დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ შეჩერდა ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები?
2012/06/25 13:04:42

გასული კვირის ფაქტებისა და მოვლენების ცენტრში მოულოდნელად აღმოჩნდა ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები.

 

ამის საფუძველი გახდა იუნესკოს წინასწარი დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბაგრატის ტაძარი აღარ შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რის გამოც ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იყო შეტანილი. რესტავრაციის პროცესი ტაძრის ავთენტურობას საფრთხეს უქმნის.

„უკიდურესად შეძრწუნებული აღვნიშნავთ, რომ ბაგრატის რეკონსტრუქცია უკვე სერიოზულ ფაზაშია შესული და იმ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომელზეც კომიტეტმა 34-ე სესიაზე უარი განაცხადა. რეკონსტრუქცისას რკინა-ბეტონი, გუმბათი და გამო-ყენებული ქვები თითქმის მთლიანად ფარავს ორიგინალურ და ავთენტურ ქვისწყობას.“ - წერია იუნესკოს 36-ე სესიის დასკვნაში.

იუნესკო ასევე ხაზს უსვამს იმასაც, რომ შენობის ტიპოლოგიური და არქეოლოგიური კვლევის მიუხედავად, რეკონსტრუქციისას ჩამოცვენილი და გადარჩენილი, დაახლოებით 400-მდე ქვა არ გამოიყენეს,თუმცა მათი ზუსტი ადგილმდებარეობა ცნობილი იყო.

„განვიცდით, რომ ქვათა ორიგინალური წყობა რეკონსტრუქციამდე მხედველობაში გათვალისწინებული არ იყო. ინტერვენციის შეუქცევადი ხასიათის გამო, ამის გათვალისწინება უკვე შეუძლებელია. ვწუხვართ, რომ ბაგრატის კათედრალის დაცვა ვერ მოვახერხეთ.“ - აღნიშნულია ორგანიზაციის დასკვნაში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი ბაგრატის ტაძარს მეორე დღესვე ესტუმრა და მედიასაშუალებებთან ისაუბრა: „ბაგრატის ტაძრის განახლების პროექტი ერთ-ერთი სანიმუშოა, რომელიც უმაღლესი ხარისხით მიმდინარეობს. პრობლემა მხოლოდ ლიფტის თემას ეხება. მინდა ვთქვა, რომ ლიფტი ტაძრის ძირითად სივრცეში არ მონტაჟდება, ის შენობის გარეთ იქნება, რათა დამათვალიერებელს მესამე სართულზე ასასვლელად, კიბეებთან ერთად, ლიფტიც შევთავაზოთ. მსგავსი ლიფტები არა მხოლოდ კათოლიკურ ეკლესიებში, არამედ მართლმადიდებლურ ტაძრებშიც არსებობს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებების შემდეგ მშენებლობა განახლდება.“

მან „ლიბერალთან“ საუბრისას აღნიშნა: „ჩემთვის მოულოდნელი იყო იუნესკოს ამგვარი არაპროფესიონალური, არაკვალიფიციური და საქმეში ჩაუხედავი დასკვნა, იმიტომ, რომ სხვა სურათია და ამას იუნესკოს ძალიან წონიანი ექსპერტებიც იმ წლების განმავლობაში, როდესაც ერთად ვმუშაობდით, ადასტურებენ. პროცესი გრძელდება და სახელმწიფო მხარე თავის შენიშვნებსა და პოზიციებს აფიქსირებს, შემდეგ ეს დასკვნა ხდება კარდინალურად შეცვლილი და გადახედილი. ვფიქრობ, სწორედ ასეთ მოვლენასთან გვექნება საქმე ბაგრატის შემთხვევაშიც.“

იუნესკოს დასკვნაზე არანაკლებ მძიმე აღმოჩნდა ხელისუფლებისათვის პატრიარქის იმავდროული მოთხოვნა - შეჩერებულიყო ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები. საკვირაო ქადაგებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა: „მშენებლობა შეჩერდება მანამ, სანამ ყველა დეტალი ბოლომდე განხილული არ იქნება, რადგან ბევრი რამ არის არასწორად გაკეთებული. ეს ყველაფერი იმისათვის მოხდა, რომ მშენებლობა მიმდინარეობდა საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე. ამიტომ მე გავეცი ბრძანება, რომ დროებით შეწყდეს სარესტავრაციო სამუშაოები ბაგრატის ტაძარზე. ვთხოვთ ხელისუფლებას, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრთან თანამშრომლობით მოახდინოს ტაძრის დასავლეთ მკლავში ჩაშენებული ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟი, რათა შემდეგ ორმხრივად შეთანხმებული პროექტის მიხედვით გაგრძელდეს სარესტავრაციო სამუშაოები.“

ბუნებრივია, საზოგადოება გაკვირვებულია: მსოფლიოში ცნობილი, დიდი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლის რეაბილიტაცია თვეების მანძილზე საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე რატომ მიმდინარეობდა, როცა მისი ბედი თვით იუნესკოს ფარგლებში წყდება?

ამასთან დაკავშირებით ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე „ნეტგაზეთთან“ ამბობს:  „არ ვერევი ბაგრატის ტაძრის  რეაბილიტაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში. მე რა შუაში ვარ? თქვა პატრიარქმა - გაჩერდი, გაჩერდა. არავის არ აქვს უფლება, რომ... კომისია ჩამოვა, შეამოწმებს და... მე საერთოდ არაფერში არ ვერევი, რა. არ ვარ საქმის კურსში საერთოდ. მე მითხრეს, რომ დაიწყეთო და დავიწყე.“ 

რამდენიმე კვირით ადრე ქუთაისის სიონის საქველმოქმედო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ქაჯაია გაზეთ „P.S.“-თან აცხადებდა: „ბაგრატის ტაძრის ტრადიციული არქიტექტურის შეცვლასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. მთლიანადაა შენარჩუნებული ყველა ისტორიული ფასეულობები. თუმცა თანამედროვე ელემენტიც ემატება და ტაძრის დასავლეთ ნაწილში მოეწყობა ანტრესოლი და დამონტაჟდება ლიფტი. ამის მიუხედავად, იმდენად ყველა სტანდარტია    გათვალისწინებული   და   დაკმაყოფილებული   ბაგრატის   ტაძრის  არქიტექტურაში, რომ პრეზიდენტმა, როცა მოინახულა, თქვა „აგერაა ბატონო და ჩაიბაროს ახლა იუნესკომო.“

ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით არამხოლოდ საეკლესიო პირები არიან შეშფოთებულნი, არამედ სამოქალაქო საზოგადოებაც. ბუნებრივია, ხელისუფლებამ გამოსავლის  ძიება  დაიწყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განცხადება გააკეთა: „ბაგრატის ტაძრის მშენებლობა მაღალკვალიფიციური არქიტექტორების მიერ შემუშავდა, რომლებსაც რეკომენდაცია იუნესკომ გაუწია. ამდენად, ბაგრატის ტაძარს მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოღება არ ემუქრება.“ თუმცა, რამდენად აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს ქალბატონ კალანდაძეს არსებული ვითარება, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით მსჯელობას იუნესკო 24 ივნისს პეტერბურგში გამართავს, მას ქართული მხარეც დაესწრება.

მანამდე კი, 20 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოს წარმომადგენელთა შეხვედრა ბაგრატის ტაძართან დაკავშირებულ საკითხებზე. აღინიშნა, რომ ეკლესიისათვის, ისევე როგორც სახელმწიფოსთვის, ამ ტაძრის აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი არის გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო. საბჭომ დასვა საკითხი ტაძრის დასავლეთ მკლავში ბოლო დროს დამონტაჟებული ლითონის კონსტუქციის დაშლისა და ადრე შეთანხმებული პროექტის მიხედვით მისი აღდგენის შესახებ. „ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ითხოვეს დრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად შეჯერებული პოზიციის წარმოდგენისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც internet.ge აღნიშნავს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა  დაცვის მინისტრმა,  ნიკა რურუამ პარიზში, იუნესკოში გამართული შეხვედრების  შემდეგ, განცხადება გააკეთა, რომ რესტავრაცია იუნესკოს მიერ შერჩეული არქიტექტორების  პროექტის გათვალისწინებით მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით  ორგანიზაციამ საქართველოში საკითხის შესასწავლად  საშუალო დონის სპეციალისტი გამოგზავნა. სწორედ მისმა არაკვალიფიციურმა დასკვნამ გამოიწვია გაუგებრობა და აჟიოტაჟი.

„ჩვენი ვალდებულებაა, ტაძარს პირვანდელი სახე დავუბრუნოთ... შეცდომა, რომელიც ერთმა კონკრეტულმა ე.წ. არქიტექტორმა დაუშვა, გამოსწორებული იქნება და, ამასთან დაკავშირებით, მე ინფორმაციას პირადად საპატრიარქოსაც გავაცნობ, რადგან ისინიც დეზინფორმირებულები არიან ამ საკითხთან დაკავშირებით.“- განაცხადა რურუამ.

 

***

„P.S.“-ის ჟურნალისტები 21 ივნისს ბაგრატის ტაძარს ვესტუმრეთ, რათა საკუთარი თვალით გვენახა, რა ვითარებაშია ამ დროისთვის მშენებლობა. იქ ჯაჭვითა და ბოქლომით ჩარაზული ჭიშკარი დაგვხვდა. ტაძრის ეზოში სამი მამაკაცი შევნიშნეთ. ერთ-ერთი მათგანი ჩვენს დანახვაზე ჭიშკრისაკენ წამოვიდა და ჩვენც კითხვით შევეგებეთ:

- ბატონო, ეზოში შესვლა შეიძლება?

- არა, არა, არავითარ შემთხვევაში. მშენებლობა შეჩერებულია და ყველას ეკრძალება აქ შემოსვლა. ჩვენ ისე უბრალო ხალხი ვართ და გვითხრეს, არავინ შევუშვათ.

 - როდის განახლდება მუშაობა?

 - ხვალ არა და ზეგ - აუცილებლად, აი, ნახავთ. ეს პატრიარქმაც კი თქვა.

- მხოლოდD ლიფტის მშენებლობა შეჩერდა, თუ მთლიანად ტაძრის?

- მთლიანად,D გენაცვალე. ეს ლიფტი არავის უნდა. მოკლედ, ყველამ ასე თქვა, ვინც კი ეს ნახა.

 

საუბრისას შემთხვევით მოვკარით თვალი ორ-სამ „კაჭკიან“ მუშას, თუმცა, რას საქმიანობდნენ იქ, ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. ჩვენც წამოვედით  და   ტაძარს   შორიდან   დავუწყეთ  დათვალიერება:   მკაფიოდ  ჩანდა ლიფტისთვის დამონტაჟებელი რკინის კონსტრუქცია.

 

ხატია გორგოძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1781
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია