საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ვიღაცას უნდა, ამ ცხოვრებაში გაგაძლებინოს!
2012/01/30 12:34:52

„მურაბების ზეიმი“ ტკბილი ბაასის თანხლებით

იანვრის ცივ, უსიხარულო დღეს, მოულოდნელად, „მურაბების ზეიმზე“ მიმიწვიეს... 

ზუსტად 5 საათზე საფიჩხიაზე ვარ, 26 მაისის ქუჩის ?68 სახლთან. ოჯახის უფროსი, დიასახლისის „ინსტრუქციის“ თანახმად, ჭიშკართან მხვდება და ღიმილიანი, თბილი შეხვედრის შემდეგ, პერსონალურად მიმაცილებს სადარბაზო კარამდე (თურმე ასეა ყველა სტუმრის შემთხვევაში).

 

კარის ფარდებს მიღმა კი უკვე „ნამდვილი ქუთაისი“ იწყება - დიდი, ნათელი სასტუმრო ოთახი, შინდისფერგადაფარებული, ლამაზად გაწყობილი მაგიდა, ასეთივე შინდისფრით დაფარული სკამები; ტახტის გასწვრივ, სიგრძისად ჩამოკიდებული ფერადი ფარდაგი - ძველებური გიტარითა და მანდოლინით დამშვენებული; ტახტზე - ხალიჩა და ბალიშები; კუთხეში - ჩუქურთმებიანი შავი ბუფეტი, ჭერზე - ჟამთაგან უვნებლად დახსნილი, ნატიფი ჭაღი, კედელზე - საათი, რომელიც ყოველ ნახევარ საათში დარბაისლურად გვახსენებს დროის არსებობას, თუმცა - ამაოდ: სტუმრები ისეთი მოხიბლული არიან ამ სალონური საღამოთი, წასვლას არავინ იჩქარის.

ქვემოთ, მარანსა და „წინა ოთახში“, ეთნოგრაფიული კუთხეა, იქვე - ოჯახის უფროსის ოქროს ხელებით შექმნილი ულამაზესი ნივთები, პატარების პორტრეტების ფერადი გამოფენა, სიმბოლური - თითქოს წარსული ახალ თაობას სიყვარულით აბარებს მოსაფრთხილებელ და შესანარჩუნებელ, ძვირფას ტრადიციებს...

აი, ასეთ „ქუთაისში“ აღმოვჩნდი - მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის რეტროთი და 21-ე საუკუნის სიახლით გარემოცულში...

ოჯახში სტუმრად შვიდი ქუთათური ქალბატონი ვიმყოფებით:  პროფესორი, კინომცოდნე, მეწარმე, ჟურნალისტი და სხვადასხვა საგნის პედაგოგები. ზოგიერთები კი ვიცნობთ ერთმანეთს, ზოგიც - შედარებით უცხოა. მაგრამ, მოგვიანებით, ყველანი ვხვდებით, რომ საერთო ინტერესები და შეხედულებები გვაერთიანებს, დიასახლისმაც სწორედ ამ ნიშნით შეგვარჩია ერთმანეთის გვერდით საღამოს გასატარებლად.

პირველი ემოცია: დიასახლისის შემოსვლამდე მხიარულად ვკითხულობთ მაგიდაზე დადებულ „მურაბების ზეიმის პროგრამა-მენიუს.“ მე ვცდილობ, სწრაფად მოვასწრო გადმოწერა. ნახეთ, რა ორიგინალურია:

მურაბები: კაკალი, ლეღვი, ალუბალი, მაყვალი, თეთრი ბალი, სამოთხის ვაშლი, ატამი, მსხალი, კვახი, საზამთროს კანი, ფეიხოა.

ჩირების ასორტი თეთრ კვახზე;

ფლავი ფორთოხლით;

იმერული ყველი (ზაფხულის) - ღომით;

ბოსტნეულის სალათა რაჭული ბურვაკის ხორცით;

ჩაი: ინგლ ისიდან (მწვანე);

ეგვიპტიდან;

ოკრიბიდან;

კარაქი „სამხრეთული“ (სურვილით);

ღვინო: კახური „საფერავი“, „რქაწითელი“ (შერჩევით);

ნაყენი: საშობაო;

მინერალური წყალი „ლიკანი“ („ნოშპა“, „ალოხოლი“ მოთხოვნით);

საღამო დატვირთული იქნება ცხელი ჩაით, ღიმილით, ტკბილი მოგონებებით, სამომავლო გეგმებით, აპლოდისმენტებით, სიმშვიდის განცდით, მადლით და, რაც მთავარია, უფლის მფარველობით.

გაფორმდება ავტოგრაფები.

სტუმრებს მოემსახურებიან ფოტოგადაღებით.

საღამოს გაახმოვანებს მუსიკალური ცენტრი და მოწვეულები - შესაძლებლობის მიხედვით. მსურველებს შეუძლიათ, გაერთონ ლოტოს...“

- რას იწერ? - მაწყვეტინებს დიასახლისის გამკაცრებული ხმა, - შენ, ჩემო კარგო, ამ საღამოზე მოწვეული ხარ, როგორც მეგობარი და არა, როგორც ჟურნალისტი! სადმე გავა ჩქამი ჩემს შესახებ და, გაფრთხილებ, სამუდამოდ გაირიცხები სტუმართა შემადგენლობიდან!

დიახ, პერსპექტივა ფრიად არასასურველია! ჩანიშვნას თავს ვანებებ და ზეპირი აღქმის უნარის ამოძრავებას ვცდილობ - დიქტოფონის, კალმის, წიგნაკის გარეშე.

არადა, ასეთი სალონური საღამო, ვინ იცის, მერამდენედ ტარდება ამ ოჯახში, მე კი პირველად ვესწრები და როგორ მინდა, გადმოგცეთ შთაბეჭდილება!

რუსუდანი (დიასახლისის რძალი): „სხვადასხვა დროს ჩემს მულს მოუწყვია: „ერთი დედლის საღამო“, „კვახის საღამო“, „ძროხის საღამო“ (მხოლოდ რძის პროდუქტებით, კოქტეილიც კი რძისა იყო!), „ერთადერთი გოჭის საღამო“ და ასე შემდეგ. ადამიანები ვხალისობთ, ვმღერით, ვსაუბრობთ, განვიტვირთებით, ყველანი ძალიან ნასიამოვნები მიდიან ხოლმე.“

დიასახლისი და რუსუდანი ღიმილით იგონებენ პირველი პიცის შემოსვლას  ქუთაისში,  იმ   წლების „დელიკატესებიც“ ახსენდებათ, გარეთ გადგმულ, აბოლებულ ნავთქურაზე, სიმწრით რომ ამზადებდნენ... საყოველთაო გაჭირვების მიუხედავად, მეგობრების წრეში გატარებული ის საღამოები რა ლამაზი ყოფილა!

დიასახლისი: „უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, დავეხმაროთ სიმარტოვის დაძლევაში. ვისაც ჰგონია, რომ მასზე არავინ ფიქრობს და მარტოა, აი, სწორედ მასთან ვარ ჩასაფრებული. უნდა ვაგრძნობინოთ ადამიანს, რომ ვიღაცას უნდა, ამ ცხოვრებაში გააძლებინოს.“ - აქვე ამატებს: „თავად უნდა შეიქმნა ადამიანმა გარემო და აღარ გაგიჭირდება. მე ასეთი გარემო შევიქმენი. კატეგორიებად არ ვყოფ ადამიანებს, ყველასთან ურთიერთობაში გულწრფელი და მიმტევებელი ვარ. ვგრძნობ, ასეთი საღამოების მოწყობა კარგად გამომდის, სიამოვნებს ყველას, ვინც ჩვენთანაა.“

მურაბების ზეიმის „ლენტი“ გაიჭრა. „საკონკურსოდ“ გამოტანილი თითოეული „ასორტიმენტი“ სხვადასხვა ლამბაქზეა მოთავსებული, მაგრამ მათ გასინჯვამდე, გარშემო, კიდევ იმდენი სასუსნავია!...

- აბა, ცხელი ჩაი! ქაფქაფა ჩაი! ნაირნაირი ჩაიდნით შემოდის დიასახლისი. ოკრიბული ჩაი, აშკარად, იგებს თამაშს „საკუთარ მოედანზე“, თუმცა ეგვიპტურ-ფარაონული სასმელიც საერთო ინტერესის ქვეშაა მოქცეული.

სტუმარი მანდილოსნები ერთმანეთთან სიამოვნებით ცვლიან სასაუბრო თემებს და სალონური შეხვედრა თანდათან ემოციებით იმუხტება. ყვებიან, მაგალითად, რომ მამია გურიელის შესახებ კარგი წერილი ჰქონდა თემურ ამყოლაძეს გაზეთ „მწვანეყვავილა“-ში; ქალბატონი ლია ამირანაშვილი ისევ ერთგულად პატრონობს მამია გურიელის საფლავს, ყოველ აღდგომაზე მიაქვს წითელი კვერცხები და პასკა; ზაქარია ფალიაშვილი და ცნობილი პედაგოგი ვანო ვარლამიშვილი დეიდაშვილები იყვნენ, ნატას (ბატონი ვანოს ქალიშვილს) საინტერესო მასალები აქვს ფალიაშვილებზეც და ფელიქს ვარლაზეც; ყრუვ გიორგის კაფიების გამომცემელი ლევან ბოძაშვილი 1981 წელს გელათში ერთ ახალგაზრდა ქუთაისელს შეხვედრია და იმ გოგონას ორფა კაფიაში თავისი ენამახვილობით გაუკვირვებია ხანდაზმული ოსტატი; მიტროპოლიტ ნაზარის შთამომავალთაგან ერთ-ერთს ლუკა-ნაზარი ჰქვია და, დიდი წინაპრის კვალზე,  სასულიერო განათლებას იღებს ქუთაისში; გიორგი ჭიღვარიამ ახლო აღმოსავლეთის შესახებ ახალი საინტერესო მასალები მოიპოვა; თამთა თურმანიძემ ამაგდარ ქუთათურთა ფოტოგამოფენა რომ მოაწყო, იქ ფართო საზოგადოებამ პირველად იხილა მასალა დიდ ქართველ მეწარმეზე, გიორგი ბოლქვაძეზე, რომელმაც სარაჯიშვილზე გაცილებით ადრე გახსნა ქუთაისში ღვინისა და კონიაკის ქარხანა, უამრავი საერთაშორისო ოქროს მედალი მოუპოვა ქართულ ღვინოს; კვახის მურაბა ლიმონთან ერთად იხარშება, ამიტომ არ იშლება; ერთხელ ოტია იოსელიანმა ასე თქვა...

თემები დიალოგის პრინციპით ვითარდება: სასიამოვნო, მშვიდ ატმოსფეროში.

ამასობაში „ჟიური“ სამურაბე ლამბაქებსა და ნაირფერ ჩაიდნებსაც არ აკლებს ყურადღებას.

შედეგის გამოცხადება არ არის საჭირო, ისედაც ცხადია:

კაკლის მურაბა თითქმის ფსკერამდე ჩავიდა.

სწორედ ისაა ზეიმის დედოფალი!

„ვაიმე, რა კარგი საღამო იყო! როგორ განვიტვირთე! ეს ემოცია დიდხანს გამყვება!..“ - უკვე წამოდგა პირველი სტუმარი, რადგან საათმა 9 დარეკა...

მაგიდის გარშემო შემოტარებული   „სტუმრის წიგნის“ მორიგი ფურცელი ივსება. ვათვალიერებ უამრავ წინა ჩანაწერს: ეს რამდენი ადამიანი ყოფილა აქ, ამ ოჯახში; საკუთარი პრობლემები დავიწყებია, გული, სითბოთი ავსებია, დიდი სიხარული და სიამოვნება მიუღია! იმ საღამოების ჩამონათვალს დღევანდელი „მურაბების ზეიმიც“ შეუერთდა...

 

P.S. სულერთია, ქუთაისში მაინც ბევრი მიხვდება და ბარემ აქვე გაგიმხელთ, თუ ვინ იყვნენ ჩვენი მასპინძლები:

ქალბატონი ნუნუ ქათამაძე და ბატონი ემირ ბაკურაძე.

მე კი, თქვენს გამო, ალბათ, უკვე ამომშალეს სტუმართა სიიდან...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1430
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია