დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სიყვარულის ფილოსოფია“
2012/06/18 13:15:55

არცთუ დიდი ხანია, რაც ჩვენგან წავიდა ომარ კახიძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, „სიყვარულის პროფესორი“, რომელმაც სიყვარულის, როგორც ფილოსოფიური ცნების, შესწავლას 40 წელზე მეტი შეალია. ეს ზღვა სითბოთი და კეთილშობილებით აღსავსე, საინტერესო კაცი თავის სტუდენტებსა და გარშემო მყოფთ მუდამ იმას ასწავლიდა, რომ „მხოლოდ სიყვარული გადაარჩენს სამყაროს, რადგან თავად ღმერთია სიყვარული.“

 

თავადვე იყო ამ უდიდესი სათნოებისა და სიკეთის განსახიერება, თუმცა ბოლომდე ვერ მოასწრო მეცნიერების სამსახურში დახარჯვა. რამდენიმე წიგნის ავტორს ერთად თავმოუყრელი დარჩა თავისი ნაღვაწი. ახლობლებმა ეს შეუსრულებელი ჩანაფიქრი რეალობად უქციეს და ასე გამოვიდა სამზეოზე ომარ კახიძის ახალი კრებული „სიყვარულის ფილოსოფია.“ როგორც სიცოცხლეშივე იყო ავტორის სურვილი, წიგნი ეძღვნება მისი ცხოვრების ერთგულ თანამგზავრს, ქალბატონ ნანა ჭუმბურიძეს.

დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა, გაეცნოს პროფესორ ომარ კახიძის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილ, ცნობილ თუ ფართო საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობ ნაშრომებს, რომლებიც სიყვარულის არსს განსაზღვრავენ. „კოსმოსური სიყვარული“; „ადამიანური სიყვარულის არსება,“ „რელიგია და სიყვარული“, „ქართულ-ეროვნული სიყვარული“ - ასეთია ამ მონოგრაფიული ნაშრომების დასახელება. მკითხველისათვის, ალბათ, განსაკუთრებით   საინტერესო    იქნება,    შეიტყოს,   თუ რატომაა კოსმოსი მოწესრიგებული და ჰარმონიული; როგორ არის სიცოცხლე კოსმოსური მოვლენა და რა მიმართება აქვს სიყვარულს სამყაროსთან; როგორ ესმოდათ სიყვარულის არსი მითოლოგიაში, ბერძნულ, ჩინურ, ინდურ ფილოსოფიაში; რატომ აქვს მას წინააღმდეგობრივი ხასიათი; რა როლი და ადგილი აკისრია რელიგიაში და სხვა. ომარ კახიძის წიგნში ვრცლადაა გაანალიზებული ეროვნული გონის არსი და ანბანში გამოხატული ქართული ეროვნული გონი, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას სიყვარულის ფილოსოფია...

წიგნი „სიყვარულის ფილოსოფია“ ის ლამაზი და კეთილი კვალია, რომელიც ომარ კახიძემ დატოვა თავისი სტუდენტებისა და ფართო მკითხველის გულში.

 

ნანა ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2532
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია