დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ასმათ გოგატიშვილის არაჩვეულებრივი პერსონაჟები
2012/03/19 13:26:17

პოლიეთილენის პარკები, გამხმარი ფოთლები, ძველი ფოტოსურათები, ერთი შეხედვით დრომორჭმული და უფუნქციოდ დარჩენილი ნივთები... წარსულის აჩრდილებს შემოქმედი ადამიანის ხელში კიდევ შესწევთ ძალა, ახლებურად ამეტყველდნენ. სწორედ ამას აკეთებს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენის მასწავლებელი ასმათ გოგატიშვილი, რომელმაც მისი ნამუშევრები ამასწინათ სახვითი ხელოვნების გალერეაში, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ ორგანიზებულ შემოქმედებით საღამოზე წარუდგინა საზოგადოებას.

 

 

- ქალბატონო ასმათ, რა ასაკში და რამ გამოიწვია ამ საქმით თქვენი დაინტერესება?

- ყველაფერი ღრმა ბავშვობაში დაიწყო, მაშინ, როდესაც საოჯახო ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე ნელი ოქროპირიძის წიგნი „ფანტაზია და მარჯვე ხელები“. ყოველთვის მიტაცებდა ხელოვნების სხვადასხვა ჟანრი, განსაკუთრებით გამოყენებითი და დეკორატიული ხელოვნება მაინტერესებდა, ეს სახელმძღვანელო კი ყველაფრის დაწყების მიზეზად იქცა. მუყაოს ქაღალდებს, გამხმარ მცენარეებს, ძველ ნივთებს, ნიჟარებს, ფოთლებს, ბამბას, საღებავს და ფანტაზიას ვიყენებდი თოჯინების დასამზადებლად. მაგრამ მოგვიანებით, სკოლასა და უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, სულ უფრო ნაკლები დრო მრჩებოდა ხელოვნებისთვის, სანამ ერთ დღეს ოჯახის ახლობელმა არ მომიტანა დაწნული თეფში და მთხოვა, რაიმე ორიგინალური შემექმნა მისთვის. ჩემი მეგობარი ახალდაქორწინებული იყო, ამიტომ გადავწყვიტე, შემექმნა სიძე-დედოფლის მინიატურული სახე, რასაც ამ კალათზე დავიტანდი. ასეც მოვიქეცი. საბოლოოდ, ამ ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

ამის შემდეგ მთელ ჩემს თავისუფალ დროს ამ საქმეს ვუთმობ.  თავდაპირველად სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა სახეების შექმნით ვიყავი დაკავებული. პირველ რიგში შეიქმნა ქართველთა წყვილი, შემდეგ - ეგვიპტელები, აფრიკელები, მაქვს ნამუშევარი ბრაზილიაზე, სადაც გამოსახულია რიოს კარნავალი, და ასევე დიდი ზომის ტილო შევქმენი ვენეციის ნიღბების ფესტივალთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, ადამიანს მალე ბეზრდება ერთი მიმართულებით მუშაობა, ამიტომ გადავწყვიტე, შემექმნა ცნობადი სახეები ფილმებიდან (და არამარტო ფილმებიდან). პირველი იყო ჩემი საყვარელი პერსონაჟი ფუფალა - ფილმიდან „ნატვრის ხე“,  შემდეგ ოლღა ბებიას პორტრეტი ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, ასევე - მსოფლიო კინოს მონაპოვარი ჩარლი ჩაპლინი, მაქვს გოგლა ლეონიძის მარიტაც, ოღონდ არა თენგიზ აბულაძისეული, არამედ - ჩემეული, ისე, როგორც ნაწარმოებშია აღწერილი. ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი კი არის ამადეოს მოცარტი - რექვიემით.

- როცა ამ პერსონაჟებს ქმნით, უპირველესად, რას ითვალისწინებთ?

- ნამუშევრების შექმნისას გასათვალისწინებელია ყველა დეტალი, აუცილებელია, სწორად იყოს შერჩეული ქსოვილი, ფერი, თმა, თვალის ჭრილი და ყველა ის დეტალი, რაც პერსონაჟისთვისაა დამახასათებელი.

- თუ გაქვთ თქვენთვის გამორჩეულად საყვარელი ნამუშევარი?

- ჩემთვის ყველა ჩემი ქმნილება გამორჩეულია, მაგრამ ერთს მაინც გამოვყოფ - ეს არის ფოტოკოლაჟი, რომლის შექმნის იდეა ძველ სკივრში ნაპოვნი ფოტოალბომის გადათვალიერებისას დაიბადა. ამ ნამუშევარში წარმოდგენილია: ჩემი დიდი ბებია, ბაბუა, მისი წინაპრები, გიმნაზიელი გოგო, ძირძველი ქართველები... როდესაც კოლაჟზე მუშაობა დავიწყე, შევეცადე, ჩემს წარმოსახვაში გამეცოცხლებინა მე-20 საუკუნე და ისინი მაქსიმალურად ქართული სამოსით შემემოსა. დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც საზოგადოებისთვის ნაცნობ და საყვარელ  გმირებს ქმნი, მაგრამ ორმაგად უფრო საპასუხისმგებლოა, როდესაც უცნობი პერსონაჟები ისე უნდა წარუდგინო საზოგადობას, რომ დააინტერესო ისინი. ამიტომ ეს ნამუშევარი უფრო ახლოსაა ჩემს სულთან.

- რა დროა საჭირო იდეის ხორცშესხმისათვის?

- ეს ყველაფერი დამოკიდებულია ნამუშევრის მოცულობაზე, მონახაზსა და მასალაზე. დაახლოებით ერთი კვირა საკმარისია, ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც სამუშაო მაგიდასთან მომზადებული ჯდები, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დგება. აი, მაგალითად, როდესაც ოლღა ბებიას სახეს ვქმნიდი, მხედველობიდან გამომეპარა ერთი დეტალი - დანაოჭებული სახე, ეს ნამუშევარი მთლიანად დაიშალა და თავიდან აეწყო. აბა, წარმოიდგინეთ, მისი სახე რომ სწორი ქსოვილით ყოფილიყო შექმნილი. ამიტომ  ზუსტი ვადების განსაზღვრა შეუძლებელია.

- თქვენ ბრძანდებით ფრანგული ენის სპეციალისტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსტეტში ასწავლით. თქვენი ჰობი თუ არის ცნობილი სტუდენტებისთვის?

- სამწუხაროდ - არა. ეს ჩემი მეორე გამოფენა იყო,  პირველად ნამუშევრები გასულ წელს ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტის იუბილეზე გამოიფინა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მისაღებში. მიუხედავად იმისა, რომ ვგეგმავ, ჯერ ვერ მოვახერხე პერსონალური გამოფენის გაკეთება, ამიტომ კოლეგებისა და სტუდენტების ნაწილი  მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით იცნობს ჩემს ქმნილებებს.

- რა არის თქვენთვის ხელოვნება?

- მიუხედავად იმისა, რომ მე ვაკეთებ საყვარელ საქმეს, ვზრდი სამ შვილს, ხელოვნება ჩემთვის ყოველთვის რჩება ადგილად, სადაც თავს ვკარგავ და შემდეგ ყოველთვის ვპოულობ, ეს არის საქმე, რომლის კეთებისას მე ვისვენებ და ვერთობი.

...მოკლედ, გირჩევთ გადახედოთ სახლის საკუჭნაოში შეკუჭულ ძველ ნივთებს, მოუძებნეთ მათ ახალი დანიშნულება: იქნებ თქვენშიც იმალება ნიჭი, რომელიც ძველ ქართულ ფილმს თუ არა, ჰოლივუდის თანამედროვე გმირებს მაინც გაგაცოცხლებინებთ?!

 

ნონა ქარციძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1726
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია