დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„დაუჯდომელის“ პრეზენტაცია მსხდომარე აუდიტორიის წინაშე
2012/05/21 11:16:35

უტიფარი, სექსუალური მანიაკი, მასონების მიერ მოსყიდული, ერის მოღალატე, სატანის ლუკმა, გადაჯიშებული ქართველი... სწორედ ასე აფასებდა საზოგადოება და ქართული პრესა პაატა შამუგიას, როცა 2007 წელს მისი პირველი წიგნი „ანტიტყაოსანი“ გამოვიდა. მას შემდეგ, რაც ვნებათა ღელვამ იკლო, 2010 წელს გამოვიდა რიგით მეორე კრებული სახელწოდებით    „უპირატესობა“. წინამორბედისგან განსხვავებით, ეს წიგნი არ იყო სკანდალური, პირიქით, მან კრიტიკოსებისგან  დადებითი შეფასება დაიმსახურა. დღესდღეობით პაატა მიჩნეულია თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ახალგაზრდა ქართველ მწერლად. ბოლო კრებულმა კი, რომელიც 2011 წლის ბოლოს გამოიცა „სიესტას“ მიერ, კიდევ უფრო დააინტერესა მკითხველი, მისმა პრეზენტაციებმა და რეპრეზენტაციებმა სხვადასხვა ქალაქი მოიარა.

 

 

როგორც შემოქმედი ადამიანები ამბობენ ხოლმე, ქუთაისმა ყველაზე კარგი შეფასება და დაფასება იცის... ასე რომ, გასულ კვირას, პოეტების გიორგი ხასაიას და გიორგი წურწუმიას მოწვევით, ქალაქს სტუმრობდა პაატა შამუგია მისი ბოლო ქმნილებით.

კრებულ „დაუჯდომელის“ პრეზენტაციას თოჯინების თეატრმა უმასპინძლა. დამსწრე საზოგადოებას პირველად სიტყვით გიორგი ხასაიამ მიმართა და მოკლედ შეაფასა მწერლის ნამუშევარი:

„პაატა შამუგია ენობრივ დაუმორჩილებლობას უცხადებს პოეტურის ტრადიციულ განმარტებას ქართულ პოეზიაში. ამ ტექსტების მეშვეობით, ჩვენ გვაქვს პოეტური გამონათქვამების ტიპი, რომელიც ჩამოყალიბებულია, როგორც განსხვავებული ენები საკუთარ სამოქმედო არეალში მოქცევით და გათამაშებით; პოეტური იმიჯის განუწყვეტელი ცვლილებით, რაც ვლინდება რელიგიური თემატიკის დამუშავებაში, ან პოლიტიკურ კომენტარებში.“

ამის შემდეგ პაატა თავად შეუდგა წიგნის წარდგენას. კრებული სამ პოემას და ორმოცამდე ლექსს მოიცავს, მასში წინ არის წამოწეული რელიგიური თემატიკა, ხშირად გაისმის ფრაზები პრეზიდენტისა და პატრიარქის შესახებ, ასევე შეხვდებით პროტესტს უცვლელი უძრაობის მიმართ, სულიერ გარდაცვალებას, მარადიულობის განმეორებას, სინანულს, მაგრამ ისევ უცვლელ რეალობას. ის ეხება ყველა პრობლემატურ საკითხს, არ ივიწყებს ასევე პოპულარულ ამერიკელ მომღერალსა და თინეიჯერების კუმირ ჯასტინ ბიბერს. მისთვის არ არსებობს ტაბუდადებული თემა, ისმება კითხვები და არის პასუხებიც. როგორც რატი ამაღლობელი ამბობს:

„სიტყვა, რომელიც სხვა სიტყვებთან ურთიერთობას არ ამყარებს კონსტრუქციების გარეშე და არ არის გააზრებული, პაატასთან არ შეგხვდებათ, აქ ყველაფერი გაცნობიერებულია, არაფერია შემთხვევითი, სწორედ ეს არის ლექსი.“

ლექსების, პოემების წარდგენის პარალელურად, დარბაზში მიმდინარეობდა მსჯელობა, გაიხსენეს ცისფერყანწელები, საბჭოთა კავშირი, უძრაობის ხანა, მსხვერპლად შეწირული ხელოვნება, ასევე გაიჟღერა ფრაზამ: „ვისაც ნამდვილი ლექსი ესმოდა, კი დახვრიტეს და...“ ამ ყველაფრის ფონზე, პოეტმა, პუბლიცისტმა და მთარგმნელმა ლია გვენეტაძემ ვერ დამალა თავისი უკმაყოფილება კავშირის არარსებობასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, „თუ ქუთაისი ცდილობს, მოიწვიოს თბილისში მოღვაწე შემოქმედები, რატომ არ შეიძლება აღმოსავლეთი მეტად დაინტერესდეს მეორე დედაქალაქით?!“ მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ დღევანდელი ახალგაზრდების დიდ ნაწილს, უბრალოდ, ნაკლებად აინტერესებს ხელოვნება, პოეზიის საღამო უნდა გაიმართოს იქ, სადაც შესაბამისი აუდიტორიაა, ამ მხრივ კი ქუთაისი შეუდარებელი და ყველაზე გამორჩეულია.

ხელოვნების ნიმუშები იქმნება ადამიანისთვის, მას ყოველთვის ვერ მოყვება ერთგვაროვანი შეფასება, კარგია ჯანსაღი და სამართლიანი კრიტიკა, ახალი თაობა ყოველთვის ცდილობს, შექმნას ისეთი რამ, რაც განსხვავდება და თან ამავდროულად ემსგავსება წინამორბედს. პაატა შამუგიას განცხადებით:

„თანამედროვე არტი ვითარდება, ვითარდება ექსპერიმენტების, სითამამის, თავისუფლების ხარჯზე და არა კარჩაკეტილი ურაპატრიოტიზმის ხარჯზე.“

ასე რომ, ნუ დავეყრდნობით მხოლოდ სხვის მოსაზრებას, ნუ გავიზიარებთ გავრცელებულ თეორიას, რომ თანამედროვე პოეზიას ეშმაკები და მასონები მართავენ. მთავარია, ვიაზროვნოთ, რაც საშუალებას მოგვცემს, სწორად შევაფასოთ.

 

ნონა ქარციძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2114
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია