დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა ხდება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში?
2012/06/25 13:15:41

„თბილისში გამოსვლების და პრესის აქტიურობის შემდეგ დაიხიეს უკან, მაგრამ ეს დროებითია“

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ახლოს, სოფელ უდაბნოში, სადაც სულ 180 ადამიანი ცხოვრობს, ყველაზე კარგად იციან ის პერიპეტიები, რაც სასაზღვრო ზოლში ხდება. მონასტერში აქვთ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ კლდეში ნაკვეთ ტაძრებს იქით კიდევ 600 ჰექტარი საქართველოს საკუთრებაა.

„ჩიჩხიტურის კოშკი, რომელსაც ახლა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ, ოთხი წლის წინ ჩვენი იყო, მაგრამ მოვიდნენ და უნებართვოდ დაიკავეს. მთელმა სოფელმა იარაღი ავისხით და მესაზღვრეები იქიდან გავყარეთ, მაგრამ სახლებში ჩვენი პოლიცია მოგვივარდა - იარაღი საიდან გქონდათო. მაშინ პრემიერი ნოღაიდელი იყო და პატრიარქს დაჰპირდა, პრობლემა რამდენიმე დღეში მოგვარდებაო, ოთხი წელი გავიდა და კოშკი ისევ აზერბაიჯანელებს უკავიათ და ჩვენ, ფაქტობრივად, დავკარგეთ. მათ მესაზღვრეებს ხშირად ვედავები ხოლმე და მეუბნებიან, ცოტაც გვაცადეთ, მონასტრიდან ბერებს გავყრით და ჩვენ დავიკავებთო. უდაბნოში მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სვანეთიდან სტიქიური უბედურებების დროსაა ჩამოსახლებული. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს. ადგილობრივები თავს, ძირითადად, მეცხოველეობით ირჩენენ და ამბობენ, რომ ეს არის საქართველოში ყველაზე ღარიბი სოფელი, რომელსაც წყალი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით აქვს.

ითქმის ყველა ოჯახში „გლობალ ტივის“ თეფშებია დამონტაჟებული, ამბობენ, რომ მხოლოდ „მაესტროს“ იჭერენ. სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა გარეჯის მონასტრის მრევლია. ისინი ტურისტებს ხორცს და ღვინოს სთავაზობენ - „მიირთვით, თორემ ღვინის გარეშე ამ კლდეების გავლა გაგიჭირდებათ,“ - გვითხრა უდაბნოელმა ბაჩო იოსელიანმა. ის ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებიდან, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ მშობლიურ სოფელში დაბრუნდნენ და ამბობენ, რომ გარეჯის მონასტერს საკუთარი სისხლით დაიცავენ.

ნაკურთხი ღვინისა და ხორცის მიღების შემდეგ კლდეებს ავუყევით, მეგზურობა ჯიმშერ ჩართოლანმა გაგვიწია. დავით გარეჯელის ცრემლების წყაროს მონახულების შემდეგ იმ მთაზე მივედით, სადაც წარსულში 6 000 ბერი დახოცეს, ახლა კი ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები პირისპირ დგანან.

ადგილს უამრავი ტურისტი ნახულობს და მათი საუბრის თემა, რა თქმა უნდა, საზღვარია.

ყველა ქართველი თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს საზღვარი წლიდან-წლამდე ჩვენი ქვეყნის საზიანოდ იცვლება. ადამიანი იფიქრებს, რომ ორივე ქვეყნის მესაზღვრეები თავიანთი ხელმძღვანელობისგან ძალიან დაჩაგრულები არიან - არც ქართველ და არც აზერბაიჯანელ სამხედროებს არ აქვთ რამე ჯიხური, რომ მცხუნვარე მზეს შეეფარონ. თუმცა, შენობის დადგმა, როცა საზღვარი არაა, თავისთავად გამორიცხულია. ეს ადამიანები მთელ დღეებს უწყლოდ, მზესთან და გიურზებთან ერთად ატარებენ. ჯიმშერ ჩართოლანმა ყველა ის მონასტერი დაგვათვალიერებინა, რომლებიც 6 მაისს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაიკავეს, მაგრამ ადგილობრივებისა და ქართული პრესის აქტიურობის შემდეგ უკან დაიხიეს. 

„6 მაისს მამაომ გვითხრა, რომ ტაძარში არ შეუშვეს. მთელი სოფელი ბრძოლას ვაპირებდით. ტაძარში სულ კარტოფილის ნაფცქვენები და კონსერვის ქილები ეყარა. იმათ კომენდანტს ვუთხარი - წადი, თორემ ფეხებით ჩამოგკიდებ-მეთქი და მიპასუხა: ისევ შენი პოლიცია დაგიჭერსო - როგორც არ უნდა იყვიროთ, ეს საკითხი ზემოთ უკვე გადაწყვეტილია, ეს ტერიტორია ჩვენიაო. თბილისში გამოსვლების და პრესის აქტიურობის შემდეგ დაიხიეს უკან, მაგრამ ეს დროებითია“, - დასძენს ჯიმშერ ჩართოლანი.

კლდეში ნაკვეთი ტაძრების ფერწერა უნიკალურ ნიმუშადაა აღიარებული, მაგრამ, სამწუხაროდ, თითქმის ყველა ფრესკას თვალები ან ამოთხრილი აქვს, ან - თეთრი გაჯით ამოლესილი. ზოგი მათგანი დაფხაჭნილია. ჩვენი მეგზურის განმარტებით, ეს აზერბაიჯანელებმა ჩაიდინეს, თუმცა ფრესკებზე ქართველების კვალიც იგრძნობა, უფრო საბჭოთა პერიოდის - უნიკალურ ფრესკებზე ხშირად შეხვდებით იმ დროის წარწერებს.

ადამიანების გარდა, მონასტრებს კიდევ ერთი მტერი ჰყავს - დრო. წლების გასვლასთან ერთად, პერიოდულად, კლდეები იშლება, რაც ეკლესიებს საფრთხეს უქმნის.

 

გიორგი სირაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1666
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია