დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გეოგრაფიის გაკვეთილი ქუთათურებისათვის
2010/11/22 14:00:38

ქუთაისის რეაბილიტირებულ ცენტრს ოპერისა და ბალეტის თეატრის განახლებული შენობაც შეემატა. 16 ნოემბერს პრეზიდენტი სტუმრობდა ჩვენს ქალაქს.

მაღალჩინოსნებით შევსებულ ფიცარნაგზე (თუმცა „რუსთავი-2“-ის ვერსიას თუ ვენდობით, პრეზიდენტი მოსახლეობას შეხვდა), საქართველოს რუკის მეშვეობით (ალბათ - თვალსაჩინოებისთვის), თავად კი აღნიშნა, ეს გეოგრაფიის გაკვეთილი არ გეგონოთ, ქუთაისელებოო. მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა, და კვლავ მოვისმინეთ „ძველი სიმღერა“, რომ ეს სიდიდით მეორე ქალაქია, რომ მისი განვითარება პრიორიტეტია ქვეყნისთვის, რომ ბევრი რამ გაკეთდა და ბევრიც გასაკეთებელია მომავალში. თუ პრეზიდენტს ვენდობით, წინ გიგანტური ნაბიჯებით მივიწევთ...

გაიხსნა ოპერისა და ბალეტის თეატრის ფასადი, გარეთ მტერს „დაუფსო“ თვალები და შიგნით,  ალბათ, მოყვარესაც „დაუფსებდა“, მაგრამ სანახავად არავინ შეუშვეს: „ჯერ შიდა ინტერიერის რემონტი არ დასრულებულაო. საბოლოო სახით კი თეატრი 2011 წლის იანვარში წარსდგება საზოგადოების წინაშე. რეაბილიტაციისთვის 4 მილიონ 800 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა - შპს „დაგი“ ასრულებს, მაგრამ რამდენად ხარისხიანად, ეს სხვა მსჯელობის თემაა. პრეზიდენტი შეკრებილ საზოგადოებას რომ მიმართავდა და ჩვენს მიღწევებზე საუბრობდა, დაცვის თანამშრომლები განახლებული იერით თავმომწონე თეატრის ცენტრალური კარის გაღებას ამაოდ ცდილობდნენ - მათდა სავალალოდ, იგი სწორედ მაშინ გაიჭედა და არაფრისდიდებით არ გაიღო. ბევრი ვერ, ან არ შეამჩნევდა ამ დეტალს, მაგრამ ჟურნალისტებს რა გამოგვეპარება?!

პრეზიდენტმა ბევრ სხვა საკითხთან ერთად მთავრობის მუშაობის პრინციპებზეც ისაუბრა. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საკუთარი გუნდის მიმართ ხალხთან გამუდმებული დიალოგის წარმოებაა. მართალია, მუშაობის ამ სტილით პრეზიდენტი ამაყობს, მაგრამ მისი ვიზიტის დროს პრაქტიკაში გამოყენებისა - რა მოგახსენოთ: რიგითი მოქალაქეები შორიახლოს მოკრძალებთი იდგნენ, პოლიციელების მეთვალყურეობის ქვეშ, ჩინოვნიკები კი, რომლებიც ჩვენც და, შესაძლოა, პრეზიდენტსაც თვალებში ნაცარს გვაყრიან, მათთვის საგანგებოდ ჩამწკრივებულ სკამებზე ღირსეულად ისხდნენ. ვის ახსოვდა უბრალო ხალხი, რომელიც მთელი ნახევარი საათი ელოდა 3 საათიანი „კურიერის“ დაწყებას, რომ პირდაპირი ეთერი დათმობოდა პრეზიდენტს ჩვენი ქალაქის მიღწევებზე სასაუბროდ.

მანამ კი მიხეილ სააკაშვილმა თავის საპატიო ექსკორტთან ერთად თვალი გადაავლო, თუ როგორ დაიწყო მთავრობის სახლის მშენებლობა კონტროლის პალატისა და მომავალ პარლამენტს შორის არსებულ ტერიტორიაზე. პროექტის ავტორი ესპანელი არქიტექტორი ალბერტო დომინგო კამოა, მანვე შექმნა პარლამენტის შენობის გეგმაც. სამშენებლო სამუშაოებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს. ყურადღება გაამახვილეთ ერთ დეტალზე: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ მშენებლობის დროს, ძირითადად, ადგილობრივი წარმოების საშენი მასალა იქნება გამოყენებული. იმედია, დაპირება დაპირებად არ დარჩება, როგორც პარლამენტის შემთხვევაში მოხდა. ინფორმაცია იმაზე, საკანონმდებლო ორგანოს მშენებლობისას არ, თუ ვერ გამოიყენეს ადგილობრივი მასალები და მუშა ხელი, დახურულია საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის!

რაც შეეხება მთავრობის სახლს, აქ განთავსდება პრემიერმინისტრის კაბინეტი, დარბაზები სამთავრობო შეხვედრებისთვის და საოფისე ოთახები თანამშრომლებისთვის. მშენებლობას ქართული კომპანია „კავკასუს როდუ პროჯექტი“ ახორციელებს. სავარაუდოდ, ამ პროექტის მეშვეობით 150-მდე ადამიანი დასაქმდება და მშენებლობა 2011 წელს დასრულდება.

პრეზიდენტი მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სულ 5 წუთით დაყოვნდა და ოფიციალური კომენტარი იქ არ გაუკეთებია.

რაც შეეხება სათაფლიის მღვიმესა და ნაკრძალში პრეზიდენტის სტუმრობას, მეც იმდენივე ინფორმაციას ვფლობ, რასაც - თქვენ. ვინაიდან, ეს შეხვედრა ქუთაისის მასმედიის წარმომადგენელთათვის დახურული აღმოჩნდა. ფაქტს მხოლოდ ცენტრალური ტელევიზიების მიერ თბილისიდან გამოგზავნილი ჟურნალისტები აშუქებდნენ.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რომელიც ჟურნალისტების გადაადგილებას უზრუნველყოფს პრეზიდნეტის ვიზიტის დროს, არ განუმარტავს, რატომ აღმოვჩნდით ადგილობრივი კოლეგები დისკრიმინირებულ მდგომაროებაში.

ასეთი იყო პრეზიდენტის, „შეხვედრა“ ქუთაისელებთან, თუმცა ვინც ვერ მოასწარით მისთვის თვალი მოგეკრათ, ნუ იდარდებთ, იანვარი ახლოსაა. სრულიად რეაბილიტირებული ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნა ამ დროისთვის იგეგმება:

ჩვენს ქვეყანაში ხომ ერთი და იმავე შენობების ორჯერ ან სამჯერ გახსნის ტრადიცია დამკვიდრდა...

 

ნინო ბაქრაძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1434
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია