დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გორაზე შუა საუკუნეების ნამოსახლარი იპოვნეს!
2012/06/11 13:16:14

მოსახლეობა ეჭვობს, მთავრობამ საკანალიზაციო მილების ჩაწყობა არ გადაიფიქროს

ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე ძველ უბანში, გორაზე, რომ იკითხო, რით განსხვავდება აქ მცხოვრები მოსახლეობა დანარჩენი მსოფლიოსგან, პასუხს ყველასაგან ერთსა და იმავეს მიიღებ: მათ არ აქვთ საკანალიზაციო მილები. მილები აქ ვინმეს არც შავბნელ 80-90-იან წლებში მოუპარავს და არც დაზიანებულა, უბრალოდ კომუნისტების დროსაც კი, გორის დასახლებას საკანალიზაციო მილები საერთოდ არ ჰქონია.

ის იყო და ის, მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა და ადგილობრივმა თვითმმართველობამ დიდიხნის სჯა-ბაასის შემდეგ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება და ჩათვალეს, რომ გორის დასახლებას, უბრალოდ, ადამიანური პირობების დასაკმაყოფილებლად სჭირდება საკანალიზაციო მილები და სამუშაოები დაიწყეს, რომ მაშინვე სხვა „პრობლემამ“ იშვა თავი. გორის დასახლების მცხოვრებლები ქართული კუდაბზიკობით არ ამბობდნენ: გორა უძველესი დასახლებააო, თურმე, როცა სამუშაოების დაწყებისას მუშებს „ერთი ბარისპირი“ მიწა ამოუღიათ, იქვე მრავალი საუკუნის წინანდელი ფეოდალური ნასახლარები აღმოუჩენიათ, შეიძლება, ზოგიერთ გორელს ამ ფეოდალური ნასახლარების აღმოჩენას, მრავალწლიანი სურვილის ახდენა და საკანალიზაციო მილების მოწყობა უფრო ერჩივნა, მაგრამ ადგილობრივმა თვითმმართველობამ არქეოლოგიურ სამსახურს მიმართ, არქეოლოგებმა კი სამუშაოების სასწრაფოდ შეჩერება და ტერიტორიის უკეთ შესწავლა მოითხოვეს.

„არქეოლოგებისათვის რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ იშხნელების ქუჩაზე, დაწყებული სამუშაოების დროს აღმოჩენილ იქნა შუა საუკუნეების დიდი კედლის ფრაგმენტები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავინტერესდით მე-10, მე-11 საუკუნის უძვირფასესი სახლის ნაწილებით, მაგრამ ამავე დროს კეთილმოწყობის სამსახურსაც მივცემთ საშუალებას, დაიწყონ მუშაობა ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ,“ - განაცხადა არქეოლოგმა შალვა ბუაძემ.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ლევან ჭანჭალეიშვილის განცხადებით, სამუშაოები სულ მალე განახლდება და ივლისის ბოლოს გორის დასახლება საკანალიზაციო მილების მხრივ მოწესრიგებული იქნება.
„სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, გორის უბნის რამდენიმე ქუჩაზე. ჩვენ გაგვყავს საკანალიზაციო სისტემები, სამუშაოებზე რომელთაც შპს „მეოხი“ ასრულებს, 113 000 ლარი არის გამოყოფილი, არქეოლოგების ნების დართვისთანავე, სამუშაოებს სულ მალევე განვაახლებთ,“ - განაცხადა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.

ამ სამუშაოებს უკვე დაარქვეს სახელი ადგილობრივებმა,  მათ  საკანალიზაციო მილების გაყვანას „საშვილთაშვილო საქმე“ უწოდეს.

„ძალიან გვიხარია, რომ ეღირსა ჩვენს ქუჩას და საკანალიზაციო მილები გაჰყავთ, მაგრამ ახლა გავიგე, რომ რაღაც აღმოუჩენიათ და დროებით შეწყვეტილია სამუშაოებიო. მაგრამ არ ვჩივვართ, ამდენი ხანი თუ ვიცადეთ, ცოტა ხანსაც მოვითმენთ და, იმედია, გვეღირსება ჩვენ საკანალიზაციო მილები,“ - აცხადებს იშხნელების ქუჩაზე მცხოვრები ლალი  მანაგაძე.

„არ მეგონა, თუ დადგებოდა დრო და აქ ეს სამუშაოები დაიწყებოდა, მაგრამ რამდენიმე დღეა, შეწყვეტილია სამუშაოები და რა ხდება, ვერ გავიგე, ხომ არ  გადაიფიქრეს ნეტა, ამათგან არაფერია გამორიცხული,“ - ეჭვობს იშხნელების ქუჩის მცხოვრები ზაურ მანაგაძე.

სულ მალე ქუთაისის ისტორიული უბნის - გორის მოსახლეობა ცოტათი მაინც იგრძნობს, რომ ისინი ქვეყნის მეორე დედაქალაქში ცხოვრობენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1747
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია