დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ ამარცხებს „სიზარმაცეს“ ექვსი წლის ანი
2012/05/28 14:03:39

ჩვენს რედაქციას პაწაწინა, ლამაზი და მხიარული ანი ანაკიძე ეწვია. შემოაბიჯა თუ არა ოფისში, ყველა კედელსა და კუთხეს დიდი ინტერესით აკვირდებოდა. მისი ყურადღების მისაქცევად ჩამწერი მოვიმარჯვე და შევეცადე, ჩემთვის საინტერესო კითხვები 6 წლის გოგონასთვის ძალიან მარტივად დამესვა. მან კი იმდენად ვრცლად, ჩამოყალიბებულად და მკაფიოდ მიპასუხა, გაოცებისგან თავი ვერ შევიკავე და შექება დავუწყე. მანაც შეიფერა და კიდევ უფრო სერიოზულად მცემდა პასუხებს.

ანი სკოლა „დემირელის“ პირველი კლასის მოსწავლეა, სადაც თურმე მხოლოდ სამ ბიჭსა და ბევრ გოგონას ემეგობრება. საკმაოდ გულახდილი რესპონდენტი აღმოჩნდა - აღიარებს, რომ ცოტა ზარმაცია. ყოველ დილით, როცა სკოლაში წასასვლელად ემზადება, დედას უბარებს: „დე, დღეს მე აუცილებლად დავამარცხებ სიზარმაცეს“, ხოლო როცა შინ ბრუნდება, გახარებული გაიძახის: „დავამარცხე უკვე“. მცირე სიზარმაცესთან ერთად, ანი ძალიან ნიჭიერი გოგონაა. სამი წლიდან მღერის, უკვე ჩაწერილი აქვს ექვსი სიმღერა და ერთი კლიპი. დღეს კი ფრანგულ სიმღერაზე მუშაობს.

ანის პირველი წარმატება ოთხი წლის ასაკში ფესტივალ „ჰარმონია 2011“-ში მონაწილეობით დაიწყო. ხუთი წლისა უკვე საუკეთესო სიმღერის შესრულებისთვის ლაურეატი გახდა. პარალელურად ვიოლინოზეც უკრავს. ასრულებს ნაწარმოებებს და მინიატურებს. ყველაფერთან ერთად, მას ლექსები და ხატვა იტაცებს. ემზადება მსახიობთან და რეჟისორთან ავთანდილ სახამბერიძესთან და ხშირად საბავშვო თეატრალურ საღამოებში მონაწილეობს. განსაკუთრებით უყვარს ხატვა, არა მხოლოდ ფურცლებზე, არამედ - კედლებზეც. „ხშირად ვხატავ კედლებზე. რემონტის შემდეგ დედამ გამაფრთხილა, ჩემი ნამუშევრები კედლებზე აღარ შემესრულებინა. თუმცა მაინც დამიტოვეს ერთი პატარა ოთახი, სადაც შემიძლია კედლებზე ვხატო. მიყვარს ყვავილების, სახლებისა და გოგონების ხატვა.“ ანის დედიკო - ქალბატონი ნანი გვიამბობს:  „მას არასოდეს თოჯინისა და სხვა სათამაშოს ყიდვა არ მოუთხოვია. ყოველთვის წიგნებს, ფურცლებს, სახატავ რვეულებს, ფერად ფანქრებსა და ფლომასტერებს მთხოვს. როცა ვუთხარი,  რომ რედაქციაში უნდა მოვსულიყავით, მთელი ღამე პატარა ნახატებს საჩუქრად ამზადებდა, თან ჯავრობდა, არ ვიცი, რამდენი არიან იქ. არ მინდა უსაჩუქროდ ვინმე დამრჩესო. მე არ წამოვაღებინე და ცოტათი გამიბრაზდა.“

ანის წიგნებიც იტაცებს, ამაში მაშინ დავრწმუნდით, როცა რედაქტორის ბიბლიოთეკას დიდი ინტერესით დაუწყო თვალიერება. „მიყვარს წიგნების კითხვა, მაგრამ მალევე ვიღლები და ბოლომდე ვერ ვკითხულობ. ჩემი პირველი წიგნი „ჩემს საყვარელ ქალაქშია“, თუმცა ესეც ნახევარი მაქვს წაკითხული.“ - გამოგვიტყდა ანი. მისი გატაცებები აქ არ დამთავრებულა.

ადამიანს, რომელსაც ქართული სიმღერა, ცეკვა და თეატრი უყვარს, სამშობლოც უყვარს, ცხადია, პატრიოტიზმი კი ძალიან დიდი დოზით არის ციცქნა ანის გულში. ის, თურმე, ჯარისკაცობაზეც კი ოცნებობდა.     „მაგრამ მერე დედიკო შემეცოდა: მე რომ არ ვეყოლები სახლში, ვინ მიეხმარება დალაგებაში და ჭურჭლის გარეცხვაში?“ ჰოდა, დღეს ანის გეგმები ასე შეიცვალა: „ჩემი მამიკო საქორწილო სახლს აშენებს, სადაც მე უნდა გავთხოვდე. მინდოდა 21 წლის გავთხოვილიყავი, მაგრამ ამ დროს ხომ სტუდენტი ვიქნები? ამიტომ 25 წლამდე გადავიფიქრე.“

ის მართლაც ზღვა ენერგიის მქონე ბავშვია. 8 ივნისს გრანდიოზული სოლო კონცერტისთვის ემზადება, ორგანიზატორი თავად გახლავთ. ანი კონცერტს საკუთარ სახლში მართავს, ამჯერად მოცეკვავის ამპლუაში წარუდგება მაყურებელს. მოსაწვევებიც კი თვითონვე დაამზადა. ფიქრობს,  „ნიჭიერში“ სცადოს ბედი. ის ხომ მართლაც ნიჭიერია და უნარი აქვს, ერთდროულად ამდენი საინტერესო საქმე აკეთოს. მისმა სიმღერამ, ვიოლინოზე დაკვრამ და დეკლამაციამ ჟურნალისტები ისე გაგვახალისა, პაწაწინა სტუმრის გაშვების სურვილი აღარ გვქონდა.

ასე დავმეგობრდით ჩვენ და ექვსი წლის ანი.

 

ხატია გორგოძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1721
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია