და საღამოს სხვა მონაწილეებმა მაღალი შეფასება მისცეს რიტა წაქაძის მოხსენებას, ისაუბრეს ანტონ ლორთქიფანიძის დამსახურებაზე ქართული საზოგადოების წინაშე.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ლევან თაქთაქიშვილმა ასეთი წინადადება წამოაყენა: „ილია ჩვენი მამაა და, ცხადია, ილია ყველგან უნდა იყოს, მისი სახელი ჰქვია მრავალ დაწესებულებას. თუმცა, ალბათ, თავადაც გაუხარდებოდა, თუ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სამეცნიერო ბიბლიოთეკას უსაფლავოდ და უძეოდ გადაგებული საზოგადო მოღვაწის, ანტონ ლორთქიფანიძის სახელს მივაკუთვნებდით.“

დამსწრე საზოგადოება ამ წინადადებას ტაშისცემით შეხვდა.

 

ნანა ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1930
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია