დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტაძარში დაბადებული ქველმოქმედების იდეა
2012/04/17 12:29:17

კარგია, როცა გარშემო ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ქველმოქმედებაზე ზრუნავენ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მიუსაფარ ხალხზე ახალგაზრდები ფიქრობენ.

 

 

12 აპრილს, წინასააღდგომოდ, სამტრედიის მიუსაფარ ბავშვებსა და მოხუცებს ის პროდუქტი და ჩასაცმელი მიუტანეს, რომელიც სოფლების - ნაბაკევისა და ხუნჯულაურის მოსახლეობამ გაიღო. ქველმოქმედების იდეა კი ტაძარში დიბადა და, როგორც ეტყობა, ეს ღონისძიება ტრადიციის სახესაც მიიღებს. ახალგაზრდების - ნანა კუკულავასა და თეონა თადუმაძის მონდომებით, აღდგომას ბევრი ულუკმაპურო ადამიანი შეხვდება  გაღიმებული.

„ცოტა ხნის წინ გაგვიჩნდა იდეა, დავხმარებოდით იმ ადამიანებს, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და ძალიან უჭირთ.  ამის სურვილი კი ტაძარში, წირვაზე გამიჩნდა და ჩემი მოსაზრება მეგობარს გავუზიარე. ორი სოფელი კარდაკარ შემოვიარეთ, ვუხსნიდით მოსახლეობას, თუ ვის დახმარებას ვაპირებდით. ისინი სიხარულით შეხვდნენ კეთილი საქმის წამოწყებას. უმეტესად გვაძლევდნენ ტანსაცმელს, ზოგი მცირე თანხას იმეტებდა, ზოგიც - პროდუქტებს. რამდენიმე კვირის წინათაც გვქონდა მსგავსი აქცია: ტანსაცმელი და პროდუქტი სათნოების სახლს გადავეცით, სადაც მამა მატათა დაგვხვდა და ძალიან მოეწონა ჩვენი ჩანაფიქრი. სწორედ მისი, მამა ათანასეს და მამა რომანოზის ლოცვა-კურთხევით დავიწყეთ ჩვენი მეორე აქციის განხორციელება,“ - ამბობს ღონისძიების ორგანიზატორი ნანა კუკულავა. 

„მიხარია, რომ მსგავსი აქციით ცოტათი მაინც დავეხმარეთ იმ ხალხს, ვისთვისაც არ არსებობს დღესასწაული და ყველა დღე ერთნაირია. ცოტათი მაინც შევუმსუბუქებთ მათ დუხჭირ ყოფას,“ - აღნიშნავს თეონა თადუმაძე.

როგორც ახალგაზრდებმა გვითხრეს, მათ ადგილობრივი გამგეობა მხოლოდ იმით დაეხმარა, რომ გაჭირვებულთა სია მიაწოდა.

რას ამბობენ თავად ის ადამიანები, ვისაც დაეხმარნენ?

ლამარა ბებო, 79 წლის: „ვერ წარმოიდგენთ, შვილო, ამ ბავშვების საქციელმა როგორ გამახარა. კარგია, რომ დღეს ჩვენ ასეთი თაობა გვყავს, ღმერთმა გაგვიხაროს ნანა და თეონა, იხარონ მაგათმა გამზრდელებმა.“

დათო, 12 წლის: „იცით, მე სამტრედიის სადგურზე ვარ ძირითადად. კევებს ვყიდი. ნანამ და თეონამ ამ სააღდგომოდ საჩუქრები და ჩასაცმელი მომიტანეს სახლში.“

როგორც აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, მომავალში მსგავსი ქველმოქმედება უფრო მასობრივი ხასიათის გახდება, მათ ხალხის დიდი გულისხმიერების იმედი აქვთ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1922
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია