დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი „სეფას ბიჭის“ მუსიკალური ცხოვრება
2011/12/12 12:18:37

24 წლის ირაკლი ალფაიძე ქუთაისელია, თუმცა უკვე წლებია, თბილისში გადავიდა და თავისი მუსიკალური კარიერა იქ ააწყო. დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დედა მუსიკოსი ჰყავს, რამაც განაპირობა მუსიკასთან მისი ურთიერთობა. დუეტები ცნობილ ადამიანებთან, „სეფას ბიჭების“ ყველასათვის ნაცნობი სიმღერები ეს ის მცირე ჩამონათვალია, სადაც ქუთაისელი ირაკლი თავისი ჟღერადი ტემბრით გამოირჩეოდა. ჩვენ რამდენიმე კითხვა დავუსვით ირაკლი ალფაიძეს, რათა გაგვეგო, თუ როგორ მიდის მისი მუსიკალური ცხოვრება.

- ირაკლი, როდის დაიწყე სიმღერა? 

- ნამდვილად არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი, სიმღერა რომ დავიწყე, მაგრამ როგორც ამბობენ, 2, 3 წლიდან ვმღერი. თავიდან არ მიყვარდა და ძალით მამღერებდა დედაჩემი. დედა მუსიკოსია და ამიტომ მისი ხათრით იძულებული ვიყავი, რომ მემღერა. შემდეგ, როცა გავიზარდე, მუსიკის გარეშე ერთი დღეც არ შემეძლო.

- პირველი სიმღერა თუ გახსოვს, რომლითაც ქუთაისმა გაგიცნო?

- პირველი სიმღერა არა, მაგრამ მახსოვს, პირველად რომ დიდ სცენაზე დავდექი. მაშინ ვიყავი 5 წლის. ეს იყო ქუთაისის მოედანზე - საახალწლო კონცერტი ტარდებოდა ღია ცის ქვეშ. შემდეგ ასაკთან ერთად მემატებოდა გამოცდილება, უამრავი კონცერტი მოჰყვა პირველ გამოსვლას. იყო ასეთი სტუდია - „კონსტანტ-რეკორდი“ მისი ხელმძღვანელი იყო კოტე მალანია. სწორედ კოტეს მიერ დაწერილ სიმღერებს ვასრულებდი. სხვათაშორის, ამ სტუდიის აღზრდილი ბევრი მომღერალი აგრძელებს წარმატებულ კარიერას.

- როგორ მოხვდი „სეფას ბიჭებში“?

-რაც შეეხება „სეფას ბიჭებში“ ჩემს მისვლას, ეს მოხდა 2003 წელს. კოტე მალანიას უკვე თბილისში ჰქონდა თავისი სტუდია გადმოტანილი, კერძოდ - გრიბოედოვის თეატრში და სწორედ ამ სტუდიაში შევხვდი ბიჭებს. შემდეგ კოტემ ითავა ჩვენი ხელმძღვანელობა, ერთად შევუდექით მუშაობას. მერე ჩავწერეთ პირველი სიმღერა, ბატონ ნუგზარ ერგემლიძეს ჰქონდა სოლო კონცერტი ფილარმონიაში და იქ სხვადასხვა მომღერალს უნდა ემღერა მისი სიმღერები. ნუგზარმა კონცერტზე მიგვიწვია და გვთხოვა, ერთი მისი სიმღერა შეგვესრულებინა. აი, ასე შედგა ჩვენი პირველი სიმღერა და კონცერტი.

- თქვენი რომელი სიმღერა შეიყვარა ყველაზე მეტად მსმენელმა?

- რაც შეეხება სიმღერას, რომელმაც ჩვენ პოპულარულები გაგვხადა, იყო „სოხუმი“. ეს სიმღერა ვიმღერეთ თუ არა, მეორე დღეს უკვე ყველა ამ სიმღერაზე ლაპარაკობდა. თუმცა მანამდე, ცოტა ადრე, გამოვუშვით „ჟანეტი“ და, ვფიქრობ, მანაც თავისი საქმე გააკეთა. იმ პერიოდში რადიო ჩარტებში „ჟანეტი“ ხუთეულიდან არ ჩამოსულა. და რადიო „არ დაიდარდომ“ 2005-2006 წლებში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სიმღერად დაასახელა.

- „სეფას ბიჭები“ როგორც ვიცი, დაიშალა, რა იყო ამის მიზეზი?

- არა „სეფას ბიჭები“ არ დაშლილა, უბრალოდ, მე წამოვედი. რაც შეეხება მიზეზს, ეს იყო დროის უქონლობა. ოჯახი შევქმენი, ჩემი სამსახური მაქვს და აღარ მქონდა რეპეტიციების დრო.

- თქვენს სიმღერას „სოხუმი“ ინტერნეტსივრცეში 100 000-მდე მნახველი ჰყავს, როგორ ფიქრობ, ეს სიმღერა გახდა თქვენი წარმატების ფორმულა?

- როგორც აღვნიშნე, „სოხუმმა“ ძალიან დიდი პოპულარობა მოგვიტანა. სხვათაშორის, ეკა ხოფერიამ თავის წინა გადაცემაში გააჟღერა ეს სიმღერა და დააფიქსირა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე დღემდე ყველაზე პოპულარულ სიმღერად სწორედ ჩვენი „სოხუმი“ ითვლება. ჩვენი რეპერტუარიდან ყველა სიმღერა მიყვარს, მაგრამ მაინც გამოვარჩევ ერთს - ამ სიმღერას ჰქვია „შემოდგომა“. სხვათაშორის, კლიპიც გვაქვს ამ სიმღერაზე გადაღებული და ჩვენმა მსმენელმა კარგად იცის ეს სიმღერა.

როდესაც ჩვენი ალბომი გამოვიდა, ერთ საათში ზუსტად 300 ცალი გაიყიდა. ალბომი სტუდია „თბილისმა“ გამოუშვა და თვითონაც გაუკვირდათ, ისე სწრაფად გაიყიდა მთელი ტირაჟი. საჭირო გახდა მეორე პარტიის გაშვება, რომ ბაზარი დაგვეკმაყოფილებინა. ასე რომ, ინტერესი დიდი იყო. იყვნენ და არიან ადამიანები, ვისაც „სეფას ბიჭები“ უყვარდა და არიან ადამიანები, რომლებიც ახლაც გვწერენ და ითხოვენ ახალი სიმღერების გამოშვებას. გარკვეული პერიოდი ჩვენ მოსკოვში ვმუშაობდით და იქაც საკმაო რაოდენობის გულშემატკივრები დავტოვეთ. იქ პოლიტიკურმა არასტაბილურობამ შეგვიშალა ხელი და იძულებული გავხდით, მოსკოვი დაგვეტოვებინა.

- ვიცი, გაქვს სიმღერები, რომელთაც მარტო ასრულებ, ასევე დუეტები ცნობილ ადამიანებთან, კონკრეტულად კი - ყველასათვის ცნობილ და საყვარელ მსახიობთან და პოეტთან, ნიკო გომელაურთან. მოგვიყევი, როგორ იწერებოდა ეს სიმღერა.

- პროფესიონალურ დონეზე ჩაწერილი სოლო სიმღერა მაქვს მხოლოდ ერთი. ამ სიმღერის ავტორი კოტეა. ასევე მაქვს ორი დუეტი დათო გომართელთან და ნიკო გომელაურთან. დათოსთან დუეტს, მაყურებელი და მსმენელი უკვე იცნობს, ამ სიმღერაზე კლიპიც არის გადაღებული და ტელევიზორშიც გადიოდა. რაც შეეხება ნიკოსთან დუეტს, ამ სიმღერაზე კლიპის გადაღება ვერ მოვასწარით, სამწუხაროდ, ნიკო გარდაიცვალა სიმღერის ჩაწერიდან 2-3 კვირაში. ამ სიმღერის ჩაწერას გავიხსენებ და გეტყვი, რომ ნიკო მთლიანად ჩართული იყო პროცესში და სანამ არ მამღერა, ისე როგორც თვითონ უნდოდა, არ მომეშვა. როგორც ყველამ იცით, ნიკო პროფესიით მსახიობი იყო და უნდოდა, მაქსიმალურად ხასიათში ყოფილიყო ნამღერი. რაც მთავარია, ეს სიმღერა ჩაიწერა და „ნანუკას შოუს“ მაყურებელს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მოესმინა, ნანუკას გადაცემაში შედგა სიმღერის პრემიერა.

- მახსოვს, ევროვიზიის შესარჩევ ტურში მონაწილეობდით, თეატრალურის ბიჭებთან ერთად მღეროდი, მხოლოდ თქვენ გაგქონდათ ქართული სიმღერა.

- ევროვიზიის ჯგუფი შეიქმნა მხოლოდ მაგ პროექტისათვის, ეს იყო ექსპერიმენტალური ოთხეული, სადაც ჩემს გარდა იყვნენ თეატრალური კვარტეტიდან ოთო კოვზირიძე და ირაკლი აბჟანდაძე, რაც შეეხება მეოთხეს, ეს იყო ბორის ბედია. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი იქ გავაკეთეთ და, ვფიქრობ, ძალიან კარგადაც. დაუზოგავად ვიშრომეთ 2 თვის განმავლობაში, რომ ღირსეულად გამოვსულიყავით. 4-5 საათი და ხანდახან უფრო მეტიც გვიწევდა ყოველდღიური მუშაობა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა და სერბეთში ფინალზე დიანა ღურწკაია გავიდა. სხვათაშორის, ბელგრადში მეც ვიყავი წასული დიანას საგულშემატკივროდ.

- მომავალში რა გეგმები გაქვს, ხომ არ აპირებ კლიპის გადაღებას?

- არის რამდენიმე ძალიან სერიოზული პროექტი, რომელიც ახლო მომავალში აუცილებლად განხორციელდება და მაყურებელი იხილავს. უფრო კონკრეტულად არ ვილაპარაკებ ჯერჯერობით.

- როგორ ფიქრობ, გემოვნებიანი მუსიკა ჟღერს დღეს ქართულ ბაზარზე?

- სამწუხაროდ, გემოვნებიანი მუსიკა ქართულ რეალობაში ძალიან პატარა დოზით იქმნება. ამის მიზეზი მარტივია - არ იყიდება. ამიტომაც, სამწუხაროდ რადიოსა თუ ტელევიზიაში ჭარბობს დაბალი დონის მუსიკა. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და სერიოზული მიხედვა უნდა. უნდა დაფინანსდნენ ის ადამიანები, ვინც რეალურად ჩამოყალიბებული მომღერლები და კომპოზიტორები არიან, უნდა მიეცეთ მათ მოტივაცია, რომ აკეთონ თავიანთი საქმე. ამ ყველაფერს სპონსორები სჭირდება. სპონსორი კი ძალიან რთული მოსაპოვებელია საქართველოში. თუმცა არიან ადამიანები, ვინც ხარისხიან და კარგ მუსიკას ქმნიან და დიდ წარმატებას ვუსურვებ მათ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1994
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია