დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრაენიდან - ქართულ ენამდე
2012/06/18 13:19:48

რომელი იყო ის საერთო ენა, რომელზედაც კაცობრიობის საერთო წინაპრები ურთიერთობდნენ? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობაა ქუთაისელი მკვლევარის, ავთანდილ ლობჟანიძის ნაშრომი „პრაენა - მითი თუ რეალობა?“ ნაშრომი პერიოდულ სამეცნიერო ჟურნალში „ხანძთა“ (?5-10) დაიბეჭდა და დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია, არგუმენტირებული და საფუძვლიანად ჩამოყალიბებული ნააზრევი იქ წაიკითხოს, დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს ზოგიერთ საკამათო დებულებას, ჩვენ კი, ამჟამად, საშუალებას გაძლევთ, ავთანდილ ლობჟანიძესთან ჩაწერილი ინტერვიუს მეშვეობით, ნაწილობრივ გაგაცნოთ მისი არაორდინალური მოსაზრებები.

 

- ბატონო ავთანდილ, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს პრაენის შესახებ  მსჯელობა?

- გეთანხმებით, იქნებ არც ღირდეს პრაენის საკითხის წინ წამოწევა და მისი შიფრის ახსნის მცდელობა, რადგან, არ არის გამორიცხული, ადამიანთა სხვადასხვა მოდგმამ მასში (უფრო სწორად, - მისი წყალობით) ურთიერთშორის მეტი განსხვავება უფრო ეძიოს, ვიდრე - საერთო და ამით ახალი დაპირისპირების საგნად აქციონ იგი.

ცნობილია, რომ ამ საკითხზე მრავალი ქვეყნის მეცნიერი მუშაობდა.

თითქმის 20 საუკუნეა, კაცობრიობა ცდილობს, გაარკვიოს, თუ რომელი იყო ის ენა, რომელზედაც უძველესი ადამიანური სამყარო ლაპარაკობდა და ბოლოს ბაბილონში დაიშალა. იყო თუ არა ეს ის ენა, რომელზედაც ადამი მეტ-ყველებდა და რომელზეც მან სახელები დაარქვა ყველაფერს, ადამიანებსა და ცხოველებს.

თავდაპირველად ასეთ ენად ებრაულს მიიჩნევდნენ, რომლიდანაც თითქოს 70-მდე ენა წარმოიშვა. მოგვიანებით კი ყველა ამტკიცებდა, რომ მისი ხალხის ენა იყო პრაენა, ხოლო დანარჩენები - მეორეხარისხოვნები. ამიტომაც 1866 წელს პარიზის ლინგვისტიკის საზოგადოებამ მიიღო დადგენილება, რომ განსახილველად აღარ მიეღოთ ამ თემაზე მიღებული არც ერთი გამოკვლევა. ამ ნაშრომების უმეტესობაში პროვინციული ნაციონალიზმი სჭარბობდა და ერთი ანდაზაც გამოსჭვიოდა: „როცა მკვლევარის მსოფლმხედველობა საკუთარ სოფელს ვერ სცილდება, მისი სამყაროს ცენტრიც იქ არის.“

- მაინც, რა მეთოდს დაეყრდენით, როცა პრაენის კვლევა დაიწყეთ?

- პრაენის საკვლევად მხოლოდ ევოლუციის კანონები გამოდგება და ადამიანი უნდა განვიხილოთ, როგორც ბუნების შემოქმედების, ევოლუციის ნაყოფი.

რაკი ყოველ სულიერს აქვს თავისი გენეტიკური ბგერები (ბღავილი, ზმუილი, ყეფა, კნავილი და სხვა), ადამიანსაც ექნებოდა საკუთარი პირველადი გენეტიკური ბგერები, რომელთა გამოსაკვლევადაც შეიძლება გამოგვადგეს ჩვილ ბავშვზე დაკვირვება, როცა ის პირველ ბგერებს გამოთქვამს. დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ეს ბგერები, ძირითადად, სამი თანხმოვანი - „ღ“, „დ“ „ჩ“ და ხუთი ხმოვანი ბგერაა.

- რატომ, უპირველესად, ეს სამი თანხმოვანი?

- ვფიქრობ, ეს იქიდან უნდა მომდინარეობდეს, რომ, სხვა პრიმატების მსგავსად, ადამიანების წარმოშობაშიც რამდენიმე განსხვავებული მოდგმაა: 1. მარდულ-მიდიური შტო - „ღ“ გენეტიკური კოდით; 2. მონღოლოიდური შტო „დ“ ბგერით; 3. ჩინური შტო -                  „ჩ“ ბგერით.

ჩვენი აზრით, ადამიანთა სამი მოდგმის არსებობამ ხელი შეუშალა მეცნიერებს პრაენის გაშიფვრაში, რადგან, მართალია, პრაენა „ენათა სამების“ სინთეზია, მაგრამ მაინც გვხვდება ერთი და იმავე ბგერების სხვადასხვა შტოში სხვადასხვა მნიშვნელობით გამოყენების შემთხვევა.

რაკი ადამიანის ენის განვითარება მკვეთრადაა დაკავშირებული საერთო სოციალურ განვითარებასა და მიგრაციასთან, მართებული იქნებოდა, მიახლოებით მაინც დაგვედგინა ინდოეთიდან გამოსული სამი მოდგმის ურთიერთკავშირის გენეალოგიური ხე.

ჩვენი აზრით, ადამიანთა მოდგმის თავდაპირველი კერა, პრასამშობლო, ისე როგორც ყველა პრიმატის, არის ინდოეთი. აღსანიშნავია, რომ, გამომდინარე ბუნებრივი კატაკლიზმებიდან თუ სხვა მოვლენებიდან, ადამიანთა მოდგმები, სხვადასხვა დროს, ეტაპობრივად გამოდიან ინდოეთიდან. ჯერ ასახლებენ ახალ პერიფერიებს და შემდეგ - დანარჩენ დედამიწას.

- და როგორ წარმოგიდგენიათ ინდოეთიდან, პრასამშობლოდან, გამოსული სამი ძირითადი შტოს ევოლუცია?

- უპირველესად, გეტყვით იმას, რომ სამი ძირითადი ენა განპირობებულია ამ მოდგმების კვების რაციონით, რაზეც დაფუძნებულია მათი სამეტყველო აპარატის განვითარება.

სამხრეთ-დასავლეთით, აფრიკისაკენ მიმავალი ტომებისათვის შუალედურ პლაცდარმს წარმოადგენდა მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებული სავანეები. ამიტომაცაა, რომ სწორედ აქ გვხვდება თითქმის ყველა ნაკადის შთამომავალნი და მათი ურთიერთობით შექმნილი კულტურული მემკვიდრეობანი. ამ მოდგმათაგან ინდოეთიდან პირველი გამოდიან მარდო-მიდიური ტომები, რომლებიც მონადირე ტომებია. ისინი არ ეწევიან არც მიწათმოქმედებას და არც მეჯოგეობას. ძირითადად, სახლდებიან სავანეებში, წყლის პირებზე. შერწყმულნი არიან ბუნებასთან და მხოლოდ ნადირობით, თევზაობითა და ხილის შეგროვებით ირჩენენ თავს. შერეული საკვების - რაციონის გამო, მათი ენა უფრო ადრეულ ხანაში ხდება მოქნილი მეტყველებისათვის. ამიტომაცაა, რომ მათში თავიდანვე  გვხვდება     „ენით ლაპარაკი“.

მიდიური ტომები იმდენად ადრეულ სტადიაში გამოვიდნენ ინდოეთიდან, რომ ისინი ენათმეტყველებით დიდად განსხვავდებიან სხვა ხალხებისაგან და, ჩვენი აზრით, შეიძლება, განხილულ იქნან, როგორც აფრიკული შტო. მარდულ-მიდიური ხალხი ადრეულ ხანაში ავითარებენ დამწერლობასაც და ჯერ კიდევ პიქტოგრაფიული დამწერლობის ხანაში ჩვევად აქვთ, ყოველი ღირსშესანიშნავი ამბავი დაწერილობით (ჩანახატით) აღნიშნონ და შეინახონ...

მარდულ-მიდიური პიქტოგრაფიული დამწერლობის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს ე.წ. „ფესტოსის დისკო“, რომელშიც მოთხრობილია მარდელთა ერთ-ერთი ტომის ბელადის თითქმის ერთთვიანი ნადირობის ამბები...

ადამიანთა მოდგმის მეორე შტოდ შეიძლება განვიხილოთ მონღოლოიდები, ანუ „ბა“ ცივილიზაცია, რომლისგანაც ყალიბდება ორი - ჩრდილო და სამხრეთ მიმართულებები. ჩრდილოეთის მიმართულება აგვიანებს განვითარებას, ისინი ფიზიკურად ამტანები და გიგანტურები არიან, სახლდებიან ციმბირისა და ურალის ტაიგებში. ჩრდილოეთის შტო განვითარების სხვადასხვა საფეხურზე ეტაპობრივად ასახლებს ევროპის ჩრდილო ნაწილსაც. ეს მიმართულება უფრო გვიანდელ ხანაში იწყებს ურთიერთობას     ინდურ      და  ჩინურ  სამყაროსთან. თითქმის  აღწევს  ერობის ხანას, ქმნის ეგრეთწოდებულ არიულ და ციმბირულ რასას, მიყვებიან წინაპრების ნაკვალევს, რომელთაც ცივილიზაციები დემონებად და დევებად იცნობდნენ და იკავებენ მათგან ათვისებულ ტერიტორიებს. საბოლოოდ ისინი ყალიბდებიან ინდოევროპულ შტოდ.

მონღოლოიდების სამხრეთ მიმართულებაა „ბა“ ცივილიზაცია, რაც ღვთის, სიტყვით მოლაპარაკეს ნიშნავს. ისინი გვერდი-გვერდ სახლდებიან მიდიელებთან ახალ ტერიტორიებზე, აფრიკის ჩათვლით. ერობის ხანაში მათ „აბერები“ ერქმევათ. აბერები მეჯოგეობას მისდევენ, ხორცის მჭამელები არიან, ძირითადად ცხვარს აძოვებენ და რადგანაც ცხვარი უპრეტენზიო წვრილფეხა საქონელია, რომელიც სტეპებშიც ადვილად ნახულობს საკვებს, აბერები არ შედიან კონფლიქტში სავანეებში დასახლებულ მიდიელებთან და ქმნიან საკუთარ ოაზისებს სტეპებში (ჯუჯახეთში...), ჯუჯა ხე, ჯოჯოხეთი).

ინდოეთიდან გამოსული მესამე შტო ინდოჩინურია. ჩვენ აქ არ შევეხებით მის აღმოსავლეთით განვითარებას, მხოლოდ აღვნიშნავთ მათ შერწყმას მონგოლოიდებთან და ტიბეტური სამყაროს, ანუ „ბი“ ცივილიზაციის შექმნას.

ჩინური შტოს კვების რაციონში მხოლოდ მარცვლეული და, საერთოდ, მცენარეული საკვები იყო, რამაც განაპირობა მათი ყბებისა და სალაპარაკო აპარატის განსხვავებულობა. ჩინელებს უნდა ვუმადლოდეთ მიწათმოქმედების განვითარებას. ჩინურ და მონგოლოიდურ სამყაროთა სინთეზმა მოგვცა ახალი ტიბეტური სამყარო, სადაც ერთნაირად იყო განვითარებული როგორც მეცხოველეობა, ისე მიწათმოქმედება.

- რა მდგომარეობა გვაქვს, გენეალოგიის თვალსაზრისით, საქართველოში?

- რადგანაც ინდოეთიდან გამოსული, აფრიკისაკენ მიმავალი ყველა ნაკადისათვის შუალედური პლაცდარმი მცირე აზიის ოაზისები გახლდათ - საქართველოში ამ ნაკადების თითქმის ყველა განშტოება გვხვდება. „ბა“ და „ბი“ ცივილიზაციის ნაშიერები, რომელთაც ერობის ხანაში ერთს აბერები, ხოლო მეორეს იბერები ეწოდათ, შეერწყნენ და შთანთქეს მარდული დასახლებები, რომლებისაგანაც ჩვენთან შემორჩენილი უნდა იყოს: „მარდი“, „მარჯვე“ (ყმაწვილი მარი), „მარიზი“ (მარის კულტის ადამიანი), „მარანი“ (ხის სახლში მცხოვრები მარდი), მარხვა“ (მიცვალებულის დიდ წყალზე დაცურებას აღნიშნავდა: ძველ ქართველებს მიცვლებულთა ასეთი დაკრძალვის წესი ჰქონდათ. ალბათ, მიაჩნდათ, რომ ჰორიზონტზე ზღვა უერთდება ზეცას და მიცვალებულიც ზეცაში გადადის... ამიტომაც უძველესი ქართველების საფლავები შეიძლება არც არსებობდეს).

პრაენის ჩვენეული ინტერპრეტაციის მიხედვით, ქართველთა სახელწოდება ასე უნდა იშიფრებოდეს: ჩვენი აზრით, დასავლეთ საქართველოში უნდა ყოფილიყო ქალაქი „ქართუ“, რაც პრაენაზე ასე იშიფრება: ქვის ციხე-ქალაქი თეთრ მთაზე. თეთრ მთად ან თოვლიანი, ან კირქვიანი მთა შეიძლება ვიგულისხმოთ. თოვლიან მთად კი დასავლეთ საქართველოში უხუთი (უჰუთი) და ტყიბული (თჰუბული) იშიფრება და შეიძლება რომელიმე მათგანი იგულისხმებოდეს. მაშინ ეს ქალაქი შეიძლებოდა ყოფილიყო გაშენებული დღევანდელი ვანის ახლოს, ან ხომლის მთაზე. ან თეთრ კირქვიან მთაში, შესაძლოა, ქუთაისიც ვიგულისხმოთ (ამაზე ჩემს გამოკვლევაში უფრო ვრცლად ვსაუბრობ). იქ მცხოვრებთ ერობის ხანამდე ქართუშები ერქმეოდათ, ელინურ ხანაში ამ სახელს დაემატებოდა მარცვალი   „ელი“. მივიღებთ სიტყვას „ქართუელი“, რადგან ორი ხმოვანი „უ“ და „ე“ ერთად მოხვდა, ის ჩანაცვლებულ იქნა ერთი „¢“ ჩამნაცვლებლით და მივიღებდით სიტყვა ქართველს...

აქვე უნდა აღინიშნოს: ჩვენ ვხელმძღვანელობთ მხოლოდ სიტყვების გაშიფვრის დროს ამოღებული ინფორმაციით და იგი ვერ იქნება სრულყოფილი და ღირებული, ვიდრე ენათმეცნიერები და ისტორიკოსები არ შეისწავლიან მათ სიღრმისეულად.

ჩვენი აზრით, ქართული ასომთავრული (შესაძლოა ინდურ და სპარსულ ენებთან და დამწერლობასთან ერთად), პრაენის საფუძველს წარმოადგენდეს.

ყოველივე ამის შესახებ ჩემს გამოკვლევაში დაწვრილებით ვსაუბრობ. სამწუხაროდ, ახლა მსჯელობის უფრო ფართოდ გაშლის შესაძლებლობა არ მეძლევა...

- როგორ ფიქრობთ, ევროპელები ვართ, თუ აზიელები?

- მოგახსენებთ, რომ მარდული შტოს ძირითადი კულტურული ცენტრები იყო კალჰუ და ქართუ. მათ მთიელ დასახლებებს ეწოდებათ                                    „შუმარები“ (შუმერები), რაც მთიელი მარების ნაშიერს ნიშნავს.

მარდების (მარები, ზღვის კულტის ხალხები) სამხრეთის შტო, ძირითადად, სახლობდა შავი ზღვის პირას (კავკასიონიდან სტამბულამდე). დაახლოებით 9-10 ათასი წლის წინ ისინი იწყებენ სამხრეთ ევროპის დასახლებას და შეაქვთ იქ ღვინის კულტურა. იქმნება „მარსელის“ მიმართულება, შემდეგ მას ემატება მოლდოვას („მალდოვას“) მიმართულება. სამხრეთ ევროპის შემდგომ შემავსებლადაც გვევლინებიან საქართველოდან გასული ბანები (ესპანელები, ბასკები) და ივერიელები. სიტყვა „ევროპა“ ამ უკანასკნელთა სახელების შერწყმით არის მიღებული (ივერია+ბა). ასე რომ, ჩვენ არა მარტო ევროპელები ვართ, არამედ - კულტურული ევროპის ძირითადი შემქმნელები და დამსახლებლები.

ვისარგებლებ შემთხვევით და დავსვამ კითხვას: კი თუ არა - „ლაზიკას?“ ალბათ, ქალაქის აშენების პერსპექტივა ეკონომისტების გადასაწყვეტია, ხოლო, რაც შეეხება სახელს, საკამათოდ მიმაჩნია, რადგან ეს სიტყვა ასე იშიფრება: „მნათობისა და მთვარის კულტი.“ და ასე ეწოდებათ თურქეთის ტერიტორიაზე დარჩენილ, სჯულშეცვლილ კოლხებს. ასე რომ, ძნელი წარმოსადგენია, ქალაქის გერბში, ოთხი ჯვრის ფონზე, მის გულში როგორ ჩავსვამთ მთვარის გამოსახულებას თავზე ვარსკვლავით. და მეტიც- რადგან ირანი წარმოადგენს მთვარის კულტის („აზიის“) ძირითად ბირთვს, ალბათ, ამ საკითხის შეთანხმება მასთანაც მოგვიწევს.

 

ნანული ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2014
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია