დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წვიმას მოვპარე წვეთები...
2011/12/19 12:48:17

გამარჯობა, ლევან! გაზეთის ამ გვერდს რომ გადაშლი, ვიცით, გაოცებისაგან შუბლზე აგიცვივდება თვალები, რადგან ლექსები, რომელთაც მთელ სამყაროს უმალავ, დღეიდან უკვე „გასხვისებულია“.

 

ეს სტრიქონები მცირეზე მცირეა იმათგან, შენ რომ ოდესმე დაგიხევია და დაგინაკუწებია. ჩვევა გქონია ასეთი: წერ და ხევ, ან მალავ. 

ჰოდა, ჩვენ, შენმა „P.S.“-ელმა მეგობრებმა, პოეტი-ჟურნალისტის ეს  გულწრფელი, დაუმუშავებელი სტროფები სწორედ იქ ჩავსვით, სადაც შენი ერთ-ერთი საგაზეთო სტატია უნდა განთავსებულიყო. 

რატომ? 

უბრალოდ, გვინდოდა, მკითხველსა და რესპონდენტებს სცოდნოდათ: ის მაღალი, სიმპათიური ბიჭი, დიქტოფონითა თუ წიგნაკით ხელში რომ გვსტუმრობს ხოლმე, ფიქრიანი პოეტია: უყვარს, გრძნობს და განიცდის იმას, რასაც სიცოცხლე ჰქვია. 

კეთილი იყოს ,ლევან, შენი პოეტური დებიუტი ჩვენს გაზეთში.

 

წვიმას მოვპარე წვეთები...

წვიმას მოვპარე წვეთები,

ქვიშა მოვპარე ზღვას,

უკუნეთს სხივად ვენთები,

სითბოს ვაჩუქებ სხვას.

ვხედავ და მაინც ვედები

ნათელს, რომელიც მწვავს,

და მერე შევევედრები,

არ დაუჩქაროს წამს!

საათსაც უკან ვაბრუნებ,

წარსულად შევქმნი დროს,

სამყაროს გადავაბრუნებ,

ავურევ თავგზას ბრბოს.

მარტოობაში გავმეფდები,

ხალხში ვამეფებ ფიქრს,

ირონიასაც დავნებდები

და მზეს ვაკვლევინებ ფიფქს.

ახლა უჩვეულოდ წერაზე ვარ,

ამ წუთს ჩვეულებრივს ვშლი,

დროშიც დედამიწის მწვერვალზე ვარ

და ღერძს ჩემებურად ვხრი.

 

 

ჩვენი ნახატი

თითებით მოვხატე დრო, მიწიდან ზეცამდე,

თვალებით მივეცი ქვეყანას ფერები,

ჰაერი გამჭვირვალე ფერებში ვეცადე.

დამეხატა და ვიმტვრიე ხელები.

ვდღაბნი და წავშლი, ვდღაბნი და წავშლი,

გრძნობების ქაოსი შავ-თეთრად აიჭრა,

მე ჩემი გულის ფერს მიწაზე გავშლი

და ცას დავანახებ, რომ ჩემთან ჩაიჭრა.

მე სხვანაირი მხატვარი მქვია,

მუზა არ მინდა, რის შრიალიც მყოფნის,

ცოტა გრძნობა და ვნებაც იქვეა,

ჩემს ნახატს ჩვენი ფიქრები ჰყოფნის.

მარტო მე და შენ და ნახატი ჩვენი,

მარტო ჩვენ ორნი, ფერების ზღვაში,

შუა ტალღებზე მოტივტივე       შავ-თეთრი გემი

და თეთრი მტრედი აფრენილი ნაცრისფერ ცაში.

 

მე რომ დავიბადე 

მე რომ დავიბადე, ციდან

ცრემლი მოსდიოდათ ღრუბლებს,

იმ ცხელი ივლისის დღიდან

ამინდი ხშირად ურევს.

მე რომ ვიზრდებოდი ჩემთვის,

მეალერსებოდა სევდა,

იმ წლებს მარტოობა ერთვის,

და დრო ისტორიას რეკდა.

მე რომ დავიბადე, მაშინ

მამა ზეიმობდა სხვებთან,

თოფის ხმა ისმოდა ქარში,

დედა მარტოობდა ჩემთან.

ჩემს სუნთქვას უსმენდა სულ და

ღამით არ ეძინა ფიქრით,

ჩემი გულში ჩაკვრა სურდა,

სხვა არ ანაღვლებდა იქით.

და როს გავიზარდე დიდი,

მამკო მზის სხივებით ხალხმა,

სხივებში ტალახს ვთვლიდი

და ლაფში რაღაც ჩამრჩა.

და სულ იმ ადგილს ვტკეპნი,

ვიდრე შუა ივლისი მოვა,

ვიდრე მოიმატებს წლები,

ვიდრე დამაფიფქავს თოვა.

უკვე ოცდაერთი ვთვალე,

ერთი დღეც ემატება ათვლას,

დამიმარტოხელებს ღამე,

და დღის ვეღარ ვასწრებ დათვლას.

 

დარჩი ჩემთან! 

სიგარეტის კვამლი მახრჩობს,

ვდარდობ, გნატრობ და ვეწევი,

ცეცხლი ქაღალდს ისე ახრჩობს,

მის სისწრაფეს ვერ  ვეწევი.

ისევ გაილეშა ღამე,

ისევ არაყი და ღვინო,

არ გაჩერდე, მომიყევი რამე,

არ იფიქრო, რომ დღეს მაწყენინო.

შენი ცრემლი მედარდება, იცი,

და ღიმილი მაგრძნობინებს სითბოს,

გამიცინებ, არ იტირებ, ვიცი,

და ქალურ გესლს არ შეურევ სიტკბოს.

მხოლოდ ერთხელ, ამ დღეს მინდა, შენთვის,

ლექსი მოვყვე და ვიმღერო დიდხანს,

მთვარე უკრავს როიალზე ჩვენთვის

და ლოთები შესევიან დუქანს.

მე შენთან ვარ, მე არ ვდგები რიგში,

მე მთვრალი ვარ შენთან ყოფნით, მეყო,

სიგარეტის კვამლი მახრჩობს ფიქრში,

დარჩი ჩემთან, ნუ თამაშობ, გეყო!!!

 

ხედი ჩემი სასაფლაოდან

მოყვითალო ფოთლებს მივაბიჯებ ბილიკად,

ხის ბოლოში წვეროს ალივლივებს სხივი,

ახლა მოგონებები ქაოსდება ლირიკად,

იხურება კაშკაშა ჭორიკანა სკივრი.

ეს მზე ისე მომყვება, მიმაცილებს, მგონია,

მთვარეს არ დავავიწყდი, უკან მომდევს რკალად,

რაღაც სხვანაირად ვარ, თავსსიმშვიდის ომია,

გულზე წვიმის წვეთები ამომივა კალად.

მარტო ვარ და თან არა, სიმარტოვე შორია,

სასაფლაოს ეზოში ნამი ზეცის ფერია,

მეცოდება მიწისთვის, მოთრეული ჭორია,

სხვისი უბედურებით კმაყოფილიც ბევრია.

მენანება არავინ, მე წავალ და იცხოვრონ,

წავალ, მათთან ვიქნები, თუ მომეცა უფლება,

მიწის ბედნიერებით ზეცად უნდა იცხონონ,

და ამ გულით სიხარულს ცრემლი დაეუფლება.

სხვანაირი ხედია სასაფლაოს ეზოდან -

ჩემთვის სტუმრად მოდიან, მოსჩანს გზაზედ ორია,

სხვანაირი ცის კარი იღიმება ზემოდან,

მიწაში ვარ და ცამდე, რთული გზა და შორია.

ისევ ახმაურდება ჩემი ქუჩა პატარა,

მე კი ისევ ვუღიმი თვალცრემლიან წინმდგომებს,

ცოტახანში კვლავ მიჭირს მარ ტოობის ატანა,

სასაფლაოს ეზოში, სახლში ყველა მიგონებს.

სხვანაირი ხედია სასაფლაოს ეზოდან,

ახლა ჩემი აკვანი სულ თავიდან ირწევა,

ვიღაც ქალი შავებში, თბილ გულს მადებს ზემოდან,

მე კი ამ დროს ვთბები და კვლავ სიცოცხლე მინდება.

 

მარტოობასთან მარტო... 

ლამაზად შეუფუთავთ ფილმის ეს ეპიზოდი,

კადრები ამოჭერით დროზე!!!

არ მინდა სიცოცხლე, წამმზომი ჩამირთეთ!

გადამიყვანეთ დანიშნულ დროზე!

გააღეთ ფანჯარა, სული მეხუთება,

დატოვეთ ოთახი! ჰაერი არ ყოფნის!

სიცოცხლე ჩემს სხეულს ჩაეკრა, ეხუტება,

ამდენი რომ მაწამა, თითქოსდა, არ ჰყოფნის.

ფარდა გადასწიეთ, ცას მინდა ვუყურო,

როგორ შეერევა ღრუბლები სილურჯეს,

მშიშარა თვალებით მეორედ არ მიყურო,

ნახე!? ნათელი ერევა სიმუქეს.

დაკეტე ეს ფანჯარა, დახურე, აღარ მინდა,

ჩამოაფარე ფარდები, ჩააბნელე!

თავს რად დამტირი, შენ მაინც რაღა გინდა,

წადი! შემეშვი! თავი დამანებე!

დახურე კარები, მე აღრ მჭირდები,

სიკეთემ რა გვიჩვენა, ან თუნდაც - ამ მტრობამ,

შენ ჯერ მიწაზე ხარ, ცად ნუ აფრინდები,

ხედავ? გადაგვთელა სამყაროს დოგმამ.

წავიდა მარტოობა და მარტო დამტოვა,

დამღალა სიჩუმით, აღარ გავაჩერე,

წავიდა, მაგრამ უსიტყვობის სიტყვები დატოვა,

მაინც დავბრუნდებიო და ვეღარ შევჩერე.

 

იყვირე!

იყვირე! ჩუმად ნუ იტყვი ამ სიტყვებს,

სიტყვებად გაშალე საზღვარი ჩვენს შორის,

იყვირე! ბგერებად: დო, რე, მი, ფა სოლ, ლა, სი,

ვიდრე ცა ბნელ მიწას წვიმის წვეთს ესროლის.

იყვირე სიმღერად და ლექსად იყვირე,

დღე იყვირე და იყვირე შუა ღამეს,

იყვირე! ვიდრე მამალი იყივლებს,

ვიდრე გაყიდვას იუდა გახარებს.

თქვი შენი სიტყვა, თქვი და შეეშვი,

თქვი, რომ ამ ქვეყნად სიმართლე ერთია,

სიჩუმის წიაღში სიმართლე შეუშვი,

მიწაზე შენა ხარ, მაღლა ცად -    ღმერთია.

იყვირე! რადგანაც დაგლიჯეს ქვეყანა,

სხვის ცუდში სიხარულს პოვებენ ეულად,

იყვირე! ხომ ნახე, მიწა კაცს ეყარა,

ნუ დათმობ! იყვირე ბნელში მზედ ქცეულად.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1694
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია