საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მეგი გოგიტიძე: „მთავარია, გემოვნებიანი მსმენელი გისმენდეს!“
2012/05/28 14:02:42

გემოვნებიანი, ენერგიული, განსხვავებული მუსიკა და ხმის ტემბრი მისი წარმატების ფორმულად შეიძლება ჩაითვალოს. 22 წლის მომღერალი მეგი გოგიტიძე ბავშვობიდან მღერის. 16 წლისამ შექმნა ჯგუფი - როგორც თვითონ ამბობს, ბავშვური, მაგრამ გულიანი და ემოციური. მისი სიმღერები: „მდინარე ხიდის ქვეშ“, „მესაფლავე“, „ცისკენ აფრინდა მტრედი“, ასევე ცნობილი დუეტები მომღერალ გიორგი ტიგინაშვილთან: „დილიდან დილამდე“, „ოცნება“ - ეს მცირე ჩამონათვალია იმ სიმღერებიდან, რომელთაც მეგი ენერგიულად და მთელი გულით ასრულებს. ახალგაზრდა მომღერლის მუსიკალურ გარემოცვაში მისი ძმაც მოიაზრება, თუმცა... „მე მასთან შედარებით ცოტა ამბიციური აღმოვჩნდი - ხუმრობით, რა თქმა უნდა... საბოლოო ჯამში, ისე გამოდის, რომ ოჯახში მარტო მე ვმღერი.“

 

ქართველმა მსმენელმა პროექტ „ვარსკვლავების აკადემიიდან“ გაიცნო.

- „ამ პროექტიდან საზოგადოებამ, ასე თუ ისე, გამიცნო, ძალიან მაგარი პედაგოგები გვასწავლიდნენ, ერთი სიტყვით, რაღაც დონეზე გამოცდილება შემძინა“.

პროექტიდან მოყოლებული ლაპარაკობენ იმაზეც, რომ მეგი გოგიტიძე თავისი საშემსრულებლო მანერით ნინო ქათამაძეს ჰგავს: „მაგ თემამ დამმართა ნევროზი. ალბათ, რაღაც დონეზე გავლენაც მქონდა, არ მინდა ახლა ამ თემაზე ლაპარაკი.“

ხშირად  გიორგი ტიგინაშვილთან ერთად მღერის. მათი ხმები ძალიან უხდება ერთმანეთს. როცა მეგის ვკითხე, გიორგი რომ არა, ინტერნეტსივრცეში მათ სიმღერებს ეყოლებოდა თუ არა 100 000-ს მნახველზე მეტი, მიპასუხა: „გიორგი და მეგი აქ არაფერ შუაშია, სიმღერა „მზე დამაქვს ხურჯინით“ არის იმის თავიდათავი, რომ ინტერნეტ სივრცეში, თუ საზოგადოებაში, ასე თუ ისე, აქტუალურები ვართ და ამას კიდევ ბევრი სხვა სიმღერა მოჰყვა, რომელიც ხალხმა შეიყვარა და უსმენს. ისიც მინდა ვთქვა, რომ მე და გიორგი ერთ ჯგუფში არ ვმღერით, გიოს მისი ბენდი ჰყავს, მე - ჩემი, ცალ-ცალკეც გვაქვს ჩაწერილი ბევრი სიმღერა და არც იმ სიმღერებს აკლია youtube-ზე ნახვა. ისე, ეს თემა ჩემთვის ძალიან სასაცილოა: „100000 ნახვა და ინტერნეტსივრცე!..“ მთავარია, გემოვნებიანი მსმენელი გისმენდეს და, თუ გინდა, 100-დან 20-მა მოგისმინოს, მაგრამ ესმოდეს ის, რასაც ისმენს.“

მეგი გაზეთ „P.S.“-თან სამომავლო გეგმებზეც საუბრობს:

„2 ივნისს კლუბ „33-ა“-ში მაქვს სოლო კონცერტი, ძალიან შორს რომ არ წავიდე, ჩემი გეგმებით“.

მომღერალს შოუ-ბიზნესზეც ვკით-ხე:

„შოუ ბიზნესის წარმომადგენელი მე ნამდვილად არ ვარ, მე უფრო ცალკე, ჩემი მიმართულება მაქვს. რომ გითხრა, მომწონს დღევანდელი შოუ ბიზნესი-მეთქი, მოგატყუებ. ნუ, ძალიან „ნეიტრალურად“ ვარ განწყობილი, თუმცა ყველას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და უფრო შემოქმედებითს, ვიდრე პიარის ქვეშ მოქცეულ ერთჯერადობას“.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1371
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია