დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„წვიმა იყო, გადაიღო...“
2012/05/14 12:20:08

მესხიშვილელთა პრემიერა წვიმის ქვეშ

 

6 მაისს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტირებულ სცენაზე ნიკოლოზ ოსტროვსკის სპექტაკლის - „შემოსავლიანი ადგილის“ პრემიერა გაიმართა. დარბაზი ნელნელა შეივსო და სპექტაკლიც დაიწყო. როდესაც ერთ-ერთ ეპიზოდში სცენაზე ხელოვნური თოვლი წამოვიდა. ამ დროს ქუთაისში კოკისპირულად წვიმდა. წვიმის ხმა კი ისევე მძაფრად ისმოდა თეატრის შენობაში, როგორც გარეთ, თუმცა ეს ყველაფერი არაფერი იყო იმასთან შედარებით, როდესაც წვიმა თვით სცენაზეც დაიწყო. თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ ეს სცენური ეფექტი იყო, თუმცა დაკვირვებული თვალი კარგად შეამჩნევდა, რომ წვიმა არათუ მოქმედების ადგილას ჩამოდიოდა, არამედ - ოდნავ უკან, სადაც დეკორაციები იყო და მსახიობები გამოსასვლელად ემზადებოდნენ.

დარბაზში გადაჩურჩულებები დაიწყო. ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რომ დარწმუნებულიყვნენ, ხომ არ ეჩვენებოდათ წვიმის წვეთები სცენაზე.

- სირცხვილია, ჯერ არ გაუხსნიათ და უკვე წყალი ჩამოვიდა! - მომესმა ჩემს უკან მსხდომი ასაკიანი მამაკაცების ჩალაპარაკება.

- სცენაზეც ისევე წვიმს, როგორც გარეთ, ჰმ! სამარცხვინოა. - გადაულაპარაკა მეორეს ჭარმაგმა მამაკაცმა.

მიუხედავად ამ გაურკვევლობისა, მსახიობებს სცენაზე თამაში არ შეუწყვეტიათ და ისეთივე პროფესიული მონდომებით განაგრძობდნენ სპექტაკლს წვიმის ქვეშ, როგორც დაიწყეს.

ბოლოს წვიმამაც გადაიღო სცენაზეც და გარეთაც. თუმცა გარკვეული მონაკვეთით მაყურებლის ყურადღება წვიმამ მაინც გაფანტა და სცენაზე მომხდარი მოქმედებები, ალბათ, აღარც ახსოვდათ.

დარბაზიც სხვადასხვა ემოციით დამუხტულმა მაყურებელმა დატოვა. ისინი სპექტაკლით კმაყოფილები იყვნენ, თუმცა წვიმის ფაქტზე გაოცებას ვერ მალავდნენ.

„სპექტაკლი ძალიან მომეწონა, მსახიობებიც კარგად იყვნენ შერჩეული და კარგადაც თამაშობდნენ. უდავოდ კარგი ნამუშევარი იყო. რაც შეეხება წვიმის ფაქტს, თავიდან მეც ეფექტი მეგონა, თუმცა მერე დავრწმუნდი, რომ ნამდვილად წვიმდა სცენაზე,“ - გვითხრა სპექტაკლის შემდეგ ერთ-ერთმა მაყურებელმა, რომელმაც სახელისა და გვარის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა.

„ეს გახლდათ მიზნობრივი ჯგუფის სადიპლომო ნამუშევარი, ძალიან  სასიამოვნო იყო, რომ ამ ფორმატით წარსდგნენ სტუდენტები ქუთაისელი მაყურებლის წინაშე. ესაა მათი პირველი ნამუშევარი, ასე ვთქვათ, პირველი კონტაქტი მაყურებელთან. სპექტაკლი, რომელიც გიორგი სიხარულიძემ წარმოადგინა, „შემოსავლიანი ადგილი“, ძალიან ცნობილი პიესა არის და ეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიდგა ქუთაისის სცენაზე, დღეს ახლებური თვალით იქნა დანახული და მოტანილი მაყურებლამდე. მთლიანად სპექტაკლის მონახაზი რაც იყო, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი იყო. მე, როგორც რიგითი მაყურებელი, კმაყოფილი ვარ, იმით, რომ ახალგაზრდებმა შეძლეს და კარგად დაანახეს მაყურებელს მანკიერებები იმ სოციალური ჯგუფის ნომენკლატურისა, რომელიც არსებობდა და რომელიც, სამწუხაროდ, შიგადაშიგ, კიდევ არის დარჩენილი. რაოდენ მანკიერი იყო ეს ყველაფერი, ზუსტად ეს იყო ნაჩვენები სპექტაკლში. რაც შეეხება წვიმის ჩამოსვლას, ფაქტია, ყველამ დაინახა,“ - გვითხრა ჟურნალისტმა ქეთი ბერძენიშვილმა.

წვიმის ჩამოსვლასთან დაკავშირებით  ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველს გიორგი სიხარულიძეს გავესაუბრეთ.

„გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, იმ წუთასვე ვიკითხე ტექნიკურ პერსონალთან და მითხრეს, რომ საჰაერო მილი იყო გახსნილი, წვიმა იქიდან ჩამოვიდა. იმ დღეს ნამდვილად არ ველოდებოდით წვიმას და ღიად იყო დარჩენილი, თორემ...

- ვინ იყო პასუხისმგებელი ამ მილის დახურვაზე? წვიმის ხმა, რომელიც თეატრში საკმაოდ გარკვევით ისმოდა, ასე უნდა იყოს, თუ... ?

- საერთოდ, წვიმის ხმა არ უნდა ისმოდეს, მაგრამ  ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რომელიც ამ ეტაპზე ჯერ ვერ მოხერხდა. იმიტომ, რომ ამხელა თეატრის ჭერის გაკეთებას ის თანხები, რაც იყო გამოყოფილი, მთლიანად დასჭირდებოდა. პასუხისმგებელი ჩვენ, ტექნიკური პერსონალი ვიყავით.

- რა დაჯდა მთლიანად თეატრის რეაბილიტირება?

- თეატრის ანგარიშზე არც ერთი თეთრი გადმორიცხულა, ამიტომ არ ვიცი და არც ჩავრეულვარ მაგ საკითხში.

მართალია, ბატონი გიორგისთვის არ არის ცნობილი თანხა, რომელიც თეატრის რეაბილიტაციას მოხმარდა, მაგრამ ორმაისობასთან დაკავშირებულ პრეს-რელიზში ოფიციალურად იყო მითითებული, რომ „თეატრის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა 2 048 321 ლარი, რომელიც მოხმარდა ისტორიული შენობის ჩუქურთმებიანი ფასადის, ეკლარის პერანგის დასუფთავებას, საძირკველის გამაგრების სამუშაოებს, ასევე იარუსების, პარტერისა და ჰოლის აღდგენას. გარემონტდა საგრიმიოროები, მოიხატა ჭერი და გამოიცვალა სკამები, დამონტაჟდა თანამედროვე აპარატურა და განათება-გახმოვანების სისტემები.“

მართალია, თეატრის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულად ცხადდება და იგი 2 მაისს პრეზიდენტმაც გახსნა, თუმცა, თუ კარგად დავათვალიერებთ შენობას, დავინახავთ, რომ ბოლომდე არ არის სამუშაოები დამთავრებული. კულუარებში ამბობენ, რომ თეატრის სრული რეაბილიტაცია, შესაძლოა, 26 მაისს დასრულდეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1816
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია