დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ტორპედო ქუთაისს“ უწიგნური ბიჭი შეემატა!
2012/02/06 14:18:16

მეგობრები და სოციალური ქსელის მომხმარებლები „უწიგნური ბიჭის“ სახელით იცნობენ. ეს ახალგაზრდა პოეტი ბაჩი ბოლქვაძეა.

ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, პოეზია მის ცხოვრებაში რომ შეიჭრა.ზუსტად არ ახსოვს, როდის დაწერა პირველი ლექსი. თუმცა ახსოვს, რომ სიყვარულს ეტრფოდა. წერდა თავისთვის, ჩუმად, ფურცლებს ანდობდა ტკივილისა თუ სიხარულის განცდას.

- 23 წლის ვარ. თბილისელი, წარმოშობით ოზურგეთიდან. პოეზია ძალიან მიყვარს. ლექსები ჩემი სულის ნაწილი და შინაგანი გამოძახილია. ვწერ ყოველთვის, როცა ამის განწყობა და ემოცია მაქვს. თუმცა გეტყვით იმასაც, რომ პროფესიით ფეხბურთელი ვარ. რამდენიმე კვირის წინ ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონტრაქტი გავაფორმე და უკვე, შეიძლება ითქვას, ქუთაისის მკვიდრიც ვარ.“ - გვეუბნება ბაჩი. ზოგჯერ მთელი დღეები მისთვის პოეზიით იწყება და მთავრდება, მუზა კი, მისი თქმით, დაუმორჩილებელია, არასდროს იცის, როდის ეწვევა, რა დროით:

„მუზა ემოციაა, გრძნობაა, ტკივილია, სიხარულია. ვწერ მართალს. იმას, რაც მაწუხებს, რაც ჩემია და მიხარია ამ სამყაროში. შემფასებელი კი იქნება მასა, გარკვეული დროის შემდეგ.“

რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაირქვა „უწიგნური ბიჭი“, გვეუბნება, რომ პასუხი ძალიან მარტივია: „რადგან მე, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, არც ისე ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული და ეს ფსევდონიმიც აქედან გამომდინარეობს.“

წლების შემდეგ, შესაძლოა, ფსევდონიმი შეიცვალოს. თუმცა „უწიგნური ბიჭი“ განსაკუთრებით მისეულია. ხალხმა ხომ სწორედ ამ სახელით გაიცნო და შეიყვარა მისი შემოქმედება. ის ამბობს, რომ ზოგჯერ ბოჰემურად, პოეტურად და გრძნობებით, დღევანდელი დღით ცხოვრობს. ამ ლექსში ნათქვამი სიტყვები და განცდები კი ხშირად ხვალინდელ დღეს ეკუთვნის.

„ხვალ შეიძლება დავტოვოთ  სახლები, 

უკან შევბრუნდეთ და არ    დაგვხვდეს ფანჯრები;

ხვალ შეიძლება ცამ იწყოს ცვენა,

კოცნა მოგვინდეს და იყოს წყენა.

ხვალ შეიძლება, მოვიდნენ ბავშვები,

ზოგნი ტირილით, ზოგნი -  ამბებით,

ხვალ შეიძლება არ დაგვრჩეს წამები,

დღეს რომ ვფლანგავდით ვითომ გაგებით.

ხვალ შეიძლება დავხუჭოთ თვალები,

ან დაუღლელად ვთვალოთ კარტები.“

ლიტერატურაში მასწავლებელი არავინ ჰყოლია. როგორც ამბობს, ყველაზე დიდი მასწავლებელი არის ცხოვრება და გზა, რომელსაც ადამიანი წლების მანძილზე გადის. მნიშვნელობა არ აქვს, ეს პოეზია იქნება, თუ სხვა რამ. მთავარია, ისე იცხოვრო, რომ უკან მოხედვის დანაშაულის გრძნობამ არ შეგიპყროს, ეს ძალიან რთული გზაა, მაგრამ...

ბაჩის რჩევა იქნება, ახალგაზრდებმა ბევრი წიგნი წაიკითხონ და ცოდნა გაიღრმავონ. „ფილოსოფიურ წიგნებს გამოვყოფდი, რადგან, ჩემი აზრით, თვით ცხოვრებაა, თუ რა უნდათ და რისკენ უნდა ისწრაფოდნენ.“

სამომავლოდ ლექსების კრებულის გამოცემას აპირებს. ჯერ თავს იმიტომ იკავებს, რომ ფიქრობს, ადრეა. თუმცა იმის დროც მოვა, როცა ფართო აუდიტორია უფრო ახლოს გაიცნობს ბაჩი ბოლქვაძის წიგნად აკინძულ პოეზიას.

როგორც ამბობს, ამ დროისთვის უმთავრესი საზრუნავი კარიერული წინსვლაა.

„რაც „ტორპედოს“ გუნდში გადმოვედი, პროფესიული საქმიანობა ჩემთვის მნიშვნელოვან ეტაპზე დადგა. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ გაიზარდო კარგი ფეხბურთელი და დასახულ მიზნებს მიაღწიო. მაქსიმალურად შევეცდები იმ ნდობის გამართლებას, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობამ გამომიცხადა.“

ბაჩის ოცნებაა, სათქმელი ხმამაღლა თქვას, როგორც თავის პროფესიაში, ისე სულიერ სამყაროში - პოეზიაში. უნდა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ყველანი ბედნიერები იყვნენ. კიდევ - ნატვრის ხეზე ოცნებობს, სადაც სიტყვები თუ ბგერები გრძნობებად ექნება აკინძული და სურვილების პრეზენტაციას მოაწყობს.

„წინადადება მინდა ვაქციო სიტყვებად

ხოლო სიტყვები გადავაქციო ბგერებად,

შემდეგ ბგერები მინდა ავკინძო გრძნობებად.

ნატვრის ხე დავრგო და იქ დავკიდო ოცნებად.

მინდა მოვაწყო პრეზენტაცია ამ   სასწაულის,

თქვენი ტაშის ხმა მინდა იყოს მარადიული,

სულის ძახილი, თითო ფოთოლს ალამაზებდეს,

ხოლო ცრემლები, მის ნიადაგს სუნთქვას მატებდეს.

მინდა, რომ ღმერთმა გამოგზავნოს აქ ანგელოზი,

კურთხევა მისცეს, მზე აჩუქოს, შთაბეროს სული,

შემდეგ უღამოდ მე დავჯდები ამ ხესთან ძირში

და მე უდღეოდ მოვუყვები შეგრძნებებს პირში.

შემდეგ დაცლილი მოვიხურავ ნაჩუქარ საბანს

და ნატვრის ხესთან მე დარაჯად დავრჩები მარად.“

მაშ, ასე, გაიცანით - „უწიგნური ბიჭი.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1923
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია