დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„გმირთა ვარამის“ კაცი...
2012/05/21 11:11:27

ბევრის მნახველ და გადამტან ქუთაისელ შოთა შავგულიძეს ლევან გოთუამ „გმირთა ვარამის“ კაცი უწოდა. ის მწერალმა სწორედ იქ გაიცნო და დაიახლოვა, სადაც ამ წიგნს წერდა...

 

პატიმარი, რომელსაც ვორკუტის კატორღელის ტანსაცმელი ეცვა - მკერდზე, ზურგზე და შარვლის მარჯვენა ტოტზე წითელი საღებავით დაწერილი ნომრით „16-660,“ - წლების მერე საკუთარ თავზე იტყვის, რომ მისთვის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე წუთები იყო სასჯელის უმაღლესი ზომის - დახვრეტის განაჩენის ორჯერ მოსმენა და საპატიმრო ადგილებიდან სამჯერ გაქცევა.

მისი მრავალწლიანი უბედურება მაშინ დაიწყო, როცა 1941 წლის ბოლოს, პოლტავასთან ბრძოლის დროს დაჭრილი, ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს... ამის შემდეგ თავს დაატყდა არნახულ ტანჯვა-წამებათა კასკადი. როგორც თვითონ იგონებდა: „ვყოფილვარ პოლტავის ტყვეთა ლაგერში, ნოიჰამერის კავკასიელ ტყვეთა ბანაკში, მიტენვალდის კავკასიელ ტყვეთა ბატალიონ „ბერგმანში“, ბერლინის ციხეში, გარმიშპარტენკირხენის ციხეში, ჰანაუს ტყვეთა ლაგერში(გაქცევა), ბადორბის ციხეში, ვილჰელმსაფენის ტყვეთა ლაგერში, დიუმერლოჰაუზენის გლეხებთან მომუშავე ტყვეთა ბანაკში (გაქცევა), ინგლისელების ზონაში - ოსნაბრიუკის სარეპატრიაციო ბანაკში, ორთაჭალის ციხეში, რუსთავის პატიმართა ლაგერში (პოლიტიკურ პატიმართა აჯანყება და გაქცევა), რუსთავის იზოლატორში, თბილისის საგამოძიებო ციხეში, ბაქოს ციხეში, როსტოვის ციხეში, მოსკოვის ციხეში, ვოლოგდის ციხეში, ვორკუტის კატორღელთა ლაგერში (8 წელიწადი)...“

ადამიანს მხოლოდ ჩამოთვლაც შეაშინებს ამ უსასტიკესი ციხეებისა და ბანაკებისა, მან კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, პროფესიით ისტორიკოსმა, უამრავი წუთი და წამი გაატარა ნამდვილ ჯოჯოხეთში. გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებგამოვლილს, მაინც ცოცხლად გადარჩენილს, კომუნისტურმა რეჟიმმა გაცილებით მძიმე სასჯელი გამოუტანა: არაადამიანური ყოფისათვის განკუთვნილ საბჭოთა დილეგებში გაგზავნა...

მრავალი წლის შემდეგ დაწერილ მოგონებებში შოთა შავგულიძე - გაუტეხელი ნების, თავისუფლებისა და სიმამაცისათვის ამქვეყნად მოვლენილი კაცი, მგრძნობიარე კალმით გააცოცხლებს იმ საშინელ წლებს... მოგონებებში ასევე გაცოცხლდებიან ის ვაჟკაცებიც, რომლებიც უსამართლობასა და ბოროტებასთან მკერდშელეწილნი, შეურაცხ-ყოფილნი და წამებულნი წავიდნენ იმქვეყნად.

განგებამ წამების გზებზე ბევრ დიდებულ ადამიანს შეახვედრა. ვილჰელმრაფენის საკონცენტრაციო ბანაკიდან („ცოცხალთა სასაფლაოდან“) გრიგოლ რობაქიძემ იხსნა ის და რამდენიმე ქართველი, გერმანიაში მოღვაწე დიდი ქართველი მწერლის უშუალო მონაწილეობით გადაიყვანეს უკეთეს პირობებში. ვორკუტაში მასთან ერთად ეზიდებოდნენ ტუსაღის ხვედრს გამოჩენილი ქართველი მწერალი ლევან გოთუა, ექიმი დავით კვიტაიშვილი (პოეტ ემზარ კვიტაიშვილის მამა), „ახალგაზრდა კომუნისტის“ ყოფილი რედაქტორი დავით ვოლსკი, კოტე მარჯანიშვილის მოსწავლე, რეჟისორი ალექსანდრე მაღლაკელიძე და კიდევ მრავალი. შოთა შავგულიძის ბიოგრაფიიდან ისიც აღსანიშნავია, რომ ნიუნბერგის პროცესზე, ობერლენდერის გასამართლებაზე, მოწმედ იყო მიწვეული...

გადასახლებიდან დაბრუნებული პედაგოგად მუშაობდა სხვადასხვა სკოლაში, ორი ათეული წელი - პედაგოგთა დახელოვნების ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალში, სადაც თავის გამოცდილებას უშურველად გადასცემდა ახალგაზრდა კოლეგებს.

90-იან წლებში იგი სათავეში ჩაუდგა პოლიტიკურ რეპრესირებულთა საზოგადოებას ქუთაისში და არაერთი კეთილი საქმე გააკეთა შეთითხნილი ბრალდებებით, უსამართლოდ და დაუტირებლად იმქვეყნად წასული, „ხალხის მტრებად“ შერაცხული ადამიანების პატივსაგებად, მათი ოჯახების დასახმარებლად.

ქუთაისის საზოგადოება მას იცნობდა, როგორც კეთილშობილ, განსაკუთრებული პიროვნული ხიბლით აღსავსე კაცს, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცოდა, რა არაორდინარული ბიოგრაფიის ადამიანი იყო, სიკვდილთან მრავალგზის ნათამაშები და ტანჯვაში გამობრძმედილი!

1998 წლის ნოემბერში შოთა შავგულიძე ქუთაისში, მშობლიურ უბანში, ოღასკურას სასაფლაოზე დაკრძალეს.

2001 წელს კი პოეტ ემზარ კვიტაიშვილის რედაქტორობით და წინასიტყვაობით გამოვიდა მისი მოგონებებისა და ჩანაწერების კრებული „ჯოჯოხეთია მოსაგონებლად...“ - ერთი რწმენით გავლილი ფაშისტური და კომუნისტური დილეგები.“ როგორც რედაქტორი წერს, „წინამდებარე წიგნის წამკითხველი აშკარად დარწმუნდება, რომ მის დამწერს, კაცურ კაცს შოთა შავგულიძეს ჯოჯოხეთის ცხრავე გარსი თავისი ფეხით აქვს გავლილი...“

მკითხველს ვთავაზობთ ამ წიგნიდან ერთ-ერთ მოგონებას, რათა წარმოიდგინოს კომუნისტური რეჟიმის საშინელება, ასევე იგრძნოს: როგორ შეუძლია ბოროტებასა და უსამართლობაზე გამარჯვება ჭეშმარიტ ადამიანურ სიყვარულს.

 

ნანული ქვიშარელი

 

 

 

მუნჯი დალაქი

(შოთა შავგულიძის წიგნიდან)

ვორკუტის მეცხრე მაღაროს უფროსს ჩეკისტური ალღო და გეში არ აკლდა, არც სხვა ჩეკისტებს ჩამოუვარდებოდა სისასტიკითა და „ხალხის მტრების“ სიძულვილით, მაგრამ, მეტი ნახშირი  რომ  ამოსულიყო მაღაროდან, კატორღელი მაღაროელების კვების ნორმა გაზარდა, ბარაკებში ბურბუშელისა და თივის ლეიბები შემოიტანა. ფეხსაცმელების შესაკეთებელი სახელოსნო გახსნა, სადალაქო უკეთეს, ნათელ ბარაკში გადაიტანა, დალაქები   დაუმატა.   ერთი   სიტყვით,  ყველაფერი გააკეთა  ისე,  როგორც გონიერი მეურნე  გააკეთებდა  მუშა-პირუტყვისათვის.

სადალაქო თავშეყრის კარგი ადგილი იყო. აქ შეგეძლო ბევრი საინტერესო ამბავი გაგეგო: ვინ მოიყვანეს ახალი პატიმარი ბანაკში, რომელი ციხიდან და რა ამბები მოიტანა. იყო ათასი იმედი. ჭორი. ზოგჯერ ბევრი ისეთი ამბავი აღწევდა ჩვენამდე, რაც გარე სამყაროს თავისუფალი მოქალაქისთვისაც კი მიუწვდომელი იყო. ყველაზე მეტად დალაქები ენაწყ-ლიანობდნენ, სამართებელსა და ენას არ აჩერებდნენ, ყველას იცნობდნენ და ყველას ამბავი იცოდნენ.

გამონაკლისი მუნჯი დალაქი იყო. ის ჩვენს ბარაკში ცხოვრობდა, ეროვნებით ლიტველი, მუდამ წვერგაპარსული, ძონძები ეცვა, მაგრამ სუფთა. როდესაც წვერის გაპარსვას დაამთავრებდა, თავს დაგიკრავდა თავაზიანად, გაგიღიმებდა, დარწმუნებული იყო, კმაყოფილი ადგებოდი სკამიდან და მადლობას გადაუხდიდი. თუ რამეს შეეკითხებოდი, მხრებს აიჩეჩდა, ზოგჯერ მიმიკითა და ჟესტით გამოხატავდა სათქმელს. კეთილშობილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. სამუშაოდან მოსული ბარაკში თუ რამეს მოიტანდა, მეგობრებს გაუყოფდა. შაშის თამაში უყვარდა. მე მას იშვიათად ვხვდებოდი. დილიდან საღამომდე მუშაობდა, მე, მეტწილად, საღამოდან დილამდე.

იმჟამად ჩვენს ბანაკში რუსებსა და ბალტიისპირელებს შორის ეროვნული შუღლი ჩამოვარდა. იშვიათი იყო დღე, რომ მაღაროში მოკლული რუსი ან ბალტიისპირელი არ ენახათ. ბანაკის ადმინისტრაცია გულგრილად ეკიდებოდა ამ ამბავს, ზოგჯერ მტრობას აღვივებდა კიდეც. მოკლულ რუსზე უფრო მეტ განგაშს ტეხდა.

ურთიერთმტრობა დღითიდღე ძლიერდებოდა, რუსებმა, მაღაროს გარდა, ბარაკებში გააჩაღეს თავდასხმები. ბარაკში ჩემს გვერდით იწვა ყარაჩაელი ბეკმურზა ალბატოვი, ფიზიკურად ძლიერი, უშიშარი და სამართლიანი. ჩვენ ერთ ცვლაში ვმუშაობდით, პურსაც ერთად ვჭამდით.

ერთ საღამოს, მე და ბეკმურზა ვზივართ ჩვენს ფიცარნაგზე და ვსაუბრობთ, ამ დროს ბარაკში შემოვარდა სამი ნიღბიანი და მუნჯი დალაქის საწოლისაკენ გაემართა. მუნჯმა შეიტყო, თუ რა უბედურება უნდა დატრიალებულიყო მის თავს, გამოიქცა და შემოვარდა ჩვენთან. ბეკმურზამ არ დააყოვნა, ნახშირის გასაღვივებელ რკინის ჯოხს სტაცა ხელი და თავდამსხმელებს შეჰყვირა: - არ მომეკაროთ, უფლებას არ მოგცემთ, ჩემს საწოლთან კაცი მოკლათ. ეს ჩვენი, კავკასიელების ადათ-წესია და ამ ადათს არ გადავუხვევ, თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. თავდამსხმელები შეჩერდნენ. ერთმა ბოღმიანად შეიგინა, გაბრუნდა და წავიდა. მას ის ორიც გაჰყვა. მუნჯი დალაქი სიკვდილს გადაურჩა.

მე ყოველ ორ წელიწადში მიცვლიდნენ ადგილს, ერთი ბანაკიდან მეორეში გადავყავდით, ისეთივე მკაცრი რეჟიმის დახურულ ბარაკში. მალე დავშორდი ბეკმურზას, მუნჯ დალაქს, ნაცნობებს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოლიტპატიმართა გაფიცვებმა და ზოგან აჯანყებებმაც ბევრი ჩვენგანი იმსხვერპლა, მაგრამ შედეგი მაინც გამოიღო: ჩეკისტები იძულებული გახდნენ, რეჟიმი შეემსუბუქებინათ, პატიმრები თავისუფალ დასახლებაში გაეშვათ.

ვორკუტაში წელიწადის ორი დროა: ზამთარი- ცხრა თვე და ზაფხული - სამი თვე. ზამთარში მზე სრულიად არ ჩანს, სამაგიეროდ, ივნისის მეორე ნახევარში ჩაუსვლელად აფრქვევს ტუნდრას სხივებს. ამ პერიოდში ხშირად დღისით მოღრუბლულია, წვიმს, ღამით მოიწმენდს და ხალხი გამოდის სასეირნოდ.

პატიმრები წლობით საპყრობილეში იყვნენ ჩაკეტილნი, ბანაკებში კატორღულ შრომაში იტანჯებოდნენ და წინ კიდევ რამდენიმე წელი ჰქონდათ ამ უბედურებაში გასატარებელი. თქვენ წარმოიდგინეთ, მათი სიხარული, როცა გამოუცხადეს - მავთულხლართი მოხსნილია, დღეიდან შეგიძლიათ, ქალაქში თავისუფლად იაროთო.

ათი წლის განმავლობაში ას, ასორმოცდაათ კაცთან ერთად ვმუშაობდი, მათთან ერთად ვცხოვრობდი, ჯოგივით - მწყემსებისა და ძაღლების თანხლებით - ერთად გავდიოდით სამუშაოზე და ერთად ვბრუნდებოდით ბანაკში. ახლა მარტოს თავისუფლად შემიძლია გასვლა. ნაცნობს თუ შევხვდები, გავუბამ გაუთავებელ საუბარს. დავდივარ ტუნდრაში ათას გზააბნეულ ადამიანთან ერთად და... - გამარჯობა, შოთა ირაკლის ძევ! - გამომიწოდა ხელი მაღალმა, გამხდარმა, წარმოსადეგმა კაცმა. ჩამოვართვით ხელი. ის ჩემს ხელს არ უშვებს, ღიმილით მიყურებს. ვხედავ, ნაცნობი სახე აქვს, უფრო მუნჯ დალაქს ჰგავს, მაგრამ... - ვერ მიცანი, ძმობილო? აბა, კარგად დამაკვირდი? - ლაპარაკის დროს სულ სხვა იყო. არ ჰგავდა მუნჯ დალაქს.

- ერთი წელიწადი უფასოდ გპარსავდი და ასე უნდა დავიწყება? - გამეხუმრა და გადამეხვია. ახლა უკვე დავრწმუნდი, რომ ეს ჩემი ნაცნობი ლიტველი მუნჯი დალაქი იყო, მაგრამ როგორ მოხდა, რომ მუნჯი ალაპარაკდა? - ეს იყო ჩემი პირველი შეკითხვა.

- ორი კვირაა, რაც  ლაპარაკი  დავიწყე, ბევრ ნაცნობს ვხვდები, ყველა ისეა გაკვირვებული, როგორც შენ. ჯერჯერობით ვერ ვბედავ ყველასთან სიმართლის თქმას და ასე ვპასუხობ: ოცდახუთი წელი პატიმრობა მომისაჯეს, შვიდი წელიწადი უკან მოვიტოვე, თვრამეტი წელიწადი კიდევ ამ ყოფაში უნდა ვყოფილიყავი, რომ გამომიცხადეს, თავისუფალი ხარო, დიდმა სიხარულმა ამალაპარაკა. მაგრამ ჩემს კეთილ ადამიანებს არ დაგიმალავთ, მე მუნჯი არასოდეს ვყოფილვარ...

ჩემს საქმეს რუსი პოლკოვნიკი იძიებდა, არაკაცი, ულმობელი. დაკითხვაზე მხოლოდ ღამით გავყავდი, გონების დაკარგვამდე მცემდა. ერთხელ, ჯალათი მოიშველია, მაწამეს, ჯვარს მმაცვეს. მე არ მახსოვს, გრძნობა დამიკარგავს. საკანში მოვედი გონს, ხმას ვერ ვიღებდი. ექიმი მოვითხოვე, გამსინჯა, - დაილაპარაკეო. მე პირს ვაღებ და სიტყვების გამოთქმას ვერ ვახერხებ. მეორე ღამეს ისევ დაკითხვაზე გამიყვანეს, გამომძიებელს მუნჯი შევრჩი ხელში. ამიყვირდა, მისი ყვირილი ჩემამდე დაბალ, გაურკვეველ ხმად მოდიოდა. სმენაც საგრძნობლად მქონდა დაქვეითებული, პირველად მოხდა, რომ ცემის გარეშე დამაბრუნა საკანში.

გამომძიებელი ჩქარობდა საქმის დასრულებას. დაკითხვაზე რამდენიმეჯერ გამიმეორა, - შენ მძიმე ავადმყოფობა ხომ არ გადაგიტანიაო. შევატყვე, საგონებელში იყო ჩვარდნილი, გამოსავალს ეძებდა. ხელების ქნევით გავაგებინე და დავუწერე კიდეც, რომ ჯერ ბავშვობაში, შემდეგ მოგვიანებით ძლივს გადავურჩი სიკვდილს. ეს ჩვენება ჩაიწერა, მეორე დღესაც იგივე შეკითხვა გამიმეორა. მე ისევ დავუდასტურე წინა დღის ჩვენება, ისიც შეიტანა ოქმში. მომდევნო დაკითხვებზე ჩემთვის გაუგებარი სნეულებანი მიუმატა და ისე გამოიყვანა, ვითომც  მე  დაბადებიდან  დამყვა დამუნჯების საშიშროება. ამასობაში ჩემი მდგომარეობა უმჯობესდებოდა, მეტყველება და სმენა მიბრუნდებოდა. ამას არ ვამხელდი. სასამართლოს წინაშე წარვსდექი, როგორც მუნჯი. ტრიბუნალმა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მომისაჯა, მაგრამ მიიღო მხედველობაში ჩემი მდგომარეობა და შემიცვალა ოცდახუთი წლის პატიმრობით მკაცრი რეჟიმის ბანაკში. დალაქობა ციხეში შევისწავლე, ვორკუტაში მომიყვანეს როგორც „მუნჯი დალაქი“. ასეა, ძმაო, მუნჯობამ ამ ფილოსოფოს კაცს ხელობაც შემასწავლა და სიცოცხლეც შემინარჩუნა. - დაამთავრა თხრობა.

მესიამოვნა, თურმე საქმე მუნჯ დალაქთან კი არა, მოლაპარაკე ფილოსოფოსთან მქონია.

- სიცოცხლე შეგინარჩუნა, მაგრამ რა არის სიცოცხლე? - შევუბრუნე ფილოსოფიური კითხვა.

- ამ კითხვას, ძმობილო, ასი მეცნიერი ვერ გასცემს პასუხს, მაგრამ საკმარისია, სახრჩობელაზე ასულს თოკი გადაგიჭრან და სიკვდილს გამოგტაცონ, რომ გაიგო, რა არის სიცოცხლე.

- დალაქი ხომ ხარ და ხარ, მაგრამ ფილოსოფოსი უკეთესი ყოფილხარ-მეთქი, - ვეხუმრე და ხშირა შეხვედრის სურვილით დავშორდით ერთმანეთს.

მე მალე გეოლოგიურ ექსპედიციაში წამიყვანეს ჩრდილოეთ ვორკუტიდან 60-80 კილომეტრის დაშორებით. მარკშეიდერებთან მიმამაგრეს მუშად. ქვანახშირის ახალ საბადოებს ეძებდნენ. ორი თვის შემდეგ ისევ ვორკუტაში ჩამომიყ-ვანეს და მაღაროში განვაგრძე მუშაობა. ამ დროისათვის „მუნჯი დალაქი“ უკვე სამშობლოში იყო წასული.

ასე მგონია, ბევრი რამ დამაკლდა, რომ ამ საინტერესო ადამიანთან ვერ დავამთავრე საუბარი...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1846
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია