დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გოგონა ვალერიან შიუკაშვილისებრ პიანისტობაზე ოცნებობს
2011/12/26 13:13:24

ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის №3 სამუსიკო სკოლას,საკმაოდ ბევრი წარმატებული შემოქმედი ჰყავს აღზრდილი. დღევანდელ თაობაში გამოირჩევა ორი ნიჭიერი გოგონა, რომლებიც, მიუხედავად თავიანთი წარმატებისა, ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მანამდე არასოდეს მოხვედრილან. გაზეთი „P.S.“ მათ პირველად გაგაცნობთ.

 

მარიამ და ანი კოპალეიშვილები სამტრედიაში დაიბადნენ და დღემდე იქიდან დადიან სამუსიკო სკოლაში. მუსიკალური ნიჭი პატარაობიდანვე გამოამჟღავნეს.

„მარიამი 2-3 წლის იყო, როდესაც ფორტეპიანოზე საჩვენებელი თითით აწყობდა მელოდიებს. ამან გადამაწყვეტინა, რომ იგი სამუსიკო სკოლაში მიმეყვანა. მასთან ერთად - ანიც.“- გვიამბო გოგონების დედამ, ქალბატონმა ინგამ.

მარიამი სამუსიკო სკოლის დამამთავრებელ კლასშია. თავისი ნიჭით და მუსიკალური ტექნიკის ფლობით აღფრთოვანებაში მოჰყავს მსმენელი. უამრავი სიგელი თუ ლაურეატობის დიპლომი აქვს და წინ კიდევ მრავალ წარმატებას გეგმავს.

„ამ დროისათვის ჩემს ყველაზე დიდ წარმატებად ვალერიან შიუკაშვილის პრიზს ვთვლი, რომელიც IV კლასში, ქართული ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის ავიღე. პრიზი მოიცავდა ფულად ჯილდოს. ასევე მაქვს რესპუბლიკური ფესტივალის „იპოვე შენი ვარსკვლავი“- ლაურეატის წოდება. არაერთხელ ავიღე საყმაწვილო დელფიადაზე გრანპრი - 2007, 2008, 2009, 2010 წლებში.“ - გვითხრა მარიამმა.

ბავშვები ასევე შესანიშნავად მღერიან ქართულ სიმღერებს. სამუსიკო სკოლის იმ გუნდის წევრები არიან, რომელმაც „ვარსკვლავის“ წოდება მოიპოვა 2011 წელს. გოგონების პედაგოგი, ღვაწლმოსილი და ქალაქის საზოგადოებაში კარგად ცნობილი ქალბატონი ლავალეტა ფორჩხიძე, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს:

„თავიანთი ნიჭისა და მასწავლებლის ძალისხმევით აღწევენ წარმატებებს, თუმცა მუსიკოსისათვის შეუფერებელ გარემოში უწევთ ცხოვრება. შორი გზიდან ადვილი არაა, იარო ყოველდღე, პიანისტობა კი დიდ შრომას მოითხოვს. ეს ბავშვები გენეტიკურად ნიჭიერები არიან, მარიამს განსაკუთრებულად უჟღერს ბგერა. მუსიკას ორი მიმართულება აქვს: ტექნიკური და მუსიკალური, მთავარია, როგორ ააჟღერებ ბგერას, თორემ ტექნიკის დახვეწა ბევრი შრომითაც მიიღწევა. ეს ჟღერადობა კი მარიამის ბგერას ბუნებრივად აქვს და ეს არ უნდა დაიკარგოს. ფორტეპიანო უსულო, მაგრამ უნიკალური ინსტრუმენტია. მისი საშუალებით სულიერება ისე უნდა შეერწყას ამ უსულო საგანს, რომ გაკეთილშობილდეს.“

ქალბატონ ლავალეტას, როგორც შესანიშნავი პედაგოგის წარმატება იმაში გამოიხატება, რომ მისი მოსწავლეები პროფესორების მოსწავლეთა გვერდით გამოდიან და ყოველთვის ბრწყინვალედ. „ის შრომა, რასაც თითოეულ ბავშვში ვდებ, უკან მიბრუნდება მათი წარმატების სახით. იმ სასიამოვნო წუთებად ღირს ის წვალება, რასაც საბოლოო მოსმენისას ვიღებთ.“

მარიამს დიდი გეგმები აქვს: „სამომავლოდ ვაპირებ მუსიკალურ ტექნიკუმში სწავლის გაგრძელებას. მინდა გავხდე წარმატებული მუსიკოსი, ისეთი, როგორიც ვალერიან შიუკაშვილია. ჩემი ოცნებაა მასთან ერთად ნაწარმოების შესრულება.“

როგორც სკოლის დირექტორმა ნანი ბოჭორიშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ბავშვების წარმატებები ამით არ მთავრდება, წინ კიდევ ბევრი კონკურსი აქვთ გადასალახი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1927
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია