დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დიალოგი ბუნებასთან
2011/12/05 12:01:06

წყალტუბოს რაიონში იშვიათია ადგილი, გელა ხუნწარიძეს ძირფესვიანად რომ არ ჰქონდეს შემოვლილი და შესწავლილი. განგებამ ის გამორჩეული მადლით დააჯილდოვა - ბუნებასთან უწყვეტი, ხალასი და ცოცხალი დიალოგის ნიჭით. ამის გამოისობითაა, რომ ბატონი გელა ძნელად მოსახელთებელია თავისი ახლობლებისთვისაც კი - დროის უდიდეს ნაწილს, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ბუნებასთან მეგობრობას უთმობს.

 

ბედნიერი შემთხვევითობაა თუ უფლის წყალობა, რომ ბატონ გელას ნატიფი გემოვნება და განსაკუთრებული მხატვრული ხედვა გააჩნია. ეს მას საშუალებას აძლევს, სხვებისათვის მიუწვდომელი, უხილავი შეამჩნიოს, - ლოდი, ხის ტოტი, ფესვი, თუ კუნძი ხელოვნების ნიმუშად აქციოს.

წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს თუ ეწვევით, შესვლისთანავე შეამჩნევთ ძელქვის ფესვებისგან ნაკეთებ ვეებერთელა ლარნაკს, რომელიც, თავის მხრივ, ლარნაკების ნაკრებ დიდ, უცხო თაიგულს წარმოადგენს (სიმაღლე 61 სმ, გარშემოწერილობა - 264 სმ, დიამეტრი 103 სმ). ამ მცირე ლარნაკთაგან ზოგი ირემს ჰგავს, ზოგი - დინოზავრს, ზოგიც - ფრინველს (გააჩნია, ვინ როგორ დაინახავს ფიგურებს). ეს მართლაც საოცარი ქმნილებაა, რომელიც მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას სტოვებს.

გამჭრიახ თვალთან ერთად ბატონ გელას გამრჯე და მოქნილი მარჯვენაც მოსდევს. ერთია ბუნების ლამაზი თვითმყოფადი ქმნილების შენიშვნა-აღმოჩენა, მეორეა - მისი მოტანა, დამუშავება და ხელოვნების ნიმუშად გარდასახვა. განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ეს ყველაფერი ისე კეთდება, ოდნავადაც არ ზარალდება დედა-ბუნება. „როცა ეძებ კლდეებზე, მთებში, გამუდმებით უნდა ფიქრობდე ვაჟაზე, გალაკტიონზე, აკაკიზე... ეს გეხმარება სილამაზის ძებნაში, წაკითხვაში, წვდომაში...“ - ამბობს ხელოვანი.

გელა ხუნწარიძემ თავისი ულამაზესი ნახელავით გული გაუხარა ნაცნობ-მეგობრებს. მათგან გამოვარჩევდით ერთს - ბატონ ოტია იოსელიანს, რომლის მისაღებ დარბაზს გელა ხუნწარიძის ხელქმნილი არაერთი ბრწყინვალე ნახელავი ამშვენებს სახსოვრისად. მათი მრავალწლიანი მეგობრობა ბუნების მიმართ უანგარო სიყვარულის ნიადაგზე აღმოცენდა.

ბატონი გელას სახელოსნოში მაღალმხატვრული ხელოვნების ბევრი ნიმუშია გამოფენილი, მათი ხილვა უდიდეს ესთეტიურ სიამოვნებას მიანიჭებს ბუნებრივი სილამაზის ყველა მოყვარულს, რომელთა რიცხვი არცთუ მცირეა.

 

ავთანდილ იოსელიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1830
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია