დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თიკა და მისი შექმნილი ნივთები
2012/01/16 13:02:43

ქუთაისელი თიკა ჩხეიძე 21 წლისაა. ნატიფი გემოვნება და მოქნილი თითები აქვს, რითაც არაჩვეულებრივად ლამაზ ბარათებს, სანთლებსა და სუვენირებს ამზადებს. ქაღალდის, ცვილის, კერამიკის, თვლებისა თუ სხვა მასალის მეშვეობით შექმნილი ჯადოსნური სამყაროს კარი თიკას მისმა ნახევრად გერმანელმა ბებიამ, ქალბატონმა ლიანა ჰეკელერმა გაუღო, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. სწორედ მისგან შეისწავლა ახალგაზრდა ოსტატმა ხელოვნების რანგში აყვანილი საქმე.

 

 

- თიკა, როდის მიხვდი, რომ ხელოვნება შენი ცხოვრების ნაწილი გახდა?

- მეცამეტე სკოლა დავამთავრე, შემდეგ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულზე ჩავაბარე. ბავშვობიდან ვარ ხელოვნებით დაინტერესებული, მიყვარს ეს საქმე. თავიდან ვხატავდი, ასევე ვაკეთებდი ბარათებსაც. ბებიამ, რომელიც ხელოვანია, შემასწავლა თავიდან ყველაფერი, მასთან გერმანიაში თითქმის ყოველ წელს დავდივარ, იქიდან ჩამომაქვს მასალები, რომლითაც შემდეგ ვამზადებ სხვადასხვა ნივთებსა და ბარათებს, გამოყენებული მაქვს ქაღალდი, ცვილი, თვლები და ასე შემდეგ.

- იურიდიული ფაკულტეტი რატომ აირჩიე?

- თავიდან დიზაინზე ჩაბარება მინდოდა, მაგრამ ვიცოდი, აქ ვერაფერს მივაღწევდი. გერმანიაში შემეძლო წასვლა, მაგრამ არ გამიშვეს, მერე გადავწყვიტე, იურიდიულზე ჩამებარებინა. რატომ? არ ვიცი, ალბათ, პერსპექტიულია.

- მიგიღია კონკურსებში, ან გამოფენებზე მონაწილეობა?

- 2009 წელს წავედი რუმინეთში, ფოტოხელოვნების კონკურსზე, 2011 წელს კი ასევე ხელოვნების კონკურსზე, რომელიც გერმანიაში ჩატარდა, თბილისიდან წამიყვანა ერთ-ერთმა ორგანიზაციამ. გერმანიაში პირველად ვიმუშავე კერამიკაზე. თავიდან არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა და, სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა. მე - კერამიკაზე, ზოგი კი ხეზე მუშაობდა, ზოგიც კიდევ ხატავდა. საინტერესო კონკურსი იყო.

- ვინმე გამოეხმაურა შენს ნამუშევრებს, თუ დაინტერესებულან შენით?

- ადრე ტელეკომპანია „რიონი“-ს ეთერში სიუჟეტი გააკეთეს ჩემზე, შემდეგ მერიის ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს დამაკავშირეს და ისინი შემპირდნენ, თუ რამე გამოფენა იქნება, დაგიკავშირდებითო, მაგრამ ჯერჯერობით არავის დაურეკავს.

ჩემი მეგობარია ირაკლი კენჭაძე, რომელმაც შემომთავაზა - მისი ძმის, აწგარდაცვლილი ეკონომისტის, ჟურნალისტისა და ფოტოგრაფის, ვახო კენჭაძისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციაზე გამომეფინა ჩემი ნამუშევრები. საზოგადოებამ საკმაოდ გულთბილად და ყურადღებით მიიღო ჩემი შექმნილი ნივთები.

შემომთავაზეს, გამოფენა-გაყიდვა გავაკეთო. შემოთავაზება მივიღე კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თამთა თურმანიძისაგან. ხალხს ჩემი გაკეთებული სანთლები უფრო განსაკუთრებით მოსწონს, ვიდრე სხვა ნამუშევრები. ადრე ჩემს მეგობრებს ვჩუქნიდი, რასაც ვაკეთებდი. უბრალოდ, ახლა ძალიან ბევრი დამიგროვდა და სურვილი მაქვს, ბევრმა გაიგოს ამის შესახებ..

- მუზა ხშირად გსტუმრობს?

- თუ დავიწყე მუშაობა, ორი-სამი დღე გადაბმულად ვმუშაობ. ბარათებს ძალიან მალე ვაკეთებ, სანთლებს - დაახლოებით, 1 საათში. ასეთი რაღაცეების გაკეთებას დიდი დრო არ სჭირდება.

 

***

თიკა ჩხეიძე საინტერესო შემოქმედია. ვფიქრობთ, უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა შემოქმედი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1812
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია