დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭარმაგი ფოლკლორისტის ჭაბუკური სიყვარული
2012/01/09 13:39:23

სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშში ღვაწლმოსილ ფოლკლორისტთან, იური გელოვანთან ქართულ სიმღერებზე სასაუბროდ მივედი.

 

სამუშაო მაგიდაზე უხვად ელაგა ჟურნალ-გაზეთები, წიგნები, რვეულები და ჩანაწერები. გვითხრა, რომ ფეხბურთის შესახებ 400 გვერდიან წიგნზე მუშაობს. 

ჩვენი დიალოგიც ამ თემით დაიწყო.

 

სანამ უშუალოდ წიგნის წერას შეუდგებოდა, იქამდე მასალებს იძიებდა. დასავლეთ საქართველოს ყველა ქალაქი და რაიონი შემოიარა. ეცნობოდა ფეხბურთის გუნდების ისტორიას.

ხვდებოდა ფეხბურთელების შვილიშვილებს და შვილთაშვილებსაც კი. მათი ნაამბობი სახელმძღვანელოში შეჰქონდა. წიგნის სახელწოდებაა „ფეხბურთი საქართველოში“. - ზოგიერთი ამტკიცებს, ქართული ფეხბურთი 100 წლისააო. ზოგიც ცოტათი მეტ რიცხვს ასახელებს. არადა, მე სამეგრელოში, კერძოდ, ფოთში ვნახე პირველი ფეხბურთელის შვილიშვილი, რომლისგანაც უამრავი ინფორმაცია მოვიპოვე. ამ მასალის მიხედვით, გამოდის, რომ 1879-80 წლებში ფეხბურთი უკვე არსებობდა საქართველოში. აქედან გამომდინარე, სწორედ 131 წელს ითვლის სპორტის ეს სახეობა ჩვენში. ალბათ, მკითხავთ, ძველი ფეხბურთელის შვილთაშვილის ნაამბობის გარდა, რით ასაბუთებთ თქვენს ნათქვამსო და მე გიპასუხებთ, რომ საბუთი, შესაძლოა, მართლაც არ არსებობდეს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან ვეძიე და ვერ მოვიპოვე. პირველყოფილი ადამიანები ოჯახებს რომ ქმნიდნენ, მაშინ მმაჩის ბიურო არსებობდა? სად არის აქ მტკიცებულება? - ე.ი. გამოდის, რომ ჩვენც ჰაერში ვყოფილვართ გამოკიდებული?!

ბატონმა იურიმ ისიც აღმოაჩინა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თურმე ერთ დროს საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელი ყოფილა: ედუარდ შევარდნაძე ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე იდგა... კომკავშირის გუნდში.

გული ძალიან შესტკივა, დღეს ქართული ფეხბურთი ჩამკვდარი რომ არის. წიგნში ფეხბურთის გადარჩენის გზებზეც აქვს საუბარი.

- ვგულისხმობ სტაჟირებას. როცა ამა თუ იმ ძლიერ ქვეყანაში უმაღლესი ლიგა, პრემიერლიგა ტარდება, იქნებ აწარმოონ მოლაპარკება და ჩვენი გუნდებიც ჩართონ მათ თამაშებში? აქ ხელფასზე არაა ლაპარაკი. მთავარია, რომ ქართველებმაც ისწავლონ თამაში. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი იდეაა, თუკი სისრულეში მოიყვანენ.

კომუნისტების პერიოდში, თბილისის დინამო უძლიერესი გუნდი იყო. თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის გუნდს ვუგებდით. რატომ? იმიტომ, რომ ძლიერები და მომზადებულები იყვნენ. დღეისთვის კი უძლურები და სუსტები ვართ. კარგი იქნება, თუ ისევ გავაცოცხლებთ ამ ქვეყნებთან შეჯიბრებას. რუსეთი არ გვინდაო. კარგით, ბატონო, გამოვთიშოთ ეს სახელმწიფო და ავიღოთ რამდენიმე ჩვენი მეზობელი ქვეყნის გუნდები. დამერწმუნეთ, ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს და ისევ გაბრწყინდება საქართველოში ფეხბურთი.

კიდევ უამრავი საკითხი აქვს ბატონ იურის სახელმძღვანელოში დასმული. იქვე გადაჭრის გზებიც ნაპოვნი აქვს. წიგნის დაფინანსებას, ფეხბურთელი კახი კალაძის მამა კარლო კალაძე შეჰპირდა. როგორც გვითხრა, ტირაჟი, შესაძლოა, 1000-მდეც ავიდეს. ყველაფერი თანხაზეა დამოკიდებული.

დილიდან გვიან საღამომდე წიგნზე მუშაობას ანდომებს, სპორტის ეს სახეობა იმდენად უყვარს, რომ, სირთულის მიუხედავად, 76 წლის კაცმა ცდა არ დააკლო და უამრავი ინფორმაცია მოიპოვა დასავლეთ საქართველოს 42 ქალაქიდან და რაიონიდან იმისათვის, რომ წიგნი მკითხველისთვის სრულყოფილი და ამომწურავი ყოფილიყო. მუშაობა 4 წლის წინ დაიწყო და სულ მალე დაასრულებს.

- როცა სურათების მოძიება დავიწყე, მაშინ მხცოვანი ადამიანები მეკითხებოდნენ: ჩვენ თუ მოვესწრებით ამ წიგნის გამოსვლასო? ალბათ ზოგიერთი მათგანი მართლაც აღარ იქნება ამ წუთისოფელში, იმდენად ღრმად მოხუცები იყვნენ, თუმცა იმათი შვილები ხომ წაიკითხავენ.

ჯერ ეს დაწყებული საქმე მინდა დავასრულო. შემდეგში კი ღმერთის შემწეობით კიდევ ვაპირებ სხვა სახელმძღვანელოზე მუშაობას.

 

*** 

დასაწყისში იმდენი ვილაპარაკეთ ფეხბურთის თემაზე, იური გელოვანის მთავარ სიყვარულზე  - ქართულ ხალხურ სიმღერაზე - ჯერ არაფერი გვითქვამს. პროფესიით რუსული ენის სპეციალისტია. თუმცა პედაგოგიური საქმიანობას სიმღერისთვის ხელი არასდროს შეუშლია. ბატონი იური თავის უფროს მეგობრებთან ერთად ხშირად მღეროდა. მღეროდნენ ყველგან - შინ, სანაცნობო წრეში, ზოგჯერ უცნობებთანაც. შემდგომში იდეა გაუჩნდათ - შეექმნათ ანსამბლი და თავიანთი საყვარელი საქმე ბევრად უფრო ქმედითუნარიანი გაეხადათ.

ცნობილ ლოტბარ ბენიამინ (ბენია) მიქაძის ინიციატივით, 1978 წელს ფოლკლორული ანსამბლი „სანავარდო“ შეიქმნა. ანსამბლის დაარსებიდან მოკლე დროში სამი ფირფიტა ჩაწერეს, სიმღერები ძალიან სწრაფად იყიდებოდა და მსმენელთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა. შედეგი მოლოდინს აჭარბებდა. ხალხის სიყვარულს, იმერეთის გარდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშიც გრძნობდნენ.

- ბენიასთან ერთად პირველ ხმაში ვმღეროდით. ბენიას მართლაც საოცრად ჰარმონიული ხმა ჰქონდა. ჩვენი სიმღერის შესრულებაც და მოსმენაც ერთი დიდი სიამოვნება იყო. ანსამბლში მე ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი. მართლაც ძალიან ბევრი გვისმენდა და უყვარდათ ჩვენი სიმღერები. ვმღეროდით: ბენია მიქაძე, ისააკ შუბლაძე, ალექსნადრე ერქვანიძე, გიორგი დოლიძე, იონა სტურუა, კალისტრატე ტორონჯაძე, პავლე ხუჭუა, სერგო სტურუა, შაქრო კვანტალიანი, ვლადიმერ ჩაჩუა და მე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სამტრედიაში შევქმენით ძალიან კარგი ანსამბლი, საოცარი ხმების შერწყმა იყო, ხავერდოვანი, ბულბულის გალობასავით ჟღერდა.

სიმღერის გარდა, ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულებაც აკავშირებდათ. მოსაგონარი ბევრია. წარსულის გახსენების დროს ბატონ იურის თვალები ცრემლებით ევსება.

შობის დღესასწაულზე „ალილოზე“ დადიოდნენ. მაშინ, კომუნიზმის და ათეიზმის მძვინვარების დროს, ბატონ ბენიას გუნდის წევრებისთვის უთქვამს: მოდით,   ერთი,   გავაგებინოთ   კომუნისტებს, „ალილო“ რა არისო. ასეც მოიქცნენ. ჯერ სამტრედიის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარის ოჯახში იმღერეს, შემდეგ მის მოადგილესთან და ასე გრძელდებოდა ზოგჯერ ძველით ახალი წლის დასრულებამდე.

- როცა რომელიმე მეგობრის ოჯახში მივიდოდით და ეზოში შემოგვხვდებოდნენ, ჩვენ „ალილოთი“ მივესალმებოდით. იმ დროის გახსენებას მართლაც არაფერი სჯობს. მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლობა აბუჩად იყო აგდებული, ხალხს ერთმანეთის სიყვარული, რიდი და პატივისცემა შემორჩენოდათ. დღეს კი, ტელევიზორს რომ ჩართავ, ინფორმაცია მხოლოდ მკვლელობით იწყება. ისედაც ცოტანი ვართ და კიდევ ამოწყვეტა რაღად გვინდა!

... ნატრობს, ისეთი დრო დამდგარიყოს, სადაც „ბოროტსა სძლია კეთილმან“ ასრულდება და არა - პირიქით, როგორც დღეს ხდება. სამშობლო განსაკუთრებით უყვარს. ყოველი წინადადების შემდეგ ცრემლმორეული ამბობს: გვიყვარდეს ერთმანეთი და მოვეფეროთ ჩვენს ქვეყანასო. ბენიამინ მიქაძის გარდაცვალების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. გუნდის ხელმძღვანელობა იური გელოვანმა ითავა. ამბობს, რომ ბენია შეუცვლელი იყო, თუმცა დატოვებული საქმე სიყვარულითა და შრომის მოყვარეობით გააგრძელა. - დღეისათვის „სანავარდოს“ წევრებიდან მხოლოდ სამნი დავრჩით. დანარჩენები გარდაცვლილები არიან. გული ძალიან მწყდება, მათი საქმიანობა ნელ-ნელა დავიწყებას რომ მიეცა.

რამდენიმე წლის წინ სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში 7-8 კაციანი გუნდი ჩამოვაყალიბე, სიმბოლურად, მასაც „სანავარდო“ დავარქვი. სამწუხაროდ, მალე დაიშალა. ადგილობრივი ხელისუფლებიდან ცოტა ყურადღება მაინც რომ ყოფილიყო, გუნდის შენარჩუნებას მოვახერხებდი. შემდეგ, ისევ ვაპირებ სიმღერის გუნდის შექმნას. აუცილებლად შემოვივლი სხვადასხვა სოფლებს და ვიპოვი ნიჭიერ ახალგაზრდებს. იმედი მაქვს, რაიონის ადგილობრივი ხელისუფლება დაგვეხმარება. ნიჭი არ უნდა დაიკარგოს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1683
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია