დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანტიკური პერიოდის ნივთები, ნაპოლეონის დაშნა და ქადეიშვილის ტორტი ლამაზმანისათვის
2012/04/02 15:16:51

რამდენიმე საათით ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში

 

27 მარტია და მაინც თოვს...

„მივალ გურიაში, მარა...“

სანამ სიხარულისგან „გულმა წინ-წინ გეიპარა“, ეს ჩვენი სამარშრუტო ტაქსი, „სამტრედია-ოზურგეთი“, თოვლში ისე ბუქსაობს და ქშინავს ჩოხატაურის ყველაზე მაღალ აღმართში, რომ ლამის სათუო ხდება გზის გაგრძელება...

 

ორად-ორი მგზავრი მამაკაცი მძღოლთან ერთად გადადის უწყვეტ თოვაში და გაჯიუტებულ მანქანას უკირკიტებს. ერთ-ერთი მათგანის ცოლი, შუახნის ქალბატონი, ჩემს უკან ზის და გურული ტემპერამენტით „ამკობს“ მძღოლს: „აი კაცი ექიმთან მიმყავს და ვარესათ არ გამიხთეს, თვარა!..“

ამ გაუთავებლად მოწუწუნე-მოქაქანე ქალბატონმა ანეკდოტი მომაგონა - გურული ეუბნება ცოლს: „ქალო, ერთი წამი მაინც გაჩუმდი, გევიგო, დეიქოქა თუ არა აი მანქანა!“

ეჰ, ქალბატონო, ქალბატონო! ვის იმეტებთ საწყევრად, რომ იცოდეთ! სანამ სამტრედიის ავტოსადგურიდან გამოვიდოდით, მაგ კაცმა (მძღოლმა) სიტყვას მოაყოლა და მითხრა: ჩემი ბებია, მინადორა კერელეიშვილი-ბაღდავაძე, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების ნათლია იყო - ბავშვობაში მონათლა ერთად. მაგათ პირდაპირ ცხოვრობდა ჭყვიშში, ღარიბ-ღატაკი ქალი იყო, მაგრამ ჭკვიანი და დაფასებული, გალაკტიონის მღვდელმა მამამაც სწორედ ამიტომ შეარჩია ნათლიად. ეს ყველაფერი ბებიასგან გამიგონიაო.

რამდენად ზუსტი ინფორმაციაა, არ ვიცი, მაგრამ ის სულგანათლებული მინადორა ბებია, ექვსი შვილის აღმზრდელი ქალი, ტყუილებს იკადრებდა ვითომ?

მოკლედ, დიდი ტაბიძეების ნათლიის შთამომავალი ბეწვზე გადაურჩა გურული ქალის წყევლას: მანქანამ, როგორც იქნა, ხროტინი შეწყვიტა და თოვლიან აღმართს ნელ-ნელა შეეჭიდა.

***

ისტორიული წყაროებით, ქალაქი ოზურგეთი გვიან ფეოდალურ ხანაში წარმოიშვა და სავაჭრო ქალაქი იყო. ამას მტკიცებულებად მიიჩნევენ აქ აღმოჩენილ ვერცხლის მონეტების განძს (ე.წ. „ოზურგეთის განძი“- 270 მონეტა). ქალაქად ოფიციალურად გამოცხადებულა 1840 წელს.

ოზურგეთის ასეთი ახალგაზრდული ასაკი, საქართველოს სხვა დიდ ქალაქებთან შედარებით, ცოტა არ იყოს, დამაფიქრებელია. მაგრამ, აბა, მოუსმინეთ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მთავარ მცველს, ქალბატონ მანანა ლომაძეს! მისი ღრმა რწმენით, თუ ქალაქში, „თეატრალურ მოედანზე“  გათხრილ აბანოთა ნაშთებს მეცნიერულად შეისწავლიან, შეიძლება, IV-V საუკუნემდეც კი მივიდეთ და ოზურგეთის ასაკი არა XVI საუკუნიდან დაითვალონ, როგორც ამას „ქართლის ცხოვრებისა“ და სხვა ისტორიული წყაროების მიხედვით აკეთებენ, არამედ... მოკლედ, ქალბატონ მანანას დიდი იმედი აქვს, რომ გურიის კომპლექსური  მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია, პროფესორ ვაჟა სადრაძის ხელმძღვანელობით, ბევრ რაიმეს ახდის ფარდას, მათ შორის იმასაც, რომ გურიის ძველი დედაქალაქი ოდესღაც ნამდვილად იყო „ვაშნარი“, დღევანდელ ოზურგეთთან ძალზე ახლომდებარე ციხე-ქალაქი.

***

 

დღევანდელი ოზურგეთის უბნები სამ ტერასადაა შეფენილი ვაკე-სერებზე და ლამაზი სახელები ჰქვიათ: ცენტრის უბანი, ბასრა, ზვანი, ექადია, ანასეული, ლაშე, გაკირული, მოიდანახე, სერი, საპარასკევო...

საინტერესოა ტოპონიმ „მოიდანახეს“ ეტიმოლოგია. ქალბატონმა მანანამ მიამბო:

- ეს ქალაქის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილია. უწინ აქ გაუვალი ტყე ყოფილა, დაუსახლებელი. გადმოცემით, გურიელის ერთ-ერთი მოურავი სანადიროდ წასულა და უზარმაზარი გარეული კამეჩი მოუკლავს. დაბრუნებულს გურიელისათვის უამბია უცხო ნანადირევის შესახებ. მას არ დაუჯერებია. მაშინ მოურავს შეუკადრებია: თუ არ გჯერა, მოი და ნახეო.

ასე დარქმევია იმ ადგილს „მოიდანახე“.

ოზურგეთი, საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, დღეს „რეაბილიტაციის“ მდგომარეობაშია - თანამედროვე ნაგებობები და ფერები ჩნდება, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი ძველი კოლორიტი.

სულ ახლახან ტრადიციული „ალეგრობის“ დღესასწაული აღადგინეს, რომელიც XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე იმართებოდა ქალაქ ოზურგეთსა და მის ახლომახლო - ლიხაურში, კვირიკეთში, შემოქმედში, ბახვში... რატომ ერქვა ამ დღესასწაულს მაინცდამაინც „ალეგრო“ - იტალიური სიტყვა - ვინ იცის, მაგრამ ეს ყოფილა მართლაც სიცოცხლითა და ხალისით აღსავსე ღონისძიებების მთელი წყება: მასობრივი სეირნობებით, მხიარული „ბუზიკით“, ქალ-ვაჟთა             „გადანახულებით“, „სიყვარულის ფოსტით“ და „ლატარიით“, „ბედის კასრით“, მხიარული შეჯიბრებებით, სილამაზის კონკურსით... დღესასწაულის ყველაზე მშვენიერ ქალბატონს, თურმე, ქადეიშვილის ცნობილ ტორტს მიართმევდნენ საჩუქრად, თეთრი ვარდებით მორთულ ფაეტონში ჩასვამდნენ და მთელ ქალაქს ზარზეიმით მოატარებდნენ...

გინდათ, შეიგრძნოთ და შეისისხლხორცოთ გურიის - საქართველოს უძველესი კუთხის სული, ტრადიციები და თვითმყოფადობა? მაშინ აუცილებლად შეაღეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის კარი!

სულ მცირე ექსკურსი: ოზურგეთში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1936 წელს დაარსდა. 1991 წელს ყოფილი გურიელების სასახლიდან, სადაც ახლა უკვე შემოქმედელი ეპისკოპოსის რეზიდენციაა, სამხედრო დიდების მუზეუმის შენობაში გადავიდა. 2001 წლიდან მას ეწოდა ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი.

დიდი ხნის წინათ სამხედრო დიდების მუზეუმში ქუთაისელ ომის ვეტერანებს ვახლდი, დიდი მხედართმთავრების პორფირე ჩანჩიბაძისა და კონსტანტინე ლესელიძის პატივგების ღონისძიებაზე. მაშინდელი შთაბეჭდილებაც მახსოვს - უზარმაზარმა შენობამ, გაჩახჩახებულმა საექსპოზიციო დარბაზებმა თვალი მომჭრა...

ახლა კი ჩემს ახალგაზრდა ოზურგეთელ კოლეგას, გიორგი სირაძეს, ჩაბნელებული კიბეებითა და ვეებერთელა, პირქუში ინტერიერის გავლით ავყავარ მუზეუმის ადმინისტრაციისაკენ. შესასვლელში მეორე მსოფლიო ომის გმირების (ოზურგეთელების) 8 თუ 10 ბრინჯაოს ბიუსტია შექუჩებული - სადღაც აუღიათ და აქ, მუზეუმში შემოუტანიათ...

ალბათ, სათადარიგო შესასვლელით მოვჭერით გზა და ამიტომაა ასეთი არასახარბიელო გარემო? თურმე, ნუ იტყვით და, როგორც მერე შევიტყვე, სწორედაც რომ „საპარადო შესასვლელით“ შევბრძანდით. მახსენდება, ეს ხომ ყოფილი საკონფერენციო დარბაზია, იქით კიდევ ერთი დიდი დარბაზი... 2005-ში აქ წყალი მოვარდნილა და ერთიანად გაუნადგურებია ყველაფერი. ამას კიდევ ისიც დავუმატოთ, რომ არ არის ცენტრალიზებული გათბობა, სიცივისგან გაყინული თანამშრომლები საერთო ოთახში არიან შეყუჟულნი ელექტროქურასთან...

მოკლედ, შენობის ადმინისტრაციული ნაწილი (მარჯვენა მხარე) ისეთია, ნამდვილად ვერ აღიქვამთ თავს 21-ე საუკუნეში. მუზეუმი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ეტყობა, „შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს“, თორემ 6 ათასამდე უნიკალური ექსპონატის მქონე დაწესებულებას ასე უყურადღებოდ როგორ მიატოვებდნენ!

ინტერიერის ცუდ შთაბეჭდილებას შესანიშნავი ადამიანები მავიწყებენ: ქალბატონი მანანა ლომაძე და მუზეუმის სხვა თანამშრომლები უამრავ საინტერესო ინფორმაციას მაწვდიან ქალაქის ისტორიიდან. დიდხანს ვსაუბრობთ გენიალური გურული ფოლკლორის დიდ მოამაგეებზე, ისეთებზე, როგორიც არიან: ფილიმონ ქორიძე, სამუელ ჩავლეიშვილი, გიორგი ბაბილოძე, დათა გუგუნავა, ანანია, არტემ, ვლადიმერ ერქომაიშვილები, მიხეილ შავიშვილი, „გურიის იადონი“ ვარლამ სიმონიშვილი, სამუელ ჩხიკვიშვილი, მელქისედეკ ნაკაშიძე, ნესტორ კონტრიძე, იესე ჭანიშვილი, გიორგი სალუქვაძე, ტრისტან სიხარულიძე, გური სიხარულიძე, დიმიტრი ხომერიკი, ამირან თოიძე, ამირან გოგია, გური გოლიაძე, ვაჟა ბარამიძე და სხვანი და სხვანი. საუბრისას ბავშვობაში რადიოთი არაერთხელ მოსმენილი „შავი შაშვი“ გავიხსენე და ქალბატონმა მანანამ მითხრა, რომ ეს სიმღერა დათა გუგუნავას ეკუთვნის.  „შვილი რომ გარდაეცვალა, დათამ დაინახა, აივანთან შავი შაშვი გალობდა... ასე შეიქმნა: „შავი შაშვი ჩიოდა...“

კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია ქალბატონ მანანასაგან: მთავრის ბაღი, საიდანაც ახლა სკვერიღაა შემორჩენილი, 2 კილომეტრიანი იყო სიგრძით. თურქებმა აჩეხეს უნიკალური ხეები, თუმცა ახლაცაა შენარჩუნებული რამდენიმე სხვადასხვა ჯიში. ჭადრები კი ისე ყოფილა განლაგებული, იკითხებოდა სახელი „მამია“ (მამია V გურიელის პატივსაცემად).

მუზეუმის თანამშრომლებმა ბევრი რამ მიამბეს არქეოლოგიურ-ნუმიზმატიკურ-ეთნოგრაფიულ და სხვა თემებზეც. ბოლოს, შემომთავაზეს - თუ ისურვებთ, საექსპოზიცო დარბაზებსაც გაჩვენებთ, ოღონდაც, გაფრთხილებთ, იქ ძალიან ცივაო.

მერწმუნეთ, სიცივე ნამდვილად დაგავიწყდებათ, თუ მუზეუმის ამ ჩაბნელებულ-გაპარტახებულ ნაწილს დატოვებთ და მარცხენა მხარეს, ექსპოზიციაში გადაინაცვლებთ. აქ სრულიად სხვა სურათია: გარემონტებული, გაქათქათებული კედლები, საექსპოზიციო მინის კარადებში აკურატულად განთავსებული ნივთები, კედლებზე ეფექტურად განლაგებული, უნიკალური ფოტოები და ნახატები, საკმაოდ კარგად განათებული სივრცე...

მუზეუმს ახალგაზრდა დირექტორი ჰყავს - გოგა ტრაპაიძე. სწორედ მასთან და დარბაზის მსახურ ლია ლეჟავასთან ერთად ვათვალიერებ არაჩვეულებრივ სანახაობას. 6 ათასამდე ექსპონატიდან უმეტესი ნაწილი, სამწუხაროდ, შენახულია, რადგან, როგორც გოგა მიმხელს, საკმარისი კარადები არ გააჩნიათ. არადა, ფონდებში მრავალი უნიკალური ნივთი ჰქონიათ, განსაკუთრებით - მონეტები...

ვიწყებთ მოგზაურობას ოზურგეთის წარსულში: უპირველესად, ესაა ვაშნარის IV-VIII საუკუნეების რამდენიმე არქიტექტურული ნაგებობის ფრაგმენტი, მარტირიუმის ჩუქურთმიანი სვეტის თავები, IX-X საუკუნის კანკელის ქვები - გორის ფერდის ეკლესიიდან...

მეორე სართულზე გეგებებათ ნეოლითის ძეგლები, ლაითურის, მელექედურის, შრომის, ვიკიჯვრის, ურეკ-წვერმაღალას, გრიგოლეთის განძეულები - ოზურგეთის სხვადასხვა სოფლისა და ადგილის მიხედვით, თანმიმდევრულად განლაგებული არქეოლოგიური მონაპოვარი: ბრინჯაოს ნაკეთობები, სეგმენტური იარაღები, კერამიკა, ქალის სამკაულები, რკინის წიდები... არაჩვეულებრივია ურეკში აღმოჩენილი ანტიკური პერიოდის დანაყოფებიანი ჭურჭელი (მენზურა), ორხელიანი ამფორა, ქალაქის ტერიტორიაზე ნაპოვნი IV-VII საუკუნეების სარკოფაგი, უნიკალური მონეტური კოლექციები...

ეთნოგრაფიულ განყოფილებაში თავს ძველ გურიაში იგრძნობთ, იმდენი საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნივთი და ჭურჭელია. განსაკუთრებით საინტერესოა კერიის თავზე დასაკიდებელი ხის მოწყობილობა „ოჯინჯალი“ და ზედ ჩამოკიდებული „ჩეჩო“ (დაწნული სინი) - ხორცის, ხილისა და სხვა პროდუქტების შესაბოლად. ეჟვნის მაგვარი ხის ოთხკუთხა კოლოფიც ვნახე, თავისი ენით. მას თურმე საქონელს ჰკიდებდნენ გურულები და „სარაკუნას“ ეძახდნენ.

იარაღების მდიდარი კოლექციიდან კაჟის თოფს, მაჭახელას, ნაპოლეონის ნაქონად მიჩნეულ (ჯერ კიდევ დასამტკიცებელია), ფრანგულწარწერიან დაშნას და ფილიმონ ქორიძის  დამბაჩას  გამოვყოფდი.

სხვა განყოფილებაში მთავარ გურიელთა ნაქონი ჭურჭელი, ავეჯი და პორტრეტებია გამოფენილი.

არაჩვეულებრივია გურულ მოჯირითეთა მდიდარი ფოტოგამოფენა. როგორც გოგა ტრაპაიძემ მიამბო, დიდი შრომა გაუწევიათ ამ ფოტომასალის მოსაპოვებლად. იქვე საინტერესო მინაწერებიცაა წარმოდგენილი. დამთვალიერებელს თავად შეუძლია, წაიკითხოს, გაიაზროს და ისიამოვნოს.  „ამერიკის თვით საუკეთესო ცხენოსნებიც კი იძულებულნი გამხდარან, პირველობა დაელოცათ ჩვენებურთათვის“ - თედო სახოკიას ამ შეფასების მერე სულ სხვაგვარი ინტერესით აკვირდები ფოტოებზე გამოსახულ მოხდენილ ცხენებს და ჩაუქ გურულ ვაჟკაცებს.

მუზეუმის დირექტორი ერთ ოსტატურად შესრულებულ ფერწერულ ტილოს მიჩვენებს: ოზურგეთელ აწგარდაცვლილ მხატვარს ხვიჩა დობორჯგინიძეს ოზურგეთის ძველი პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი დაუხატავს. ეს ის პოლიციაა, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1918 წელს, მნიშვნელოვან როლს რომ ასრულებდა მოსახლეობის დაცვაში. როგორც გოგა ტრაპაიძე მიხსნის, ყველა იარაღი, რომელიც მხატვარმა ამ ტილოზე დახატა, მუზეუმის კოლექციიდანაა.

ვათვალიერებთ გამოჩენილ ოზურგეთელთა ფოტოგამოფენებსაც. ნელ-ნელა და შეუმჩნევლად ვტოვებთ საექსპოზიციო დარბაზს.

გაოცებული ვარ მუზეუმის ნათელი სივრცით, მართლაც უზარმაზარი და ჯერ კიდევ აუთვისებელი ფართია!

გოგა ტრაპაიძის თქმით, წლების წინ, გურიის პირველი რწმუნებულ-გუბერნატორი რამაზ ნიკოლეიშვილი სწვევია მუზეუმს და სწორედ მისი უშუალო დაინტერესებით და ძალისხმევით ჩაუტარებიათ შენობის ამ ნაწილის რემონტი 2007 წელს.

თითო გუბერნატორი თითო ასეთ კვალს რომ დატოვებდეს მუზეუმის შენობაში, შთამომავლობაც ისიამოვნებდა და ყველა კუთხიდან ჩამოსულ უცხოელ ტურისტებსაც ვაამებდით, ალბათ.

დღეს ქალაქ ოზურგეთში ისტორიული ძეგლები თითქმის არ არის შემორჩენილი (თუ არ ჩავთვლით გურიელის სასახლეს, სადაც ახლა შემოქმედელის რეზიდენციაა). მუზეუმი კი ყველა ამ დანაკლისს ავსებს და ერთიანი, დიდი წიგნივით გადაგვიშლის მხარის ისტორიას.

 

***  

სამარშრუტო ტაქსის გასვლამდე ჩემი კოლეგა გიორგი სირაძე კაფე „ანგი“-ში მეპატიჟება, გურულ ღვეზელზე.

ზურგს უკან ინგლისური დიალოგი მესმის. უკან ვიხედები... როგორც გურულები იტყვიან, „მუგუზალივით შავი“, საოცრად ლამაზი ზანგის ქალი ელაპარაკება ჩვენებურ ქალბატონს. კაფეში შემოსვლამდეც შევნიშნე ერთი ახოვანი, ბრგე ზანგი...

როგორც ჩანს, ოზურგეთი უკვე საფუძვლიანად შედის გლობალიზაციის ერაში, სტუმარიც გაუხშირდა და ამბის გამტანიც. ასე რომ, ალბათ, ადგილობრივი ხელისუფლება ბჟუჟის ტალღებს არ გაატანს სამუზეუმო საქმის სპეციალისტთა და ქალაქის საზოგადოების იმედს - ძალისხმევას არ დაიშურებს მუზეუმის დიდი შენობის დარჩენილი ნაწილის რეკონსტრუქციისათვის.

... მე კი, ოზურგეთის მუზეუმის ექსპოზიციით ნასიამოვნები და კმაყოფილი, უკვე უკან ვბრუნდები და მანქანის სარკმლიდან ვცდილობ, გურიის უმშვენიერეს ხედებს ფოტოები გადავუღო.

 

ნანული ცხვედიანი

ოზურგეთი-ქუთაისი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1719
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია