დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საღამო გივი მეფისაშვილს მიეძღვნა
2012/01/30 15:01:45

28 იანვარს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა კავშირმა და გაზეთ „P.S.“-ის („პოსტსკრიპტუმის“) რედაქციამ რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის გივი მეფისაშვილის ხსოვნის საღამო გამართეს და რედაქციის საკონფერენციო დარბაზში მოიწვიეს მისი ყოფილი  თანამშრომლები, მეგობრები, ქალაქის საზოგადოებრიობის თვალსაჩინო წარმომადგენლები,  ავტორები, რომლებიც გაზეთ „ქუთაისის“ ფურცლებზე აქტიურად იბეჭდებოდნენ მეფისაშვილის რედაქტორობის პერიოდში. საღამოს უძღვებოდნენ გაზეთ „P.S.“-ის რედაქტორი ნანული ცხვედიანი და გაზეთ „ქუთაისის“ ყოფილი რედაქტორი, დამსახურებული ჟურნალისტი ალექსანდრე შენგელია. 

სტუმრად წვეულებმა პატივისცემით მოიგონეს ცნობილი ჟურნალისტი და მოღვაწე. საზოგადოება „ქუთაისელის“ პრეზიდენტმა ლევან სვანაძემ, ტელეკომპანია „რიონის“ გენერალურმა დირექტორმა თამილა ღვინიანიძემ, გაზეთ „კუტაისსკაია პრავდას“ ყოფილმა რედაქტორმა ბიჭიკო სვანაძემ, პადრე გაბრიელე ბრაგანტინმა, მწერალმა თენგიზ წოწონავამ, ქალბატონმა ნანი გვეტაძემ, ბატონებმა ნუგზარ მჭედლიშვილმა, ალეკო ბაძგარაძემ და სხვებმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორი ამაგი დადო გივი მეფისაშვილმა ქართული ჟურნალისტიკის კლასიკოსის – სერგეი მესხის მემორიალის შექმნას სოფელ რიონში, მემორიალური დაფების გაკეთებას ქუთაისის იმ შენობებზე, სადაც გამოჩენილი პირები ცხოვრობდნენ; ქალაქის ქუჩებისათვის  სახელების დარქმევას, მრავალი საზოგადო საკითხის გადაჭრას. განსაკუთრებით აღინიშნა მისი წვლილი რეგიონული ჟურნალისტიკის განვითარებაში. საღამოს თითოეულმა მონაწილემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს – ამ კარგი ქუთაისელი კაცის გახსენებისათვის. იმდენად დიდი იყო მეგობრისადმი პატივისცემა, რომ, ცივი, თოვლჭყაპიანი ამინდის მიუხედავად,  საღამოზე მოვიდა და პრესის სახლის ოთხი სართულის კიბეც მხნედ ამოიარა 90 წლის მწერალმა და კრიტიკოსმა, პროფესორმა სიმონ არველაძემ. მან თბილი, ლამაზი სიტყვა უძღვნა გივი მეფისაშვილის  ხსოვნას.
საღამოს მონაწილეებს საჩუქრად დაურიგდათ მეფისაშვილის წიგნები – „ქუთაისური იუმორი“ და „საქართველოში მოღვაწე ებრაელები.“ ჟურნალისტის მეუღლემ, ცნობილი ქართველი პედაგოგისა და მეცნიერის – გიორგი დევდარიანის ქალიშვილმა, ქალბატონმა მედეამ უღრმესი მადლობა მოახსენა საზოგადოებას იმ სითბოსა და სიყვარულისათვის, რომელსაც შეკრებილი საზოგადოება გამოხატავდა მისი მეუღლის მიმართ.
იმ დღის შთამბეჭდავი ფინალი იყო სტუმრობა გაზეთ „ქუთაისის“ რედაქციაში – გივი მეფისაშვილის ყოფილ კაბინეტში, სადაც ქალბატონმა ნინო დეისაძემ საღამოს მონაწილეებს სარედაქციო არქივიდან ამოკრეფილი უნიკალური ფოტომასალით შექმნილი, შესანიშნავი გამოფენა დაახვედრა.

ნანა ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1859
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია