დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტრადიცია, რომელსაც უნივერსიტეტი, მეოთხე წელია, არ არღვევს
2012/06/04 12:53:58

29 მაისს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა, რომელიც დღის 12 საათზე დაიწყო. მასში მონაწილეობდა ყველა ის ადამიანი, ვისაც „ვეფხისტყაოსნის“ სტროფების წაკითხვის სურვილი ჰქონდა. უკვე მეოთხე წელია, უნივერსიტეტის ეზოში ტრადიციად იქცა ეს საღამო, მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

რუსუდან საღინაძე, ორგანიზატორი: „უკვე ტრადიციად იქცა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა. „ვეფხისტყაოსანი“ უპირველესი წიგნია ქართველებისთვის, დიდი მნიშვნელობის მქონე, ეს წიგნი გვილამაზებს ცხოვრებას, სულს გვიფაქიზებს, ძალას გვაძლევს, ქართული ენის მადლს შეგვაგრძნობინებს და ძალიან სასიამოვნოა, რომ ყოველწლიურად იზრდება მკითხველთა რიცხვი.“

საჯარო კითხვაში მონაწილეობდნენ როგორც სტუდენტები, ასევე სკოლებიც. ქუთაისს რაიონებიც შეუერთდნენ და მთელი დღის განმავლობაში ახალგაზრდები საგანძურის სტრიქონებს დაუღლელად კითხულობდნენ. მათთვის დაწესდა სიგელები, ასევე იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც მოსწავლეებს ესოდენ აყვარებენ ქართული კლასიკის მწვერვალს.

ლეილა ასათიანი, მე-15 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: „ძალიან მიყვარს ეს წიგნი, „ვეფხისტყაოსნის“ იდეებზე ვარ გაზრდილი, ყველანაირად ვცდილობ, ჩემმა აღსაზრდელებმაც კარგად გაითავისონ, რას ნიშნავს „ვეფხისტყაოსანი“. მაქვს სურვილი სიცოცხლის ბოლომდე თაობიდან თაობას გადავცეთ ეს განძი.“

„ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვაში ხალისით მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეებიც.

მარიამ კობერიძე, მე-5 კლასის მოსწავლე: „ძალიან მიხარია, რომ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობ, საქართველო ყველაზე მდიდარია „ვეფხისტყაოსნით“. ახლა წავიკითხე, თუმცა მომავალში შევეცდები, რომ აუცილებლად ვისწავლო.“

საჯარო კითხვა დაახლოებით 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მომავალ წელს კი პოემის კითხვის საიუბილეო თარიღს - ხუთი წლისთავს აღნიშნავენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1751
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია