დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დათო კენჭიაშვილი - ულამაზესი ქართული ხმა
2012/02/13 12:12:32

ინტერნეტსივრცეში ერთ სიმღერაზე ნახევარ მილიონამდე მნახველი - ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ნაწარმოები განსაკუთრებით შეიყვარა მსმენელმა. 26 წლის მომღერლის, დათო კენჭიაშვილის მიერ შესრულებული, გრძნობითა და სიყვარულით გაჯერებული სიმღერები გულის სიღრმეში აღწევს. რომელი ერთი უნდა გამოყო: „შენმა სურვილმა დამლია“, „დილაო ადრიანაო“, „ინათებს“, „ხოხბის ყელივით ლამაზი“, „ლალე“ და სხვა. ახალგაზრდა, განსაკუთრებული ხმის მქონე, ნიჭიერ მომღერალს მსმენელი უკვე თამამად აყენებს ქართული მუსიკალური ფოლკლორის ყველაზე გამოჩენილი შემსრულებლების გვერდით. მოდით, გავიცნოთ დათოს შემოქმედებითი სამყარო უფრო ახლოდან.

 

- დათო, მოგვიყევი, როდის დაიწყო შენი მუსიკალური ცხოვრება? 

- ჩემს ოჯახში ყველა მღეროდა, გარდა ბებიისა. ჩემები საკმაოდ მკაცრად იცავენ სუფთა ქართულ ტრადიციებს და, ალბათ, ამ ყველაფერმა უფრო მეტად იმოქმედა ჩემზე და ჩემს კარიერაზე, ხშირად მიწევდა ჰამლეტ გონაშვილის მოსმენა და სხვა სახელმწიფო ანსამბლების მიერ შესრულებული სიმღერები თუ კომპოზიციებიც ერთგვარი ბიძგი იყო ჩემს შემოქმედებაში.

- ვის თვლი შენს მასწავლებლად მუსიკაში, სიმღერაში?

- მასწავლებელზე რა მოგახსენო. როდესაც მუსიკალურ სასწავლებელში დავდიოდი, ვეუფლებოდი ქართულ საკრავებს. ერთ-ერთ რეპეტიციაზე წავიმღერე. იქ, შემთხვევით, იმყოფებოდა ბატონი ვალერი კუტიძე, მან მოატრიალა თავი და მითხრა, ერთი წუთით, გამომყევიო. მეც გავყევი. მან მიმიყვანა თავის ანსამბლში (ანსამბლს სახელი არ ერქვა, მოსამზადებელი კურსები იყო). ბატონი ვალერი იყო ჩემი პირველი სიმღერის მასწავლებელი. მას შემდეგ ბევრ ადამიანთან გავდიოდი პრაქტიკას - ამა თუ იმ კუთხის სიმღერებზე.

- ოჯახში თუ არის, შენს გარდა, მომღერალი, მუსიკოსი?

- ოჯახში ყველა მოყვარულის დონეზე მღერის, მაგრამ საფუძვლიანად და პასუხისმგებლობით არავინ ეკიდება ამ სფეროს ჩემს გარდა, თუმცა მე და ჩემს დას გვაქვს ორი დუეტი ჩაწერილი,      „დარიალის მთაში“ და „ნუ გიყვარს, ქალაუ“. მიუხედავად თათიას არაპროფესიონალიზმისა, ვფიქრობ, ცუდი დუეტი არცერთი არ არის.

- დუეტი გაქვს ჩაწერილი თეონა ქუმსიაშვილთან. ძალიან ლამაზი სიმღერაა და მსმენელმაც განსაკუთრებით შეიყვარა „დილაო ავდრიანაო“ - ნახევარ მილიონამდე ადამიანმა ნახა ინტერნეტში. როდის ჩაწერეთ ეს სიმღერა, თუ შეძლებ, გაიხსენე თეონა, მუსიკისადმი მისი სიყვარული...

- რაც შეეხება დუეტს, ძალიან ცუდად ასოცირდება ჩემს ცხოვრებაში, იმ სამწუხარო ფაქტის შემდეგ, რაც ჩემს ბავშვობის მეგობარს - თეო ქუმსიაშვილს დაემართა. ვფიქრობ, რომ ეს დუეტი ულამაზესი გამოვიდა და ეს ძალიან ბევრმა კრიტიკოსმა თუ მუსიკოსმა აღიარა. მე დღესაც მადლიერი ვარ თეოსი, რომ ეს სიმღერა დამიტოვა საჩუქრად. თეონა ღვთის სიყვარულით და დიდებით ცხოვრობდა მთელი თავისი ცხოვრება, მას მთის ბულბულს ეძახიან დღესაც, სხვათაშორის, ძალიან მორცხვი იყო, სულ კულისებში იმალებოდა და არ უყვარდა ხალხში გამოჩენა. მას ისიც აკმაყოფილებდა, რომ მისი სიმღერები ხალხს ძალიან მოსწონდა და გულთან ახლოს მიჰქონდათ,დუეტის ჩაწერიდან დაახლოებით ერთ კვირაში დაიღუპა.

- ახლახანს ჩაწერე დუეტი დიანა ღურწკაიასთან, ამ სიმღერაზეც გვიამბეთ.

- რაც შეეხება შემდეგ დუეტს, ახლახანს ჩავწერეთ მე და დიანა ღურწკაიამ. ვფიქრობ, კარგი ნამუშევარი გამოვიდა. დიანაში არის ქართული სული, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხანია, რაც საქართველოდან არის წასული. დიანას იდეა იყო, რომ ჩვენ ეს დუეტი ჩაგვეწერა. შევქმენი მუსიკა, ტექსტი, რომელიც ნახევარი მე მეკუთვნის და ნახევარი - ჩემს მეგობარს კობა ტურაზაშვილს. ასე ვთქვათ, ერთობლივი ნამუშევარი, საბოლოო ჯამში, ძალიან ლამაზი დუეტით დაგვირგვინდა.

- სად წერთ სიმღერებს?

- სიმღერებს მხოლოდ ერთ სტუდიაში არ ვწერ, გააჩნია მუსიკას. ხარისხზე ყოველთვის მაქვს პრეტენზია, რადგან მსმენელამდე მინდა სრულყოფილად მივიტანო. ასე კონკრეტული მისამართი არ მაქვს, რომ მხოლოდ იქ ჩავწერო სიმღერა. მალე ჩემი ხმის ჩამწერი სტუდიაც დამთავრდება და, ვიმედოვნებ, გაცილებით მეტს გავაკეთებ, ვიდრე ახლა.

- თუ აპირებთ კიდევ რომელიმე ვარსკვლავთან დუეტის ჩაწერას?

- კი, ვაპირებ რამდენიმე ცნობილ ადამიანთან ერთად, რომლებსაც ნამდვილად ვერ დავასახელებ. თუმცა ისინი საქართველოში არ ცხოვრობენ და ძალიან აინტერესებთ საქართველო.

- სამომავლოდ რა გეგმები აქვს დათო კენჭიაშვილს?

- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩემი მთავარი ამოცანაა,  აღვზარდო ახალი თაობა და ზუსტად ამიტომ გავაკეთე მოსამზადებელი კურსები, სადაც შეისწავლება როგორც ქართული საკრავები, ასევე ქართული სიმღერა და გალობა, რაც მომავალ თაობას მისცემს იმის საშუალებას, ჰქონდეთ სიყვარული სამშობლოსა და უფლის. ეს არის ჩემი მთავარი მისია.

- როგორ შეაფასებდით ქართულ შოუ-ბიზნესს, რამდენად ფასდება დღეს, შენი აზრით, ქართული გემოვნებიანი სიმღერები?

- არ ვიცი, რა დავარქვა ამას - შოუ-ბიზნესი თუ ბიზნეს-შოუ, მაგრამ ერთი ძალიან კარგად ვიცი, როდესაც აკეთებ პროდუქციას, ის უნდა იყოს კარგად მოფიქრებული და, ასე ვთქვათ, ათასჯერ გაზომილი. სამწუხაროდ, გაზომვაც არ იციან, ისე ქმნიან ამა თუ იმ კომპოზიციებს. მე მინდა ვუთხრა იმათ, ვინც არ არის ინფორმირებული ამ სივრცეში: თუ სულიდან ცრემლამდე არ იგრძენი მუსიკა ან სიმღერა, ძალით და ხალხის დასანახად ნუ მღერით, სანთელი თავის საკმეველს არ დაკარგავს.

- დათო, თუ მონაწილეობ კონცერტებში, რამე სერიოზული შემოთავაზება თუ გქონია და სამომავლოდ სოლო კონცერტზე ხომ არ ფიქრობ?

- კი, რა თქმა უნდა, კონცერტებში ვმონაწილეობ, მაგრამ ხშირად ვერ ვახერხებ ამას. მე წითელ ჯვარშიც ვმუშაობ და ჰუმანურ პროექტებში ვმონაწილეობ სრულიად უანგაროდ. რაც შეეხება შემოთავაზებას, ერთი ადამიანი ჩამოვიდა უცხო მხარიდან საქართველოში და საკმაოდ სარფიანი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ, ჩემდა საბედნიეროდ, უარი განვაცხადე, ვფიქრობ, საქართველოში ჯერ იმდენი არ გამიკეთებია, რომ სხვა ქვეყნებზე ვიფიქრო. ამავე დროს, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ საქართველოს მოვეფერო, მხოლოდ მის გამო ვიცხოვრო, რადგან ეს მისია დამაკისრა უფალმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1898
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია