დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ მოგზაურობს სტუდია „გუთანი“ მთელ საქართველოში?
2012/04/30 14:20:52

„ფილმები არ იყიდება, სკოლებს უფასოდ ვჩუქნით“

გიორგი კვანტალიანი ტელესტუდია „გუთანის“ ოპერატორი და ფონდ    „მოუარე საქართველოს“ წარმომადგენელია, რუსთავში ცხოვრობს. ფონდიც და სტუდიაც ამავე ქალაქშია. ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, თუმცა ასაკი ხელს არ უშლის, აკეთოს ის საქმე, რომელიც ძალიან უყვარს - გადაიღოს ფილმები რელიგიურ თემებზე და შემდეგ მთელ საქართველოს აჩვენოს.  

ჩვენი საუბარი სამტრედიაში, მის დედულეთში შედგა, - გიორგი თავის ფილმებს აჩვენებდა აქაურ ბავშვებს.

„სტუდია „გუთანი“ მრავალი წლის წინ ლექსო გელაშვილმა დააფუძნა, - გვიამბობს გიორგი, - მაშინ მე დაბადებულიც არ ვიყავი. რედაქტორი ზვიად სეხნიაშვილია. ყველაფერ ამას კი ხელმძღვანელობს რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). სამი ოპერატორი ვართ და ყველანი ერთად, მთელი შემადგენლობა, ერთობლივად ვმუშაობთ იმაზე,რომ ფილმი, რაც შეიძლება, კარგი გამოვიდეს. ეს ყველაფერი ძალიან დამღლელი და შრომატევადია, მაგრამ, ამავე დროს, მეტად საჭირო და აუცილებელი. ამ საქმეს ერთი მიზანი აქვს - მივიყვანოთ ხალხი ტაძრამდე. დღეს საქართველოს ძალიან უჭირს. მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ომი, როცა არ იცი, თუ ვინაა შენი მტერი. ადრე ქართული ენა საფრთხის ქვეშ იდგა, იმიტომ, რომ რუსულის ჩანაცვლება ხდებოდა. ეს ეპოქა, როგორც იქნა, მოკვდა. მაგრამ ახლა ინგლისურის ჩანაცვლება ხდება. უკვე არბილებენ კიდეც ქართულ ბგერებს. წარმოიდგინეთ, წყლიან ჭიქაში ღვინოს რომ გავურევთ, შემდეგ სითხე ხომ აერევა ერთმანეთში... ასე ხდება ჩვენს ენაშიც, ინგლისურის ჩარევითა და გავლენით. ჩვენს გადაღებულ ფილმში „ქართული ენა - ლაზარე“ კარგად ჩანს მშობლიური ენის სიძლიერე და ის, თუ რას ნიშნავს, გერქვას ქართველი და იცოდე ქართული ანბანი.“

უწმინდესისა და უნეტარესის კურთხევით, უკვე მრავალი ფილმი აქვთ გადაღებული. პატრიარქს მათთან შეხვედრისას ერთხელ ისიც კი უბრძანებია, რასაც თქვენ აკეთებთ, სამოციქულო საქმეა, ღაღადებთ საქართველოს და დედა ეკლესიის სიყვარულსო:

„ყველა ფილმი ეროვნულ ფასეულობებზეა დაფუძნებული და რელიგიურ ხასიათს ატარებს. სულ მალე საქართველოს 36 ეპისკოპოსზეც გადავიღებთ ფილმს.“

გიორგი თითოეულ კადრს საგულდაგულოდ უფრთხილდება და არქივში ინახავს. იცის, რომ წლების შემდეგ ეს ყველაფერი განსაკუთრებით გამოადგება.

„აგვისტოს ომის შესახებ მამა გიორგიმ (ბასილაძე) იწინასწარმეტყველა. მან თქვა, თუ ქართველი და ებრაელი ხალხები გონზე არ მოვიდნენ, ომი გარდაუვალიაო. სულ მალე დაიწყო კიდეც რუსეთთან ომი. ამის კადრები შემონახული გვაქვს.“

სტუდიის შემოსავლის წყარო მხოლოდ მცირედი შემოწირულობაა. თუმცა ფილმების გადაღებას მაინც ახერხებენ.

„ფული, რეალურად, არ გვაქვს. იმაზე ვართ დამოკიდებული, შემოსწირავენ თუ არა ფონდს რაიმეს. გარდა ამისა, სასულიერო პირებიც გვერდით გვიდგანან და ყველანი ერთად ვაკეთებთ ქართულ საქმეს. ღვთის შემწეობით, საქართველოს ყველა კუთხეში, ქალაქსა თუ სოფელში დავდივართ. სკოლებში დაგვაქვს დისკები და ვუხსნით ბავშვებს, თუ რას ვემსახურებით, რისთვის ვქმნით ფილმებს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მთელი საქართველო შემოვლილი მაქვს, სრულიად უანგაროდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტიანობას ვემსახურები. ეს ფილმები არ იყიდება, სკოლებს უფასოდ ვჩუქნით. დისკის გარეყდაზე ანგარიშის ნომერი არის დაწერილი და შემოწირულობა შეუძლიათ გაიღონ, ეს კურთხევაც პატრიარქისგანაა“.

გიორგი და მისი ჯგუფი მართლაც კარგ საქმეს აკეთებს. იქნებ, ვინმე დისკის გარეყდაზე დაწერილი ანგარიშითაც დაინტერესდეს: GE 74 TB 0217236010100001 ბანკის კოდი: tbcbce22

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2068
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია