დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დუნა, შერი და ეგვიპტური ჩაი
2012/04/23 12:05:00

ანუ როგორ ჩავები „საერთაშორისო მეზობლობაში“

I am Luka Mindeli! - გულზე ხელს ირტყამს და ისე ეცნობა ჩემი შვილი უცნობ შავტუხა გოგონას. მე  „იტალიური“ ეზოს საერთო აივანზე სარეცხს ვფენ და ცალი თვალი და ყური ლუკასკენ მაქვს. ის კი, ჩემს გასაჯავრებლად, მერამდენეჯერ იმეორებს - I am Luka Mindeli! - ქართული აქცენტით. ახალი თამაში მგონია, „ჯეირანის“ მსგავსი. მეზობლის ბავშვებიც იმეორებენ იმავეს და ეზოში სრული ქაოსია. შავტუხა გოგონა კი შინ შერბის შეშინებული. არ მიყვარს ბავშვების საქმეში ჩარევა, მაგრამ მაინც ვცდილობ, გავარკვიო, რა ხდება. ბავშვები თითქმის ერთხმად მპასუხობენ: - უცხოელები გადმოვიდნენ ჩვენს ეზოში, ინგას სახლში!

 

ბავშვებზე მეტად მე გამიხარდა - გამოვიყენებ-მეთქი ინგლისურის ცოდნას (ორი წელი კურსებზე დავდიოდი, უფასოდ გვასწავლიდნენ ქუთაისელ ჟურნალისტებს). მალევე მომეცა შანსი: პატარა გოგონამ დედა გამოიყვანა ეზოში. მე აივნიდან მივესალმე და ისე, რომ სახელიც არ მიკითხავს -

- „Where are you from? (საიდან ხარ?)

- I am from egypt-ო, იყო პასუხი...

სარეცხი ელვის სისწრაფით გავფინე, ეზოში ჩამოვედი და ყველა კითხვა დავაყარე ეგვიპტელ ქალბატონს, რაც კი გაცნობისთვის საჭიროა. ასე, რომ ჩვენს ახალ მეზობელს შერი ჰქვია, მის შავტუხა გოგონას - დუნა. სამწუხაროდ, მეუღლის სახელი მაშინვე ვერ აღვიქვი, ჟღერადობით არცერთ ჩემთვის ნაცნობ სახელებს (ქართულს თუ უცხოურს) არ ჰგავდა.

გავიგე, რომ შერის მეუღლე რამდენიმე წელია, რაც ქუთაისის ყოფილ საავტომობილო ქარხანაში მუშაობს. ცოტა ქართულიც იცის. შერი და დუნა კი არც ისე ხშირად სტუმრობენ ჩვენს ქალაქს.

ახალი ნაცნობობისთვის საკმარისია, დანარჩენი - შემდეგში. მოხიბლული იმით, რომ ჩვენს ეზოში უძველესი და უდიდესი წარსულის მქონე ქვეყნის წარმომადგენელი ლამაზი ოჯახი იცხოვრებდა, თუნდაც დროებით, შინ შევედი და შევეცადე წამოწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანას, თუმცა - უშედეგოდ. ცნობისმოყვარეობამ თავისი გაიტანა და მალე ბავშვებს მეც შევუერთდი, ჭადრაკის თამაშში ჩავერთე. ეზოს ჩემპიონატი ჭადრაკში დიდხანს არ გაგრძელდა. პატარა დუნამ (ეგვიპტელი გოგონა), შემოჩვევის მიზნით, რამდენიმე ფიგურა გაიტაცა და ეზოს ბავშვებიც დაედევნენ, ასე გადაიქცა ჭადრაკის თამაში „მგელობანად“. ჩემს კარებთან სახელდახელოდ დადგმულ ფიცარნაგზე („სკამეიკა“) კი ჭადრაკის არეულ პარტიას შემოვრჩით მე და შერი. შემომელია ინგლისურიც, ახლა ღიმილის ენით ვაგრძელებთ საუბარს. ჩვენს გაჭირვებაში შევიდა შერის მეუღლე და შემოგვიერთდა. უფრო სწორად - შემოგვეშველა თავისი ქართულით. არ ვიცი, ზრდილობისთვის თქვა, თუ მართლა ასე ძალიან მოსწონს ქუთაისი: გელათშიც ყოფილა და მოწამეთაშიც, მადამსაც წავიყვანო აუცილებლად. ხინკალი ჰყვარებია ძალიან და ხაჭაპური. ქართული ღვინოც მოსწონს, მხოლოდ - ცოტა, ყანწებით დალევა არ შეუძლია. ერთი სიტყვით, მეზობლურად ვჭუკჭუკებთ. მერე მე წიგნები გამოვიტანე, სადაც კი რაიმე ეწერა ეგვიპტეზე. განსაკუთრებით მოეწონათ „გასაოცარი ცივილიზაციები“ (წიგნი). რატომღაც სახტად დარჩნენ, როცა გაიგეს, რომ მე საკმაოდ ვიცოდი ეგვიპტეზე. თითქმის ყველა ქართველმა იცის თქვენს სამშობლოზე-მეთქი, რომ ვუთხარი, გაოცდნენ. ეტყობა, მათ თავიანთი სამშობლო ჩვეულებრივი ჰგონიათ, არაფრით სხვაზე მეტი. რა თავმდაბლობაა!..

ჩემმა 9 წლის ბიჭმა თავისი წიგნები რომ უცხოელი მეზობლების ხელში დაინახა, არც მაინცდამაინც ესიამოვნა (არ უყვარს მის წიგნებს ვინმე რომ ეხება), მერე მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა:         „კითხე, დედიკო, მუმიის დამზადება თუ იცისო?“ გამეცინა: ახლა არ გინდა ამის ახსნა ინგლისურად? გადავშალე წიგნი, მოვძებნე მიცვალებულთა კულტზე სადაც ეწერა, ის გვერდი და მივახვედრე, რაც მკითხა ლუკამ. გაიცინეს პასუხად. ლუკამ გაიეშხა: „ახლა ის კითხე, „ხეოფსის პირამიდა 5 მილიონი ტონაა და 500 ეიფელის კოშკის წონაა მართლაო?“ ამ ბავშვმა ნამდვილად ჩემი ჩაჭრა მოინდომა.  ახლა  იმაზე  აატანა  ხვეწნა:   „ტუტანხამონი  მართლა  8  წლის  ასაკში ავიდა ტახტზე და 18 წლის გარდაიცვალაო?“ შერის ქმარი მიხვდა, რომ ლუკას კითხვებზე პასუხი გაძნელდებოდა, სასიამოვნოდ გაოცებულმა ქართული სკოლა შეაქო, მე კი ავუხსენი, რომ ამ წიგნებს სკოლაში არ ასწავლიან. ახლა მოვხვდი, რატომ არ უყვარს ლუკას სკოლაში სიარული: სისულელეებს გვასწავლიან, რა სასაცილო მოთხრობებიაო. ამ ამბების ფონზე, ალბათ, ასეა. მოკლედ, ჩვენი წიგნებით გაიხსენეს თავიანთი ქვეყნის კულტურა და შავგვრემანი სახეები სიამაყით შეეფაკლათ წითლად.

მე არც ჩემი  სამშობლო  დავივიწყე, „თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოს“, ახლა საქართველოს ღირსშესანიშნაობების წიგნები დავათვალიერებინე. აფსუს რა დროს არ მაქვს „იმერეთის“ ენციკლოპედია   (გამგები   გაიგებს!)!   „ქუთაისის“ ალბომმა მცა კარგი პატივი, თამაზ გერსამიას დახმარებით  მოვახერხე გამეცნო ქუთაისი შერისთვის. მოიხიბლნენ ქართული კულტურით. თქვენ ქართული სიმღერა არ მოგისმენიათ და ცეკვა არ გინახავთ, რომ არაფერი ვთქვათ ქართულ ტრადიციულ სამზარეულოზე-მეთქი. არც იმის თქმა დავივიწყე, საუკუნეების მანძილზე ეგვიპტის მმართველი მამლუქები წარმოშობით ქართველები რომ იყვნენ. ერთი სიტყვით, ვფიქრობ, ჩემს სამშობლოს კარგი პრეზენტაცია გავუკეთე ეგვიპტელებთან. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მე ეგვიპტური ჩაი დავაგემოვნე, ეგვიპტელმა   კი  ჩემი    მომზადებული „ფლავი“ თეთრი ბლის მურაბით.

ასე რომ, მეზობლობას ჩაეყარა საფუძველი ხარება დღეს. სხვათაშორის, ისინი ქრისტიანი არაბები არიან, დილით ხარების ეკლესიაშიც ყოფილან სალოცავად. ამ ფაქტმა ერთიორად გამახარა. თუმცა, მე ბუნებით ტოლერანტი ადამიანი ვარ და ყველა რელიგიას თანაბარ პატივს ვცემ.

მე მათ დავპირდი, რომ შეძლებისდაგვარად გავაცნობდი იმერეთს. ისინი კი, თავის მხრივ, ეგვიპტეში ჩემს მასპინძლობას დიდი სიამოვნებით აპირებენ.

მეორე დღეს ბავშვებმა ამბავი მოიტანეს: დუნა მიდის ხვალო. მე არ დავიჯერე. მაგრამ ღამით ორი უცხო გოგონას თანხლებით მესტუმრა შერი. ისინი არაბული ენის მცოდნეები იყვნენ. მათი დახმარებით გავიგე, რომ სასწრაფოდ ბრუნდებოდნენ ეგვიპტეში, დედამთილი გახდა ავადო, ჩვენი ვალია მოვუაროთო, ის ჩვენი დედააო. რძალიც ამას ჰქვია! - გავიფიქრე. თარჯიმნების დახმარებით ერთმანეთს ვუთხარით ყველა ის თბილი სიტყვა, რასაც მეგობრები ეუბნებიან განშორებისას.

სამახსოვროდ ღვთისმშობლის ხატი ვაჩუქე. ჩემი საჩუქარი ყველაზე ძვირფას საჩუქრად მიიღო. დავემშვიდობეთ ცრემლნარევი თვალებით. მე დიდი მოკითხვა დავაბარე ქვეყანასთან, რომელიც ძალიან მიყვარს. მოკითხვა დავაბარე პირამიდებთან, რომელიც ჩემთვის ?1 საოცრებაა საოცრებათა შორის.

ეს აქამდე რაც გიამბეთ, ჩვეულებრივი რამ იყო, არაჩვეულებრივი (ჩემთვის) კი დილით მოხდა როცა პატარა დუნამ ცელოფნის პარკში ჩაწყობილი პროდუქტები გადმომცა უხმოდ. მეც გამოვართვი და ყურში შერის ხმა ჩამესმა: „ლელა, მაცივარში აღარ დავტოვე, რატომ უნდა გაფუჭდეს, შენ მოიხმარე“. ეს აქამდე ქართული მეზობლობა მეგონა, ეტყობა, საერთაშორისო მეზობლობის წესი ყოფილა.

ათ საათზე მე და ლუკამ გავაცილეთ ჩვენი ეგვიპტელი მეზობლები, ტირილს ცოტა მიკლდა. ეზოში შემოსულმა სიცარიელე ვიგრძენი. მაშინ მივხვდი, რომ მეგობრობას და სიყვარულს საზღვრები მართლა არ აქვს. მაშინ დავრწმუნდი, რომ გლობალიზაციას დადებითი მხარეც აქვს. მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი „ბაბილონის გოდოლის“ დანაშაულზე კაცობრიობის წინაშე. ახლა ისღა დამრჩენია, უკეთესად ვისწავლო ინგლისური და ინტერნეტის საშუალებით „ვიმეზობლო“ შერისთან. მეგობართან, რომელიც აფრიკაში, ნილოსის პირას, პირამიდებთან ახლოს ცხოვრობს და რომელიც ძალიან მენატრება.

მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როცა პატარა დუნა შემოირბენს ჩემთან და ეგვიპტის მზით გარუჯულ სახეზე მოციმციმე, კამკამა ღიმილით მეტყვის: „მე დავბრუნდი“.

 

ლელა თოლორდავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1792
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია