დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი ფისუნია იუბილარ თეატრში
2012/06/04 12:51:39

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრში ამ დღეებში წარმოდგენილი იყო „გულადი ფისო“. პრემიერა თეატრის 65 წლის იუბილეს მიეძღვნა. სპექტაკლი „გულადი ფისო“ დავით ჯალაღანიას პიესის „ფისუნიას“ ახალი დადგმაა. რეჟისორ სერგო ცაგარეიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი „ფისუნია“ 15 წელი იდგმებოდა სცენაზე.

1962 წელს სერგო ცაგარეიშვილის რეჟისურით, წარმოდგენა ხელახლა დადგა რეჯისორმა ლევან შენგელიამ, ხოლო 1986 წელს - რეჟისორმა ანდრო ფანცხავამ წუწკი მელაკუდას, მკვეხარა მამლისა და მისი მეგობარი ფისუნიას თავგადასავალი განახლებული სახით შესთავაზა პატარა მაყურებელს. „მე, პირადად, ძალიან მეამაყება, რომ თოჯინების თეატრმა საიუბილეოდ ჩაუშვა დავით ჯალაღანიას „გულადი ფისო“, რომელიც თავდაპირველად მაყურებელმა ნახა, როგორც „ფისო“. ეს სპექტაკლი 1947 წელს ჩვენს თეატრში შექმნეს იმდროინდელმა კორიფეებმა და ღვაწლმოსილმა ადამიანებმა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სპექტაკლში აჟღერებულია 1947 წელს დაწერილი გიორგი კემულარიას მუსიკა თანამედროვე არანჟირებით, რომლის ავტორია ვლადიმერ მაჩიტაძე. მასთან გვაქვს ძალიან თბილი თანამშრომლობა. შეიძლება ითქვას, რომ ის საქველმოქმედოდ ემსახურება თოჯინების თეატრს. ასევე მინდა ვთქვა, რომ თოჯინების თეატრი საიუბილეოდ კიდევ არაერთ პრემიერას შემოგთავაზებთ. ზაფხული კი საკმაოდ დატვირთული იქნება სპექტაკლებით. პარალელურად ვმუშაობთ ახალ სპექტაკლებზე, რომელთაც შემოდგომაზე შევთავაზებთ მაყურებელს. ბევრს ვშრომობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მაყურებელი კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩეს, ჩვენ ხომ გამარჯვების გზებით სიარული გვიყვარს“.

ამჯერად ზღაპრის გმირები კახაბერ გოგოლაშვილის რეჟისორობით და თეო კუხიანიძის მხატვრობით გაცოცხლდნენ. კახაბერ გოგოლაშვილი აღნიშნავს: „მოწვევა თოჯინების თეატრის მმართველიდან მივიღე. შემომთავაზა ამ სპექტაკლის ხელახალი დადგმა, რადგან ის რამდენიმეჯერ იყო დადგმული. სპექტაკლი განკუთვნილია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის, მასში ასახულია მეგობრობა, მეგობრების გვერდით ყოფნა და დახმარება, ასევე პარალელურად ნაჩვენებია ცბიერებაც, რათა ბავშვმა სიკეთისა და ბოროტების განსხვავება შეძლოს. მონაწილეობენ ორი თაობის მსახიობები, როგორც გამოცდილი და პროფესიონალი, ასევე - ახალბედა შემსრულებლებიც. დიდი სიამოვნება მივიღე ყველა იმ ადამიანთან მუშაობით, ვინც გვერდით მედგა სპექტაკლის შექმნისას.“

სპექტაკლის პრემიერამ ჩვეული ანშლაგით ჩაიარა. ბავშვების ყიჟინი, მხიარულება და ტაში კარგა ხანს ისმოდა დარბაზში. სპექტაკლიდან გამოსული და ემოციებისგან დაღლილი ბავშვები დიდი ინტერესით უზიარებდნენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს. „ძალიან მომეწონა სპექტაკლი „გულადი ფისო“. ფისო ძალიან კეთილი იყო, მას მეგობარი მამალი ეშმაკმა მელიამ მოსტაცა. თუმცა ფისოს ისევ თავისი მეგობარი ბაჭია დაეხმარა მამლის დაბრუნებაში. მინდა ასეთი ერთგული მეგობრები მეც მყავდეს,“ - ამბობს 6 წლის გიორგი.

თეატრის მმართველი პატარა მაყურებელს კიდევ არაერთ სპექტაკლსა და პრემიერას სთავაზობს.


ხატია გორგოძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1878
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია