დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში საღამოები მოეწყობა
2012/02/08 11:12:41

დიდი ქართველი პუბლიცისტის, კრიტიკოსის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, სამოციანელთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლის - ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში ბევრს არც კი აქვს ნანახი. თებერვლის დასაწყისში ჟურნალისტები მსახიობებთან ერთად გავუყევით ამ გზას. ჯგუფს ლადო მესხიშვილის თეატრის ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე ედგა სათავეში.

ჩასვლის მიზანი კი ერთი იყო - პოპულარიზაცია გაუკეთდეს ქართული კულტურის ამ მნიშვნელოვან კერას, ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი ტურისტულ მარშრუტში არ შედის და დამთვალიერებელიც, ბუნებრივია, ნაკლებად ჰყავს.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების, ცნობილი მსახიობებისა და ჟურნალისტების წინაშე გიორგი სიხარულიძემ მთავარი იდეა გააჟღერა:

გიორგი სიხარულიძე: „ეს არის მესხიშვილის თეატრისა და მუზეუმის ერთობლივი პროექტი, მისი მიზანია წელიწადის სხვადასხვა დროს აქ გაიმართოს საღამოები. ეს თითოეული ქართველისთვის (და არაქართველისთვის) უნდა იყოს ადგილი, სადაც ეზიარები სასწაულს. მე მგონია,  ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, ვინ ჰყავდა ნიკო ნიკოლაძის სახით საქართველოს. აქ არიან თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები, მესხიშვილის თეატრის მომავალი მსახიობები, რომლებიც გამართავენ აღნიშნულ საღამოებს, და ბუნებრივია, სხვადასხვა ქალაქიდან გვეყოლება ადამიანები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, მიიღონ ამ საღამოებში მონაწილეობა, დღეს თბილისიდან არიან ჩამოსულები მსახიობები: ქალბატონი ელდინო საღარაძე,  თამუნა ნიკოლაძე, მაია ხარანაული...“

ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ასევე იმყოფებოდა ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე. „ის ინიციატივა, რაც დღეს გააჟღერა ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრმა და მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვფიქრობ, მისასალმებელია. ეს იქნება ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალება ზოგადად ნიკო ნიკოლაძის პიროვნების პოპულარიზაციისთვის.“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას მან.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები კმაყოფილებას არ მალავდნენ, ზოგიერთი მათგანი აღნიშნავდა კიდეც, რომ ნამდვილად არ იცოდნენ, თუ ასეთი ადამიანი ჰყავდა საქართველოს.

მსურველებს წელიწადის ოთხივე დროს ექნებათ საშუალება, დაესწრონ ნიკოლაძეების კარ-მიდამოში მოწყობილ საღამოებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1901
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია