დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ გამოიყურება ახალგაზრდა შემოქმედის მუზა?
2012/03/12 12:27:41

ერთი შეხედვით, გიორგი ქასრაშვილი ჩვეულებრივი ქუთაისელი ახალგაზრდაა, მაგრამ, ვისაც ერთხელ მაინც უსაუბრია მასთან, არ შეიძლება, შეუმჩნეველი დარჩეს მისი ნიჭი და შემოქმედებითი თვალსაწიერი. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, პროფესიით არასოდეს უმუშავია. მთლიანად ხელოვნებითაა დაკავებული: წერს, ხატავს, როლებს თამაშობს, ფიქრობს...

 

- გიორგი, წერ ლექსებს, პიესებს, ჩანახატებს... როგორ გამოიყურება შენი მუზა?

- ჩემი მუზა უცვლელია: სევდა, ცრემლი და უიმედობა. ცხოვრება ჩემთვის არის სველი და სევდიანი. არ შემიძლია, ვწერო იმაზე, რაც არ მაქვს...

- რას გულისხმობ?

- სიხარულს. მე ვცხოვრობ შავ-თეთრი ილუზიებით. ამ ქვეყანაზე მოსულს, ცხოვრება შავ-თეთრ ფერებში გვხვდება. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევძლოთ მისი გაფერადება.

- რატომ ხედავ შავ-თეთრ ფერებში, მიზეზი შენში ხომ არ არის? იქნებ შენი ადგილი ვერ დაიმკვიდრე ამ ცხოვრებაში?

- დიახ, ეს განპირობებულია ჩემი ხასიათიდან გამომდინარე. მე ვეძებ ჭეშმარიტებას, რასაც თან ახლავს „ვერაღმოჩენის“ განცდა, ხშირია იმედგაცრუება... შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება ჩემს ხასიათზე.

- დაწერილი გაქვს ფილმის სცენარი. ვისთვისაა განკუთვნილი ეს ფილმი?

- ფილმი გათვლილია ყველა ადამიანზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე, სადაც ადამიანები იბრძვიან და ცხოვრობენ. ეს ეხება ახალგაზრდა პიროვნებას, რომელიც ებრძვის ცხოვრებას, თავს აღწევს ჯოჯოხეთს და მიდის ეკლესიაში, სადაც პოულობს სულიერ სიმშვიდეს. შემდეგ კვლავ უბრუნდება რეალურ ცხოვრებას, ახდენს საკუთარი თავის რეალიზებას, ხდება წარმატებული.

- რა არის შენთვის წარმატების მთავარი ელემენტი?

- შეძლებისდაგვარად ავყვეთ რიტმს, რომელსაც ცხოვრება გვთავაზობს.

- როგორც ვიცი, ერთ-ერთი ფილმის ეპიზოდებშიც გითამაშია...

- კი, ეს იყო „ომი და ქორწილი“, სადაც ვასრულებდი რუსი ჯარისკაცის როლს. ასევე სერიალ „შუა ქალაქის“ 99-ე, 101-ე სერიებში: დიალოგი დათოსთან და კაფეში მიმტანის როლი.

- რას ნიშნავს შენთვის რწმენა და სარწმუნოება?

- განსაკუთრებულია ჩემი კავშირი ღმერთთან, არა რელიგიით და სარწმუნოებით, არამედ - მეგობრული დიალოგებით, მაქვს რწმენა იმისა, რომ უფალს ჩემი ესმის და ვუყვარვარ. არ ვეძებ შვებას ხორციელ სამყაროში, არამედ - სულიერში, რადგან ხორციელი ყველაფერი წარმავალია. მთავარი ის კი არაა, რას როგორ აკეთებ, არამედ - რომ წახვალ, რა დარჩება.

- წავიკითხე შენი ერთ-ერთი ჩანახატი - „გარდაცვლილი“, რომელიც შინაარსობრივად თითქოს იდენტურია ტერენტი გრანელის ჩანაწერისა - „სიკვდილის შემდეგ“... ხომ არ ბაძავ გრანელს?

- არა. ნამდვილად არ ვბაძავ გრანელს, უბრალოდ, გული მწყდება, რომ მას უკვე დაწერილი აქვს ის, რისი დაწერაც მე ახლა მინდა...

- რამდენად რთულია მკითხველისათვის, წაიკითხოს შენი ჩანახატი „გარდაცვლილი“?

- რთული თვითონ ცხოვრებაა. ეს რეალობაა იმისა, თუ რა იქნება შემდეგ. უბრალოდ, ყველას არ სურს ამაზე ფიქრი და, გარკვეულწილად, თავს არიდებენ.

...ასეთია გიორგი ქასრაშვილის „შავ-თეთრი ილუზიები“, თუმცა, ალბათ, ის დღეც დადგება, როცა ნიჭიერი შემოქმედი ოცნების „გაფერადებასაც“ მოახერხებს და თავის საინტერესო  სიტყვას იტყვის ხელოვნებაში.

 

თეა თავაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1772
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია