დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მე მჯერა! თქვენ?!
2012/02/06 14:16:34

 ველოსიპედის ძეგლი“, „კვერცხები შლოპანცით“, „პლასტმასის ბოთლიდა თანამედროვე ხელოვნების სხვაშედევრები

 

საქართველოში ფასეულობათა ახალი სისტემა ყალიბდება. ვინც ამ სისტემას აყალიბებს, ერის ისტორიას გათავებულად თვლის და ხელოვნების იმპორტით ცდილობს ერის ისტორიაში დარჩენას.

 

ყოველ დროს თავისი „ღმერთი“ ჰყავს. როცა ქვემეხები ისვრიან, მუზები დუმან. საქართველოში ქვემეხებს არ ისვრიან, ოღონდ ეს არის, რომ ეროვნული ენერგია მთლიანად პოლიტიკაშია გადართული და ხელოვნებაშიც რომ არ ჩამოვრჩეთ, საჭიროა ეგრეთ წოდებული ტალანტები ქვეყნის გარეთ ვეძებოთ. ეს არც ისე რთულია. ფალტოცს, რანალდს, დიუპეს, კვესიტაძეს ქართველობას ვერ ვაკადრებთ, მაგრამ ფრიად დასაფასებელია, რომ ანაზღაურებას ლარებში ითხოვენ. ლარები კი, ხელისუფლების მეცადინეობით და დიდი მეცენატების წყალობით, იმდენი გვაქვს, არ ვიცით, სად წავიღოთ.

იყო დრო, როცა ბატონი ლადო გუდიაშვილი ციხეში ჩასვეს ქაშვეთის ტაძრის მოხატვისათვის. მერაბ ბერძენიშვილის მუზას კი რამდენჯერ დაუპირეს აღება, კაცმა არ იცის. დრომ თავისი თქვა, გუდიაშვილის „ქართველი ღვთისმშობელი“ და ფილარმონიის სავიზიტო ბარათი ბერძენიშვილის „მუზა“ ქართული ხელოვნების ნიმუშებად იქცნენ.

ხელოვნების გაგება ყველას როდი შეუძლია. ამიტომ უბრალო მოკვდავები უნდა გავჩუმდეთ და ვაცალოთ დროს გადამხტარ ქვეყნის დღევანდელ გამგებლებს. მათ აქვთ უფლება, თავიანთი ნაკვალევი დატოვონ და მერე ამ ნაკვალევზე ან გაივლიან (ღმერთმა ნუ ქნას!), ან წაშლიან.

„ველოსიპედის ძეგლი“ თბილისის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად იქცა. საკმარისია ათი წუთით შეყოვნება ძეგლთან და არაჩვეულებრივი მღელვარება წაგლეკავს. რამდენი რამ არის ჩაფიქრებული: ეს არის ბორბალი, რომელმაც კაცობრიობის პროგრესული ნახტომი გამოიწვია;

ბატონ ომარ ფხაკაძეს, ამ დიდ ქართველ ველომორბენალს ძეგლი ნამდვილად ეკუთვნოდა და, ა, დავუდგით; მსოფლიო ნავთობის კრიზისის სტადიაში შედის და ძეგლი შეგვახსენებს, რომ ველოსიპედის იმედითაც შეიძლება სიცოცხლე; მომავალ თაობას გამზადებული ხვდება კვარცხლბეკი დღევანდელი პრეზიდენტის გრანდიოზული ფიგურისათვის. როგორ შეიძლება, ამდენი სასიკეთო ჩამონათვალის შემდეგ, აღფრთოვანებაში არ მოხვიდე და ძეგლის შემქმნელი და დამკვეთი არ დალოცო.

კვერცხები შლოპანცით“. კაცობრიობამ უფლის უამრავი საიდუმლო ამოხსნა, მაგრამ კვერცხის საიდუმლო დღემდე გაუხსნელია. კვერცხი თუ ქათამი? - ეს კითხვა დღემდე აწუხებს ყველა დიდ მეცნიერს. იგივე აწუხებს ძეგლის ავტორს და დამკვეთს. საოცარი ჰარმონიაა! კვერცხები არ მოძრაობენ, შლოპანცს აკავებენ და შესაფერის ტემპერატურას ელოდებიან გამოსაჩეკად. გააჩნია დროს. ქათმის კვერცხს 21 დღე სჭირდება გულყვითელა წიწილების გამოსაჩეკად. ინდაურის კვერცხს 30 დღე - გრძელკისერა ჭუკების გამოსაჩეკად, დინოზავრის კვერცხს კი - საუკუნე. კვერცხები რომ ქართულია, ამას შლოპანცზე დასმული  მარკა -  „ქართული დროშა“ ადასტურებს. იმედია, ჭუჭულებს და ჭუკებს არ ელოდება ქართველი ხალხი. საქმე დინოზავრის კვერცხებთან გვაქვს. მოთმინება და კიდევ მოთმინება: „კიდევაც დაიზრდებიან ქართველი დინოზავრები“. ასეთ იმედიან განწყობას ხმალშემართული გიორგი სააკაძის ძეგლი არ იძლევა. დიდებულია, დროულია, იმედიანია!

„პლასტმასის ბოთლი“. ალბათ ყველას გვახსოვს ბოთლში გამომწყვდეული ჯინი. ძეგლის მთავარი ღირებულება აქედან იწყება. ქართველი ჯინი - ესე იგი ეროვნული გენია, ამ შეჭყლეტილ ბოთლშია გამომწყვდეული. ბოთლს ცხრა ნაკეცი აქვს. აქ ხელოვნების ცხრა მუზა იგულისხმება. ცხრა მუზას (ისიც ქართულს) თავდახურულ ბოთლში რა გააჩერებს, ან ვიღაც ღვთისნიერი გახსნის, ან თვითონ აფეთქდება და... ასე რომ, ეს ბოთლი ენერგიის, პოტენციალის გამოსახულებაა, რომელიც მხოლოდ დროებითაა გამომწყვდეული ამ მოკუჭულ ბოთლში. რა არის აქ გაუგებარი?! პირიქით, უდიდეს „ნიჭიერებასთან“ და გაგებულ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. შესანიშნავია!

ალი და ნინო“. აქ ცოტა შეუსაბამობაა ძეგლის ტიტულირებაში. ვფიქრობ, ადამი და ევა აჯობებდა. კაცობრიობის ეს მარადიული წყვილი, რომლებმაც ერთმანეთის აღმოჩენაში სამოთხე დაგვაკარგვინეს და ამას გადაგვაყოლეს, ძეგლის დადგმას ნამდვილად იმსახურებდნენ. და რა დიდი პატივია, რომ ეს საქართველოში მოხდა. მეორედ მოსვლის დროს უფალი აუცილებლად მოიძებნის ამ წყვილს, „დიდებულ ძეგლად“ ქცეულებს, და საქართველოს აუცილებლად გადაარჩენს. უბრალო ლოგიკაა, ახალი სამყაროს დასაწყისში ქალსა და კაცს, ესე იგი ახალ ადამს და ევას ვიღაცამ ხომ უნდა მიანიშნოს, როგორ დაიწყონ ცოდვილი ქვეყნის შენება. მანამდე კი, ბათუმში, თანამედროვე ქართული ხელოვნების „მექაში“, ყველას, დროის ყველა მონაკვეთში შეუძლია დატკბეს ინჟინრული ნიჭიერების სასწაულებრივი ნიმუშით.

ყველაფერ ამას თუ დავუმატებთ გმირთა მოედანზე (სადღა არიან გმირები!) დადგმულ „ბაბილონის გოდებას“, მინის სასახლეებს, ხიდებს, შადრევნებს, შეიძლება სიხარულისაგან გავგიჟდეთ. ოღონდ ყველაფერ ამას მაძღარი, ჩაცმული და ყველა ნატვრა ასრულებული თვალებით უნდა შევხედოთ, როგორც ჩვენმა ხელისუფლებამ.

 

***

ეს მწარე და ცრემლიანი იუმორი სხვა არაფერია, თუ არა უკანასკნელ წლებში გაჩენილი შიშისა და უძლურების განცდა. საით მივდივართ?!

„მჯერა ჩვენი კულტურის განვითარება გარეშე (ვიღაცეების) მიზეზებით რომ შეწყდა, ისევ შეეზრდება ერის სხეულს და ახალი ეპოქის მიზნებით გადაუვლის საუკუნეებს“. ეს ბატონ ბენო გორდეზიანის სიტყვებია. მე მჯერა, თქვენ?!   

 

ნათია ხიმშიაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2130
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია