დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მიყვარს სამშობლო - ასე ნატანჯი და მაინც ასეთი თბილი“
2012/06/25 13:12:49

„მიყვარს სამშობლო - ასე ნატანჯი და მაინც ასეთი თბილი“

ხედი შენიდან... 

 

დე, შენი ვარდისფერი სათვალე,
საღამოსავით მშვიდი,
დილასავით ცვრიანი,
მე მაქვს...
სუნთქვა თითებში 
ჩამითვალე
და სულზე ქარბორბალამ გადამიარა.

ვერ გეტყვი სად არის ცრუ და
სად მართალი,
სად ბჟუტავს მზე და
ანათებს წყვდიადი...
დედი, მე შენ შვილებზე გაგცვალე
და ღრუბლებს თვალები აუწყლიანდა.

მთვარეს ფალანგები ნაკეც-ნაკეც ავათალე,
შენ, ვარსკვლავებში დამაფრთიანე.
ყველა დედაშია, მაინც, მარცვალი
თითო,
დედაკაცის
თავსაფრიანის.
ვტირი და შფოთავს შენი საფლავი 
ჩემს გამო,
გულს ზამბახებმა გადაგიარეს.
დე, შენი ვარდისფერი სათვალე
მე მაქვს... ვწერ... ვნანობ
და ღამე არის, გვიანი.

 

აქ ტკივილია


შენ საკარცხულში უნდა უჯდე, 
უშგულში მახვშებს,
ღამით, სათიბში, 
ვარსკვლავების გიკრთოდეს დასი...
არა და არა! 
არ გაძლევდეს სვე, 
მრუში საშველს
და ქალაშავა კალმახივით 
გიხლტოდეს მკლავზე.

ორთაჭალასთან, შენი ტივი 
ქარვას აპობდეს,
ედევნებოდე მშვილდით კანჯარს, 
ან შლიდე ბადეს.
წალკოტში სატრფოს უკითხავდე 
ვაჟას და ბოდლერს.
ანდა, ბადაგი ამოწვართო 
ალისფერ ბაგეს.

დუქანში კინტოს შეალეწდი 
სიურჩით სირჩას,
გამოძერწავდი პაოლოს და 
გრანელის ლანდებს,
მკერდს ჩაუჩეხდი ცოლისათვის 
ჭიუხში ყივჩაღს,
ან „პალასოტელს“ აახლებდი 
ცხრა ეტლით ვარდებს.

შენს სისხლძარღვებში უნდა 
ჰყეფდეს ჟიპიტაური,
აშიშხინებდე მოტკარცალე 
კოპიტზე მწვადებს,
ნაბახუსევზე სუნთქვას გცემდეს 
გრილი ზღვაური
ან ღამენათევს შენი წაწლის 
წადილი გწვავდეს.

აქ რაი გინდა, არც ვარდია, 
არცა ლექსია,
რად იარები ღიმიანი 
ეკლიან გზაზე.
აქ იარები, ტკივილია, 
ლაფსაც გესვრიან,
არცა მოყმეა, არცა ვეფხვი, 
ვერც სილამაზე.

მეზმანა, თითქო, მირაჟები ჯარად       გესია
და პოეზია ქალწულივით გეწვინა მკლავზე.

 

 

ჩანახატი


ხვატის ბუერში მოღელავს თქეში,
წყვდიადში, ზეცა, სველ ღრუბლებს წურავს,
ელვას - ქუხილი ამტვრევს სახსრებში,
მთვარეს წყაროზე დაემსხვრა სურა.

თუთისფერია ირგვლივ, ყოველი,
სველი ფოთლები ღვართქაფს  მინებდა,
ჩამოწყვეტილი წვიმის კოპლები, 
თავებს იკლავენ ფანჯრის მინებთან.

თეთრი ქუსლებით, სეტყვათა ფარა
მარწყვის ბაღჩაში ჩითილას თელავს,
ნათია ძენძავს ღრუბლიდან ქარვას,
ნათია-ზღაპრის ციცინათელა. 

ლოტკინი მოჰქრის ნიაღვრის რაშით,
ბექობი უფენს ფოთლების ჭილოფს,
ტირიფს ვარსკვლავი ებნევა თმაში,
ქარმა შესწყვიტა ტოტებს  ღილკილო,

ზეცას ხახიდან გადმოსკდა ქაფი,
ცას ნაკვერჩხლები ძოწისფრად  ფერავს,
...ნათია თუთის თმათა ღვართქაფი,
...ნათია ზღაპრის ციცინათელა.

ღამემ ჩაუშვა სივრცეში ღუზა,
მავთულზე ჰკიდებს წვიმის  ფოლიანტს.
ნიაღვარივით მოიჭრა მუზა,
ლექსი, ხილვა და ეიფორია!

 

ძნელია, როცა მშობლიური ქალაქიდან შორს მიდიხარ, ტოვებ თანაქალაქელებს და საყვარელ ქუთაისს... ეს ქალბატონი მზისო ნავროზაშვილის მაგალითითაც შეიძლება ითქვას. ქუთაისში დაიბადა, მარიამ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის დღეს, 58 წლის ქალბატონი პროფესიით ექიმია, საინტერესო ბიოგრაფიით გამოირჩევა და ლექსებსაც წერს. 

 

„დედამ, თინათინ ლანჩავამ, ოთხი შვილი აღგვზარდა უმამოდ, რთული ცხოვრების მიუხედავად, ყველას მრავალმხრივი სწავლა-განათლება მოგვცა და თავადაც ცნობილი პედაგოგიური მოღვაწე გახლდათ. სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში - ლადო ასათიანის, მიშა ალავიძის, ლევან სანიკიძის, დავით ჯანელიძისა და სხვათა გვერდით.“ - იხსენებს ქალბატონი მზისო. მისი თქმით, ოჯახის ახლობლები იყვნენ: პირველი ქართველი კინორეჟისორი ვასილ ამაშუკელი, ანდრია სინაური, ლილი ნუცუბიძე, ზურაბ კუხიანიძე. ქალბატონი მზისო ამბობს, რომ მის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა ასეთმა გარემომ და უფროსმა და-ძმამ: „ყველაზე უმცროსი გახლდით, ამიტომ „დავიჩაგრე“. ერთმანეთს ასწრებდნენ, ვის რა ესწავლებინა. ჩემი ძმა, იურისტი მერაბ ნავროზაშვილი, ბრწყინვალე მუსიკოსიც გახლდათ. ფლობდა რამდენიმე ინსტრუმენტს, როგორც კლავიშს, ასევე სიმებიანს და სასულეს. ის „კურირებდა“ მუსიკას, ფრანგულ ენას, მათემატიკას და ჭადრაკს. უფროსი და - ზეინაბი არის მთავარი „დამნაშავე“, რომ ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში და იმაშიც, რომ ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლში ვიყავი ყველაზე პატარა სოლისტი - ჩემი დების გვერდით, ხოლო ნაზი ნავროზაშვილი გახლდათ ჩემი მხატვრული კითხვის პედაგოგი, რეჟისორი და ლექსების რედაქტორი.“

ხუთი წლის მზისო უკვე გამართულად კითხულობდა, სკოლაში შესვლისას უკვე წაკითხული ჰქონდა: ეგნატე ნინოშვილისა და ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებები, „რობინზონ კრუზო“,                      „გამზრდელი“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“ და კიდევ, ბევრი სხვა.

„უშნოდ ვწერდი, ჩემით ვისწავლე და ოღროჩოღროდ გამომდიოდა. პედაგოგის აღფრთოვანებისას სირცხვილით ვიწვოდი, ვერ ვხვდებოდი, რატომ იყო განცვიფრებული ჩემით. პირველი ერთსტროფიანი ლექსიც ხუთი წლის ასაკში დავწერე. ბავშვობა იყო საინტერესო, ძალიან დატვირთული, რესპუბლიკური ოლიმპიადებით, ტურებით და კონფერენციებით. ქალაქში შემოქმედებითი ცხოვრება დუღდა. ვთამაშობდი მოზარდ მაყურებელთა თეატრში, რომელსაც ხელმძღვანელობდა უდიდესი ხელოვანი და ადამიანი ალექსანდრე ჩიქვილაძე. ძალიან მიხაროდა, როცა ჩემი თანატოლები მცნობდნენ გზაში და სიყვარულს მიმჟღავნებდნენ“.

ასეთი წარმატებების მიუხედავად, ამბობს, რომ ცეკვა მისთვის ყველაზე გამორჩეული იყო. გოგი ძოწენიძემ, ნინო რამიშვილის შემდეგ, ქუთაისელ გოგონას მზისადარ ნავროზაშვილს პირველმა დაუდგა ცეკვა „ჯეირანი“, სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე ვაჟებთან ერთად.

„ისეთი ტრიუმფი იყო პრემიერაზე, რომ ეს ერთ-ერთ ულამაზეს მოგონებად დარჩა ჩემს მეხსიერებაში“.

მისი სტუდენტობის წლებში ფარულად ვრცელდებოდა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას არალეგარული ჟურნალები „საქართველოს მოამბე“ და  „ოქროს საწმისი“, იმთავითვე „მოიწამლა“ დამოუკიდებლობის იდეით.

„ზვიადის და მერაბის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმიდან“ ვიღებდი, რომელსაც ჩუმად ვუსმენდი. აქაური პრესა მათი დისკრედიტაციით იყო დაკავებული. იწერებოდა პასკვილები. მათ მოიხსენიებდნენ, როგორც ხულიგნებს, უვიცებს, მიდიოდა მათი საწინააღმდეგო ხელმოწერების შეგროვება. პოეტი დილარ ივარდავა მოყვა: „ერთხელ ზვიადმა, ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობის დროს, სარვამარტოდ ქალბატონებისთვის შოკოლადის „ბამბანერები“ მოიტანა და მაგიდაზე დააწყო. მეორე დღეს ხელუხლებელი დახვდა. ხმა არ ამოუღია, როცა შეამჩნია. ასე მარტოხელა მგელივით დადიოდა, მისთვის გამარჯობის თქმისაც კი ეშინოდათო“. გარიცხეს მწერალთა კავშირიდან და ამას ერთხმად დაუჭირეს მხარი მწერლებმა...“

ზვიადი პირველად ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში ნახა, თბილისიდან ჩამოვიდა იმ სპექტაკლის სანახავად, რომელშიც მისი და, ნაზი თამაშობდა. სპექტაკლი რეჟისორმა იური კაკულიამ დადგა კონსტანტინე გამსახურდიას მიხედვით.

„მართლაც საუკუნის სპექტაკლია „ზარები გრიგალში“, გული მწყდება, რომ ჩანაწერი არ დარჩა...

ზვიადი სპექტაკლის განხილვისას სიტყვით გამოვიდა. ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი. უშიშროების თანამშრომლები გუნდად დასდევდნენ.იური კაკულიაც დაიბარეს დაკითხვაზე.“

ქალბატონი მზისო განაგრძობს: „ჭაბუკი მწყემსი გამოვიდა მოედანზე და ხალხში გაერია. შემდეგ დაუწყო ხალხს საუბარი, მაგრამ არავინ აქცევდა ყურადღებას, ვინაიდან მისი ხმა ჯერ არ აეწონა სასწორთვალას. ამიტომ არავის ესმოდა ჭაბუკისა; მაგრამ მალე დაიწყეს ჯგუფ-ჯგუფად შეგროვება მის გარშემო, ვინაიდან, სადაც იგი დგებოდა, ყინული იწყებდა დნობას და არნახული, ცხოველმყოფელი სითბო ეფინებოდა გარემოს, თუმც მზე არ ანათებდა იმ ქვეყანაში არასდროს. ხელში აყვავდა კომბალი, მან დაუარა თავის გარშემო შეყრილ ხალხს და, ვისაც კი მიაკარა კომბალი, ყველა ოქროსმატყლიან ვერძად აქცია. ამის დანახვამ მთლად გაახელა ხელმწიფე“ - ეს არის ნაწყვეტი ზვიადის ზღაპრიდან, სადაც ნაჩვენებია გზა, რომელიც თავად გაიარა, სანამ ხალხი ირწმუნებდა და დაუჯერებდა ამ, ღვთისგან გამოგზავნილ, ილიას გზით მავალ, ორ ქრისტესმიერ ძმას. ბედნიერი დღეები გვქონდა, ღირსება დაგვიბრუნდა, ერთმანეთის სიყვარული... „შავლეგოს“ ვმღეროდით, გმირებს დავსტიროდით. ლოცვა დავიწყეთ, ღვთისკენ მივბრუნდით. ეს არ გვაპატია მტერმა და ომი გამოგვიცხადა მსოფლიომ.“

ქალბატონი მზისო ამბობს, რომ ახალმა თაობამ არ იცის, როგორ ხოცავდნენ და აწამებდნენ კანონიერების მომხრეებს.

„ვმოქმედებდით არალეგალურად, ვავრცელებდით პროკლამაციებს, ლექსებს, სიმღერების პაროდიებსაც კი. ამაში ჩემი ოჯახიც იყო ჩართული. მერაბ ნავროზაშვილი, ჩემი ძმა, იყო პოლიტპატიმრების თავდაუზოგავი მეოხი და ადვოკატი, უდიდესი პროფესიონალი,

დღეს მზისო ნავროზაშვილი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია, წერს ლექსებს, პუბლიცისტურ წერილებს, დროდადრო თარგმნის ესენინს, ბაირონს, ცვეტაევას, მანდელშტამს.

„ვბეჭდავ „მწერლის გაზეთში“, სხვადასხვა ალმანახში, მათ შორის - მოსკოვში, ჟურნალ „ემიგრანტში“. გამოცემული  მაქვს  ლექსების  კრებული „მეორედ დაჭრილი აპრილი“, გამოსაცემად მაქვს მზად ორი წიგნი. რამდენიმე დღეში გადაწყდება საკითხი სტრასბურგში, ინტერნეტ-ტელევიზიასთან ჩემს თანამშრომლობაზე, რაც ქართული ემიგრაციისგან მივიღე მამა ელიზბარ დიაკონიძესთან ერთად“.

მისთვის პოეზია მშვენიერებასთან, სილამაზესთანაა გაიგივებული, მას ეძებს ყველგან: პროზაში, ადამიანში, ნახატში, სამყაროში.

„ხუთი წლის რომ ვიყავი, წიგნში ვნახე ნახატი, თაგვები ფეხბურთს თამაშობდნენ. პირველი ლექსით სწორედ ნახატი „გავშარჟე“. „ფისუნია, შე ეშმაკო, სად გარბიხარ, სადა! დღეს თაგუნებს თამაში აქვთ, დაუდექი მსაჯად.“

ახლა ეღიმება, რომ ახსენდება სხვა ლექსებიც - ქუთაისზე, დედაზე, მაგრამ არ ამხელს, რომ მკითხველიც არ გააცინოს. „ჩემს პედაგოგს, დიდებულ ქალბატონს, მარი ხვედელიძეს, ბატონ სიმონ არველაძის მეუღლეს, დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წახალისებაში. ხშირად ვმონაწილეობდი მოსწავლეთა სასახლეში მის მიერ მოწყობილ ღონისძიებებში. ზურაბ კუხიანიძე, ამირან გვილავა, ირაკლი აბაშიძე, ირაკლი ბაზაძე, ლილი ნუცუბიძე, თეიმურაზ ლანჩავა - ეს ის ადამიანები არიან, ვისთანაც მქონდა შეხება ქუთაისში ყოფნის დროს. თბილისში 1972 წლიდან ვცხოვრობ. დღემდე „ვქუთაისელობ“ და ჩემი შემოქმედებითი გზა გადაიკვეთა ისეთ შემოქმედებთან, როგორიცაა მუხრან მაჭავარიანი, რევაზ მიშველაძე, ვაჟა ხორნაული, დილარ ივარდავა, ელიზბარ ჯაველიძე, ნოდარ ჯალაღონია და სხვები“.

პოეზია მათ ოჯახში ყოველთვის მეფობდა, ახლა მისი ქალიშვილი - ნათია პაპიძეც მოიაზრება ერთ-ერთ საინტერესო მოკალმედ ამ თაობაში:

„ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა მოდის მწერლობაში, მაგრამ გზა ხსნილი „საეჭვო“ პოეზიას აქვს, სამწუხაროდ. ძალიან მიყვარს ჩვენებური პაპუნა გიორგაძე. შარშან გავიცანი საოცარი ქალბატონი ცირა ყურაშვილი, რომელმაც ასახელა ჩვენი ქალაქი თავისი პოეზიით. ლექსი ჩემთვის ყველაფერია, მინდა თუ არა, ლექსად მეფიქრება, ამიტომ ბევრი დაუბადებელი ლექსი დამრჩენია უმზეოდ.“

ყველაფერი, რაც ძვირფასია მისთვის: შვილი, სიცოცხლე, ლექსი -  სამშობლოსთვის ემეტება:

„ავადმყოფურად მიყვარს ასე ნატანჯი და მაინც ასეთი თბილი, კეთილი და გულმოწყალე. აქ ხალხმა ერთმანეთი გადაარჩინა. ჩვენს მდგომარეობაში ვერვინ გადაინარჩუნებდა ასეთ თვისებებს. სხვაგან ქმარი თავისას იხდის, ცოლი - თავისას. ჩვენთან ტრანსპორტში სირცხვილით იმალებიან, ნაცნობს თუ ვერ პატიჟებენ. ქუჩაში რამდენჯერ შიმშილით შეწუხებული ადამიანისთვის თავისი ლუკმა გაუწვდიათ. სირცხვილია, როცა ასეთ ხალხს თავისივე წიაღიდან გამოსული „ელიტა“ ხან „ბრბოს“ ეძახის და ხან „პროვინციელს“.

საუბრის ბოლოს მითხრა: „ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი, გულღია, „ენაკვიმატი“, ტრადიციული და კოლორიტული. სულ მენატრებოდა და მეამაყებოდა. მინდა მოვეფერო ყველას, ყველას, ვისაც ვახსოვარ და ვისაც ვუყვარვარ, ან არ ვუყვარვარ. იცოდეთ, ჩემთვის ძალიან, ძალიან ძვირფასები ხართ!“

 

 

 


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1880
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია