დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მინისტრმა მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მოინახულა
2012/01/30 12:33:18

24 იანვარს, ქუთაისში დაგეგმილ მთვრობის სხდომამდე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ქალაქში მიმდინარე ის სამუშაოები მოინახულა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით ხორციელდება. თავდაპირველად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკოლოზ ვაჩეიშვილთან და მხარისა და ქალაქის პირველ პირებთან ერთად, ხარაჩოებში ჩასმული ბაგრატის ტაძარი დეტალურად დაათვალიერა.

ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ აღიარებული ბაგრატის ტაძარი 1994 წელს, იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა. იუნესკოს ექსპერტებმა ბაგრატის ტაძარი ბოლოს 2008 წლის ზაფხულზე მოინახულეს და თქვეს, რომ ტაძარი სასწრაფოდ უნდა გამაგრდეს. კულტურის სამინისტრომ ტაძრის კონსტრუქციული გამაგრების სრული პროექტი 2008 წელს წარადგინა, ხოლო რეაბილიტაცია და სარესტავრაციო სამუშაოები  2009 წელს დაიწყო, თუმცა მისი რეაბილიტირება რამდენჯერმე შეჩერდა. წლების განმავლობაში, ძეგლთა დამცველთა მთავარ თავსატეხსა და ამოცანას წარმოადგენდა ტაძრის იმ ტექნოლოგიით აღდგენა, რომელიც ამავდროულად, უძველეს ტაძარს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსს შეუნარჩუნებდა. ამჯერად ბაგრატის ტაძრის პროექტირება უკვე დასრულებულია და ინფრასტრუქტურისათვის მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. შიგნიდან და გარედან ხარაჩოებში ჩასმული ტაძარი, როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა განაცხადა, 2012 წლის სექტემბერში დასრულდება.

„ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ წოდებული, ბაგრატის ტაძრის რეაბილიტირება, ხედავთ, თუ როგორ გამალებით მიმდინარეობს, მთავარი სამუშაოები ტაძრისა აგვისტოს თვეში დასრულდება და ეს საოცრება, რასაც ბაგრატის ტაძარი ჰქვია, პირვანდელი სახით სექტემბერში წარსდგება ერისა და ბერის წინაშე. მინდა ვთქვა, რომ სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც აქ მიმდინარეობს, ეს არის უმაღლესი დონის. ხარაჩოები, რომელიც მთელს სივრცეშია განთავსებული, ამის გაკეთება მანამდე შეუძლებელი იყო, ეს ხარაჩოები, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ სანტიმეტრული სიზუსტითაა აგებული, სადაც პროფესიონალი მუშაკები არიან დასაქმებული. მასში ჩართულია ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი რესტავრატორი - ანდრია ბრუნო. აქ დასაქმებული რესტავრატორები 16 საათიანი რეჟიმით მუშაობენ, თუმცა აღვნიშნავ იმასაც, რომ სიჩქარე ხარისხს არ ავნებს,“ - განაცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის განცხადებით, ბაგრატის ტაძრის რეაბილიტირება მისი უშუალო კონტროლის ქვეშაა:

„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ იმას, რომ რაც შეიძლება ხარისხიანად გაკეთდეს და უმოკლეს დროში. ეს ყველაფერი საქართველოს ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ საქართველოს და ქუთაისს მალე ექნება, პირვანდელი სახით დაბრუნებული ბაგრატის ტაძარი,“ - აღნიშნა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა. 

ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, ნიკოლოზ რურუამ ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გადაინაცვლა და მიმდინარე სამუშაოები მოინახულა, რომელიც გასული წლის ნოემბერში დაიწყო და ქუთაისობის დღესასწაულზე, 2 მაისს უნდა დასრულდეს.

„ყველანი მოწმეები ვართ ახლა, თუ როგორ იბადება თავიდან ქუთაისის თეატრი, სადაც, შეიძლება ითქვას, რომ ქართული თეატრის ტრადიცია იშვა. პირველი თეატრალური დასი ხომ სწორედ აქ იყო! მესხიშვილის თეატრს 150 წელი შეუსრულდება, თუმცა მსგავსი რეაბილიტირება და რემონტი მას ამ ხნის განმავლობაში არ ჩატარებია. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს თეატრი გახდება ბურჯი თეატრალური ცხოვრებისა. ასევე ჩვენ ვგეგმავთ, სხვადასხვა პრემიერების მოწყობას, როგორც საქართველოს თეატრებიდან, ასევე - საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. 2 მაისს კი რესტავრირებული თეატრი პრემიერით გაიხსნება,“ - გვითხრა ნიკოლოზ რურუამ.

ნიკოლოზ  რურუას გიდობას იმერეთის  გუბერნატორი ლაშა მაქაცარია უწევდა, რომელიც მინისტრს დეტალურად უხსნიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს. რეაბილიტირების პროცესში მყოფ მესხიშვილის თეატრში გუბერნატორმა პირველი  კომენტარიც გააკეთა:

„თეატრის რეაბილიტირება ქუთაისქალაქობის დღესასწაულზე დასრულდება. 24 საათის  განმავლობაში მიმდინარეობს აქ სამუშაოები, ყველა პრობლემა მოხსნილია. თეატრში გამოცვლილი იქნება: სკამები, სცენა, ფოიე და დარბაზი. ვისაც ახსოვს, აქ უმძიმესი მდგომარეობა იყო, არ არსებობდა საკანალიზაციო სისტემა და ა.შ. ქუთაისელებს დიდი ხნის ნატვრა აუსრულდებათ, ეს მათი დაკვეთა იყო და ჩვენც, რა თქმა უნდა, შევასრულეთ,“ - აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ.

მესხიშვილის თეატრის სამუშაოების მონახულების შემდეგ, მინისტრმა ილია ჭავჭავაძის სახელო-ბის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკას და მის დაქვემდებარებაში მყოფ 12 ფილიალს რამდენიმე ასეული წიგნი და კომპიუტერები გადასცა. სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულების შემდეგ ნიკოლოზ რურუა ქუთაისში დაგეგმილი მთავრობის სხდომისკენ გაემართა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1780
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია